შეხვედრას ისრაელის ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები იყო. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებულ და დაგეგმილ რეფორმებს.
ეს საქართველოს შს მინისტრის და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რიგით მეორე შეხვედრაა. პირველი შეხვედრა ისრაელში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მაისის თვეში გაიმართა.
“ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად ისტორიული. მე აღვნიშნე შეხვედრისას, რომ ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება პირველ რიგში ჩვენი მთავრობის მიმართ, მთავრობის მეთაურის მიმართ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ქართველი ხალხის მიმართ. ასე რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გარღმავების და გაძლიერების,” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო საქართველოში ჩამოვსულიყავი ოფიციალური შეტყობინებით ისრაელის მთავრობისგან იმის შესახებ, რომ ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და მოლაპარაკებებს ვიწყებთ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების მომზადების თაობაზე. ეს ბუნებრივი ნაბიჯია, ეს შემოთავაზება გაკეთებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ისრაელში ვიზიტის დროს, შემდგომ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს. ჩვენ მოვისმინეთ ეს მოწოდება, ვფიქრობთ ეს ძალიან პოზიტიური ინიციატივაა. საქართველოს და ისრაელს შორის ურთიერთობები ძალიან გაუმჯობესდა ბოლო წლების განმავლობაში.
ჩვენ აღვიქვამთ საქართველოს როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამიტომ ჩვენთვის ბუნებრივი ნაბიჯი იყო ამ პროცესის დაწყება. მე ჩამოვიტანე ისრაელის მხარის შემოთავაზება ამ შეთანხმების ფორმის შესახებ. მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მხარის ბიუროკრატიის დაძლევის უნარით, ჩვენ ასე არ გამოგვდის. მე უკვე მივიღე საპასუხო რეაქცია შეხვედრის დროს და ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე ვადებში შევძლებთ დავასრულოთ ყველა აუცილებელი ფორმალობა და შესაბამის შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ.
ეს ბუნებრივია ჩვენი ერებისთვის, მათ დიდი ხანია მჭიდრო კავშირები აქვთ და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, შესაძლებლობას მივცემთ ადამიანებს თავისუფლად იურთიერთონ, ერთად ბიზნესი გააკეთონ, ჩამოვიდნენ და გაიცნონ ერთმანეთი და მათი ქვეყნები. ძალიან მოხარული ვარ, რომ შევძელი ჩემი წვლილი შემეტანა ამ პროცესში,” _ განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზეევ ელკინიმ.