ფესტივალი თელავში წელს პირველად იმართება და კულტურათა და ტრადიციების შერწყმას ასახავს.
თელავის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო გამოფენები, პროფესიული და საზოგადოებრივი ვორკშოპები, დისკუსიები, მასტერკლასები, კონცერტები.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, “new ნადიმის” მთავარი მიზანია რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნება, მათი განვითარება, სამოქალაქო აქტივობის ამაღლება და ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონში მიმდინარე კულტურულ ცხოვრებაში, საექსპოზიციო სივრცეების ხელშეწყობა თელავის მუნიციპალიტეტში.
ფესტივალი 13 ოქტომბერს გაიხსნა და “ნადიკვარის პარკში” მისული საზოგადოება უკვე ბევრი ლამაზი ღონისძიების მომსწრე გახდა.
დღეს, 16 ოქტომბერს დაგეგმილია გოეთეს ინსტიტუტის საინფორმაციო სტენდის პრეზენტაცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პრეზენტაცია 11 საათზე დაიწყება, 12 საათზე კი გერმანული ენის ვორკშოპები გაიმართება. 14 საათზე სტუმრები კაფე “მარტელა”-ში გადაინაცვლებენ, სადაც მოეწყობა ქართულად ნათარგმნი გერმანული ფილმის “ფატი აკანის soul kitchen” ჩვენება. დღესვე 16 საათზე გივი მარგველაშვილის გამოფენა გაიხსნება, რომლის დათვალიერებაც მსურველებს 20 ოქტომბრამდე შეეძლებათ.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ბაკურ სულაკაურის და გია ქარჩხაძის გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნების გამოფენა-გაყიდვა. მკითხველს შესაძლებლობა ექნება შეხვდეს მწერლებს დათო ტურაშვილს და ნატო დავითაშვილს.
ფესტივალზე დიდი ყურადღება ეთმობათ ბავშვებს. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სტუდია “ტელევეზირი” სემინარს – “გაცოცხლებული ნახატები” ატარებს, რომლის თემაა – “ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ “ვეფხისტყაოსანს”.
ფესტივალის ფარგლებში 19-20 ოქტომბერს გაიმართება ტესქტილის, კერამიკის და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალი ამ ორ დღეს აგრეთვე უმასპინძლებს საქართველოს ეროვნული ტურიზმის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღვინისა და ყველის გამოფენა-გაყიდვას.
ჩატარდება კახური ხალხური მუსიკის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 17 კახური ხალხური ანსამბლი.
ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ 20 ოქტომბრამდე, ყოველ დღე ჩატარდება ალტერნატიული ტურები თელავსა და მის შემოგარენში. ტურების მიზანია საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის გაცნობა და ღირშესანიშნაობების დათვალიერება.
ფესტივალი ოფიციალურად 19 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება, სახალხო ღონისძიებები კი 20 ოქტომბრის 17 საათამდე გაგრძელდება.
თელავის ფესტივალის ინიციატორია ფონდი TRAM-ი. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.