ეკლესიის კურთხევას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო მოძღვარი (კაპელანი) და ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავითი, სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე, იმყოფებოდა ეკლესიის მრევლი. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა განახლებული საკურთხეველი და ტაძარში მყოფი პირები დალოცა.
ტაძრის კურთხევის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავდაცვის სამინისტროს ეზოში გადაინაცვლა, სადაც ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ყოფილი გალავნის ადგილას აღმართული ქვაჯვარი აკურთხა. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული. დღესვე, კათოლიკოს პატრიარქმა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა.
“საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღეს განსაკუთრებული დღეა. თავდაცვის სამინისტროში პატრიარქი მობრძანდა. აქვე გაიხსნა ქვაჯვარი, რომელიც მან ეკლესიასთან ერთად აკურთხა. ზუსტად ამ ადგილას, ტრაგიკული დღეების -გასაბჭოების დროს, დამოუკიდებელი ქართული არმიის ერთი ოფიცერი და ექვსი იუნკერი ოკუპანტებმა დახვრიტეს. ჩვენთვის ყველასთვის, ვინც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ვმუშაობთ, ეს მონუმენტი იქნება ის ადგილი, სადაც არცერთ შემთხვევაში იმ მაღალ სტანდარტს არ დავწევთ, რომელიც ამ ბიჭებმა ჩვენს ქვეყანას და ადამიანებს დაუწესეს. სამშობლოსადმი მათი ერთგულება და თავდადება ყველა ჩვენგანისთვის მაგალითი იქნება. ამიტომაც ძალიან გაგვიხარდა, რომ პატრიარქი გვეწვია და აკურთხა ეს ქვაჯვარი”, _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრის რეკონსტრუქციის პროცესში, ეკლესიის ისტორიული მოკვლევაც ჩატარდა. წყაროების მიხედვით, ეკლესია იუნკერთა სასწავლებლის ეზოში 1863 წელს გაიხსნა. ტაძარი მეფის რუსეთის დროს კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. საბჭოთა პერიოდში იქ სასურსათო საწყობი იყო განთავსებული, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა. მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2010 წელს აკურთხა.
ერთნავიანი ბაზილიკური ტიპის ტაძრის რეკონსტრუქცია ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეკლესიის სარემონტო სამუშაოებს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის სსიპ „დელტა“-ს მიერ დაარსებული სამშენებლო კომპანია შპს “მშენებელი 2011” აწარმოებდა.