“ჩვენ ამ პროცესებში დროებითი კომისიის შექმნამდე, მავთულხლართების მოწყობის მომენტიდან ვართ ჩართული, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ერთ-ერთი უწყება, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტი აქტივობით ჩავერთეთ. ყველა უწყებას საერთო საქმეში თავისი წვლილი შეაქვს. ჩვენი წვლილი კი მდგომარეობს იმაში, რომ საჯარო რეესტრმა მიიღოს გადაწყვეტილება, საზღვრისპირა სოფლებში, იქ სადაც მოსახლეობას დარეგისტრირებული არ აქვს საკუთარი მამაპაპისეული მიწები, სწრაფი ტემპით აღვრიცხოთ“ , _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საჯარო რეესტრი დაზარალებულ მოსახლეობას ყოველგვარი საფასურის გარეშე მომსახურება.
“ეს არის ამ ეტაპზე ჩვენი წვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ იმ ხალხს, ვისაც მცოცავ ოკუპაციასთან პირდაპირი შეხება აქვს და არის მსხვერპლი, მომავალში არ ექნება საკუთრების უფლება საკუთარ მიწაზე. ეს არის იმ თითოეული ქართველის მიწა, რომელიც იქ ცხოვრობს”, _ აღნიშნა წულუკიანმა.
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებისთვის დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა მიმიდინარე წლის პირველი ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა. კომისიის მუშაობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე მონაწილეობს. მისი ამოცანა გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა პრობლემების გადაჭრა და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაა. კომისიის მუშაობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვადასხვა უწყების − 20-მდე დაწესებულებისა და ორგანიზაციის − წარმომადგენლები არიან ჩართულნი.
დროებითი კომისიის მუშაობაში მონაწილეებმა კონფლიქტის ხაზზე მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებები და, ცალკეულ პრობლემებთან მიმართებით, საკუთარი უწყებების კომპეტენცია განსაზღვრეს. თითოეულმა სამინისტრომ წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ რისი გაკეთება შეუძლია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის მოკლევადიან პერიოდში.
კომისიის მუშაობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელობს.