კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ ასაკობრივი ცენზი პრემიერის თანამდებობაზე არც ერთ ქვეყანაში არ არის და ასეთის არსებობას მიზანშეწონილად არც საქართველოში მიიჩნევს.
“სიმართლე გითხრათ, მე პირადად, არც ვთვლი აუცილებლად ასაკობრივი ცენზის არსებობას. თუ საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ კონკრეტულ პირს შეუძლია ამ თანამდებობის “ტვირთის აწევა”, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. ეს მხოლოდ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. მსოფლიო პოლიტიკაში ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერებიც გვახსოვს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს და ასევე გვინახავს მხცოვანი ლიდერებიც, რომლებმაც ფიასკო განიცადეს. ასე რომ, არ მგონია ეს საკითხი პირდაპირ ასაკთან იყოს დაკავშირებული.
რაც შეეხება ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებას, როგორც ვიცი პრემიერზე ასეთი ცენზი არ არსებობს. მართალია, რეალურად, ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს პრემიერს, მაგრამ ის არ არის ქვეყნის პირველი პირი – ის მესამე პირია პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ,” _ აღნიშნავს მენაბდე.
ამასთან, პრეზიდენტთან მიმართებაში ასაკობრივი ცენზის არსებობის შესახებ აცხადებს, რომ ეს “ძველი ტრადიციის ნაწილია, რომელიც მაშინ გარკვეულ მოსაზრებებს (მომწიფებულობასთან და ა.შ. დაკავშირებით) ემყარებოდა, რაც დღეს შესაძლოა იმდენად რელევანტური არ იყოს”.
“ვფიქრობ, არ იქნება გონივრული, რომ პრემიერის თანამდებობაზე ასაკობრივი ცენზი შემოვიღოთ. პრემიერი თანამდებობრივად არის მოქნილი ბიუროკრატი, ის ძალიან ფუნქციურია და ასაკობრივმა და ტექნიკურმა დაბრკოლებებმა მისი მართვაში მონაწილეობისთვის პრობლემა არ უნდა შექმნას,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ვახუშტი მენაბდემ.
მსგავსი მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის “რესპუბლიკელ” დეპუტატ ლევან ბერძენიშვილსაც. მისი თქმით, რაკი პრემიერის თანამდებობისთვის ასაკობრივი ცენზი არ არსებობს სხვა ქვეყნებში, საქართველოში ასეთი ინიციატივის გამოჩენა სწორი არ იქნება.
“როცა ქვეყანაში შესაძლებელია რომ 21 წლის პარლამენტარი გვყავდეს, ასაკობრივი ცენზის პრემიერზე დაწესება უბრალოდ სისულელეა.
პოლიტიკური თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრისთვის 31 წელი ახალგაზრდა არ არის, სრულიად საკმარისია. ჩვენ გვყავს 28 წლის მოსამართლეები და პრემიერზე რა პრობლემაა?! ჩემი აზრით, უფრო ახალგაზრდა პრემიერის ყოლაცაა შესაძლებელი, მთავარია როგორი იქნება და რას იზამს. გარწმუნებთ, მისი ასაკი პრობლემა ნამდვილად არ არის,” _ ამბობს დეპუტატი.
ამასთან, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატობისთვის 21 წლის ასაკი ძალიან დაბალია და ის 25 წლამდე მაინც უნდა გაიზარდოს.
“ამ წუთას ეს არ არის აქტუალური საკითხი, მაგრამ როცა მოახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, შეიძლება დადგეს ეს საკითხი და აიწიოს ზღვარმა 25 წლამდე. მით უფრო, რომ ჩვენი 21 წლის დეპუტატი რა ხანია სასწავლებლად არის წასული და ახლა კიდევ 3-თვიანი შვებულება მოგვთხოვა,” _ უთხრა ბერძენიშვილმა “გურია ნიუსს”.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ არა მარტო პრემიერის, არამედ სხვა ბევრ თანამდებობაზეც საჭიროა ასაკობრივი ზღვარის დაწესება.
“საქართველოში მარტო მაგ თანამდებობაზე კი არა, მინისტრებისა და დეპუტატების თანამდებობებზეც არის ზღვარი დასაწესებელი იმ მარტივი მიზეზის გამო, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას ვნახეთ – მოვიდა ახალგაზრდა და მან მოიყვანა მისთვის ნაცნობი წრე ხელისუფლებაში, რადგან ახალგაზრდა იცნობს ახალგაზრდებს და ეს ალბათ, ლოგიკურიცაა.
შესაბამისად, მივიღეთ მთლიანად ისეთი ხელისუფლება, რომელთანაც ეს ახალგაზრდული ხასიათი წინა პლანზე მოდიოდა: უკომპრომისობა, აგრესიულობა, დაუფიქრებლობა, იმპულსურობა, სიამოვნებაზე ორიენტაცია და ა.შ. ეს ასაკმაც მოიტანა და რაც შეეხება იმის იმედს, რომ მოსახლეობა ბრძენია და ამ ყველაფერს განსჯის, სამწუხაროდ, მოსახლეობა არ არის იმდენად ბრძენი, რომ ყველაფერი განსაჯოს. ბიბლიიდან დაწყებული სხვაც ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის ჭეშმარიტი და სწორი არ არის. ამიტომ, მართალია, წინასწარი ცენზების მიღება დიდი ბედენა არ არის და კატასტროფებისგან მაინც ვერ გიხსნის, მაგრამ რაღაც ხარისხის ფილტრაციას მაინც გააკეთებს – თუნდაც იმას, რომ პატარა ბავშვები ხელისუფლებაში არ იყვნენ,” _ ამბობს საყვარელიძე.
პოლიტოლოგს მაგალითად მოსამართლის თანამდებობაზე არსებული ასაკობრივი ცენზი მოჰყავს.
“ერთი ნიუანსია – მოსამართლე არ შეიძლება იყოს ახალგაზრდა, იქაც არის ასაკობრივი ზღვარი. მას ერთ შემთხვევაში ერთი ადამიანის ბედი აქვს გადასაწყვეტი, ხოლო ყველა ამ თანამდებობის პირის გადაწყვეტილებაზე ათასობით ადამიანის ბედია დამოკიდებული. ამიტომ, თუ ერთი ადამიანის ბედის გადამწყვეტთან ასაკობრივ ზღვარს ვაწესებთ, ერთზე მეტ ადამიანის ბედს ვინც წყვეტს, მისთვის რატომ არ ვაწესებთ?! ეს ლოგიკა გაუგებარია.
შესაბამისად, ვთვლი, რომ მოსამართლის ასაკობრივი ცენზი უნდა იყოს მინიმალური ყველა ამ თანამდებობის პირებს შორის. ანუ პრემიერის, მინისტრისა თუ დეპუტატის ასაკობრივი ზღვარი მოსამართლისაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ უნდა იყოს,” _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში მსჯელობის დაწყებას სავარაუდოდ, აზრი არ ექნება, რადგან ამის შესახებ “გადაწყვეტილებას მაინც ისინი ღებულობენ, ვისაც ეს ცენზის საკითხი ეხებათ”.
“მაინც პოლიტიკური წრეები იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, ამ შემთხვევაში შედეგი არ გვექნება,” _ უთხრა “გურია ნიუსს” პოლიტოლოგმა.