მაისაიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა ახალი პრეზიდენტი და პრემიერი ერთი გუნდიდან არიან, გუნდის მთლიანობას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. თუმცა, გარკვეული პრობლემების წინაშე მაინც დგას დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი.
_ დღეს ჩვენ ვდგევართ გარკვეული პრობლემების წინაშე, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სეგმენტს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის კარგი მენეჯერი და საკმაოდ კარგად გაართვა თავი სამინისტროს მართვას კრიზისულ პერიოდში, მაინც დარჩა გარკვეული სერიოზული ნაბიჯები გადასადგმელი. შსს სამინისტროში გამოვყოფდი ორ დონეს. პირველი ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მეორე დონე– სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების სეგმენტები. საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ ეფექტურად წარიმართა მუშაობა, სახელმწიფო უშიშროების სეგმენტი კი გახდა საერთოდ არატრანსპარენტული. სახელმწიფო უშიშროების სექტორი მოიცავს ოთხ ძირითად კომპონენტს– კონტრტერორისტული დეპარტამენტი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო უშიშროების სააგენტო და ანტიკორუფციული სააგენტო. ამ მიმართულებით განხორციელდა უფრო კოსმეტიკური სახის ცვლილებები.
_ კოსმეტიკურ ცვლილებებში რას გულისხმობთ?
_ ცვლილებები განხორციელდა არა შინაარსობრივად.მაგალითად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს შეეცვალათ სახელები, სისტემურად და შინაარსობრივად არ მოხდა ცვლილება. ამან შეიძლება დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
_ რამ შეიძლება ეს პრობლემები გამოიწვიოს?
_ ამ სეგმენტში შენარჩუნებული არიან ის ძველი კადრები, რომლებიც არაეფექტურნი იყვნენ და წინა მთავრობის დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილენი იყვნენ. დღეს ასეთი კადრები ისევ რცებიან სრტუქტურაში.
_ შეგიძლიათ დაასახელოთ ასეთი პიროვნებები?
_ მაქვს კონკრეტული დოკუმენტი ორ პიროვნებაზე, ვლადიმერ დათაშვილი და ოთარ ორჯონიკიძე რომლებიც იყვნენ კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნები, და ფოტორეპორტიორების საქმეში არიან მხილებულნი,ასევე სხვა საქმეებშიც, ისევ არიან ამ სტრუქტურებში და მეტსაც გეტყვით, დაწინაურებულნიც იქნენ. მეორეც–ხვედელიძის ფაქტორი, ადასტურებს იმას, რომ ამ მიმართულებით არსებობს კონკრეტული პრობლემები.
_ როგორც პოლიტოლოგი, რაში ხედავთ გამოსავალს?
_ უნდა მოხდეს უსაფრთხოების სექტორის სწრაფი რეფორმირება და ახალი სტრუქტურების შექმნა, რომელიც ადეკვატურად უპასუხებენ იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო ბოლო პერიოდში დადგა. მაგალითად, სოციალურ ქსელში გაჩნდა კიბერტერორიზმის გაგრძელება, საიტი-აჭარის ისლამური სახელმწიფოს სახელით. რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა იმ ე.წ. ვიდეო ჯიხადების რგოლისა. ასე რომ ჩვენ კიდევ ვართ პოლიტიკური ისლამის გამოწვევის წინაშე. ამას უნდა მიექცეს ჯეროვანი ყურადღება. აი, ამ სფეროში გასატარებელია რადიკალური და სწრაფი რეფორმები.