დემეტრაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი რჩება სამხედრო ძალების მთავარსარდალად, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვისა და განხორციელების უფლება აღარ ექნება.
“პრეზიდენტს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებისთვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დასადებად მთავრობასთან შეთანხმება დასჭირდება. ასევე, მთავრობის წარდგინებით დანიშნავს, გაათავისუფლებს ელჩებს თუ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს და მთავრობასთან შეთანხმებით მიიღებს სხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას.”
საკონსტიტუციო უფლებების თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ახალ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებს, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია დასჭირდება.
“საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეა პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების პრემიერისგან კონტრასიგნაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტს პრემიერ-მინისტრმაც უნდა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალაში ვერ შევა. პრეზიდენტს ეზღუდება პარლამენტის დათხოვნის უფლება. ეს მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუკი პარლამენტში უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება”.
ავთო დემეტრაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შესვლისა და კანონპროექტის რიგგარეშედ განხილვის მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, პრეზიდენტს არ შეეძლება პარტიული თანამდებობის დაკავების უფლება. ასევე, რეფერენდუმის დანიშვნა მხოლოდ თავისი ინიციატივით, მთავრობის მოწვევა და გადაყენება. პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს ძალოვან მინისტრებს და ვერ შეძლებს მთავრობის აქტის გაუქმებასაც.
დემეტრაშვილის განცხადებით პრეზიდენტს შეეძლება ვეტოს გამოყენება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანი შერბილებებია ჩადებული.