ამის შესახებ ინფორმაციას უზენაესი სასამართლო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ “კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლისა და შესაბამისი ფიცის დადების შემდეგ 12 ნაფიცი მსაჯული ორი პირის მკვლელობის მცდელობასა და ერთი პირის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ბოჭორიშვილის საქმის განხილვაში ჩაერთო.
“დანაშაული თერჯოლაში, 2013 წლის 19 მაისს მოხდა. სამი პირის ურთიერთშელაპარაკებას, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რეზო ნიშნიანიძის მკვლელობა მოჰყვა. ბრალდებულმა ბესიკ ბოჭორიშვილმა მასთან დაპირისპირებული ორივე პირი დანით დაჭრა. მათგან ერთი იარაღით მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მომხდარის საკუთარი ვერსია მოჰყვა, რომლის მიხედვით მას დანაშაულის ჩადენა განზრახული არ ჰქონდა. იარაღი კი თავდაცვის მიზნით გამოიყენა. მსაჯულებმა მხარეთა პოზიციები და მოწმეთა ჩვენებები მოისმინეს. საქმის განხილვა ხვალ, 25 ოქტომბერს გაგრძელდება”, _ ნათქვამია განცხადებაში.