კომისია ფინანსთა, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებისგან მოისმენს ინფორმაციას გაზიფიცირების, სარწყავი წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის შეშით მომარაგებისთვის დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.
“ძირითადად, სამი სამინისტრო წარმოადგენს ინფორმაციას და გეგმებს მათ მიერ განსახორციელებელ საქმიანობებთან დაკავშირებით. ენერგეტიკის სამინისტრო გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვაწვდის, სოფლის მეურნეობის სამინისტრო – სარწყავ არხებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს ინფორმაციას შეშით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე”, _ განაცხადა დროებითი სამთავრობო კომისიის თანათავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
კომისია, ასევე, იმსჯელებს მომდევნო პერიოდში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც. ხვალვე გახდება ცნობილი, თუ რა ფინანსური რესურსების მობილიზება იქნება საჭირო იმისათვის, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.
ხვალვე, კომისიის სხდომის შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორს შეხვდება და მასთან ერთად განიხილავს აღნიშნულ სოფლებში არსებულ ვითარებას. მინისტრი მიიღებს ინფორმაციას, თუ რა დახმარება შეიძლება აღმოუჩინოს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიამ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია, მთვარობის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბერს შეიქმნა. კომისიის მუშაობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელებენ. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროებისა და მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები შედიან.