გივი მამულაძის განცხადებით, ოქმებზე ხშირად არ არის მითითებული თარიღი, სიები არასრულია, ან ბეჭედი არ უზის.
“გარდა ამისა, უამრავ უბანზე გამოვლინდა შემთხვევა როცა კომისიის წევრები დამკვირვებლებს მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ბათუმის 45-ე საარჩევნო უბანზე კი ცეესკოს წარმომადგენელი საარჩევნო კომისიის წევრთა მუშაობაში ერევა”, _ აცხადებს მამულაძე.
ორგანიზაცია კვლავ იმ ადამინთა შესახებ საუბრობს, რომელთაც ბათუმის მერიის წინასაარჩევნო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ. მამულაძე თქმით, ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი სახლის მცხოვრებლები საერთოდ არ იყვნენ ინფორმირებული საარჩოვნო უბნის მდებარეობის შესახებ რამაც ხელი შეუშალა არჩევნებში მათ მონაწილეობას.
ამ საკითხს ბათუმში #97 საარჩევნო ოლქის წარმოამდგენლები და “ნაციონალური მოძრაობაც” გამოეხმაურა. როგორც ოლქის წარმომადგენელმა, იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განაცხადა, 500-მდე ამომრჩეველმა, რომელთა საცხოვრებელი ადგილების დემონტაჟი მოხდა და ახალი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, 11 ოქტომბრამდე არ მიმართა უბანს მონაცემების გადასამოწმებლად, ხოლო 1 500-მდე ამომრჩეველი რეგისტრაციიდან საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებმა მოხსნეს.
ამომრჩეველთა სიებში მოქალაქეების გამოტოვების იმავე მიზეზბზე საუბრობენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც აჭარაში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ, განაცხადა, რომ ეს ბათუმის მერიის საკრებულოსა და იუსტიციის სამინისტროს ბრალია, რადგანაც, მოქალაქეები სიებში მათ მიერ გამოცემული აქტის გამო ვერ მოხვდა. ეს აქტი კი ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მშენებარე კორპუსებისა და დემონტაჟის მომლოდინე სახლების მცხოვრებთა საარჩევნო სიებში შეყვანას ზღუდავს და არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვის წინ არის მიღებული.