სასკოლო ბიუჯეტს სამეურვეო საბჭოები პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად უნდა განიხილავდნენ და თავად სკოლები უნდა წყვეტდნენ კლასების გახსნისა და შემცირების საკითხებსაც. ზოგიერთ სკოლაში ადმინისტრაციის წევრებსა და პედაგოგებს ხელფასები მომატების ნაცვლად შეუმცირდათ, რამაც პედაგოგების უკმაყოფილება გამოიწვია.
რამდენიმე პედაგოგმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რატომღაც მასწავლებლების განაწყენება წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირდება და ეს მიზანმიმართულად გაკეთდა, ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” ოზურგეთის რესურსენტრის ხელმძღვანელ ირინა ინარიძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ საშტატო განრიგებზე მუშაობის პროცესი მართლაც მიმდინარეობს. თუმცა, ეს არჩევნებთან არაფერ შუაში არ არის.
ირინა ინარიძე:
_ თუ პედაგოგებს საათობრივი დატვირთვა შეუმცირდათ, მაშინ ხელფასი შეუმცირდებოდათ, რა თქმა უნდა. თუ მასწავალებელს შარშან დავუშვათ 18 საათიანი დატვირთვა ჰქონდა და წელს 10 საათიანი აქვს, რასაკვირველია შემცირებაში მოჰყვებოდნენ, 18 საათზე ზევით ვისაც აქვს საათები, იმას ზედმეტად ერიცხება 40 ლარი, მაგრამ ის, რომ ანაზღაურება შემცირდა უმიზეზოდ, არ არის სიმართლე. თუ სკოლას კლასკომპლექტი არ ჰყოფნის, შეიძლება მოხდეს შეერთება – მაგალითად, თუ ერთ კლასში არის 2 ბავშვი და მეორეში სამი, მაშინ შეიძლება შეერთდეს კლასები. ამის უფლება აქვს სკოლას და არანაირად არ უკავშირდება ეს მიზანმიმართულად წინასაასაარჩევნო პროცესებს.
_ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ სკოლის დირექტორებსა და თანამშრომლებს შეკრებაზე პოლიტიკური სიტუაციაზე მოსთხოვეთ ინფორმაცია, ანუ რა ხდებოდა წინასაარჩევნოდ სკოლებში…
_ როგორ გეკადრებათ, არანაირად ასეთი რამ არ მომხდარა. მე არჩევნებზე არავისთან არ მისაუბრია, ჩვენ ვმუშაობთ ახლა საშტატო განრიგებზე და ამასთან დაკავშირებით გვაქვს შეხვედრები, მსგავსი რამ გამორიცხულია.