არჩევნების დღესთან დაკავშირებით შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინიციატივით შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელიც კოორდინაციაში იქნება ცესკოსთან და უზრუნველყოფს მართლწესრიგს არჩევნებს დღეს.
ყველა რეგიონალურ დანაყოფში შემუშავებულია კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც არჩევნების დღეს პოლიცია იმოქმედებს კანონთან სრულ შესაბამისობაში. პოლიცია იქნება ურთიერთკოორდინაციაში საარჩევნო შტაბთან.
პოლიციის დანაყოფები არ განლაგდებიან საარჩევნო უბნებში ან საარჩევნო უბნებთან ახლოს. სამართალდამცველები გამოცხადდებიან საარჩევნო უბანში მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას კანონდარღვევის შემთხვევაში.
ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისა და სამართალდარღვევებისგან. პოლიცია ნებისმიერ მსგავსს ფაქტზე მყისიერ რეაგირებას მოახდენს და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ზომას მიიღებს.