მისი თქმით, შეხვედრები ეხებოდა “პეგასის” პროექტს, რომლის მიზანია ინიცირება გაუწიოს გურიის სანაპირო ზოლის დაცვასა და სანაპირო ზონის ინტეგრირებულ მართვას. როგორც გიგინეიშვილმა აღნიშნა, იგი თავად არის ამ პროექტის კოორდინატორი საქართველოში.
1994 წელს შექმნილ შავი ზღვის კომისიაში გაერთიანებულია 6 ქვეყანა: უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, რუსეთი და 2 წელიწადში ერთხელ სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელშიც სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.
გიგინეიშვილმა რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში სანაპირო ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა.
შავი ზღვის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ მედალი გადასცა.
გიგინეიშვილის მიერ დაწერილი პროგრამა, რომლის თანაავტორიც მამუკა გვილავაა, სანაპიროს ინტეგრირებული მართვის შესახებ გამოცემულ სამეცნიერო ორტომეულში დაიბეჭდა.
ამავე დროს თურქეთში, ქ. მარმარისში საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ასევე სანაპირო ზონის დაცვასა და მის გამოყენებას ეხებოდა, იმყოფებოდა 200 ქვეყნის 350-მდე წარმომადგენელი და ჩატარდა 8 ღია სხდომა.
როგორც ამირან გიგინეიშვილმა განაცხადა, 19, 20, 21 ნოემბერს გრიგოლეთში, სასტუმრო “ვილა-რეტაში” ჩატარდება ერთ-ერთი ტრენინგი შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვის შესახებ, რომელსაც სავარაუდოდ, ევროკავშირისა და პროგრამა “პეგასის” წარმომადგენელი ფრანსუაზა ბეტანი დაესწრებიან.
რაც შეეხება ტრენინგს, ეს არის სანაპირო ზონის მართვის და განვითარების ტრენინგი, რომელსაც ატარებს სამი მეცნიერი, რომელთაგან ერთ-ერთი მადრიდის უნივერსიტეტის პროფესორია. ისინი გადაწყვეტილების მიმღებ ადგილობრივ პირებს შეხვდებიან და ერთად დაგეგმავენ როგორ განვითარდეს გურიის სანაპირო ზოლი.