ეს ინფორმაცია ჯერ არსად გაჟღერებულა. გოჩა ფერსაშვილი ამის გამო თბილისშიც იყო დაბარებული, სადაც მას შესთავაზეს ამ პოსტზე მუშაობა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, მან უარი განაცხადა. თუმცა, ეს თემა ჯერ დახურული არ არის და ფერსაშვილი გურიის გუბერნატორის პოსტზე კვლავ განიხილება.
“საინტერესოა, რა დამსახურებისთვის შეარჩიეს ფერსაშვილის კანდატურა გუბერნატორის პოსტზე განსახილველად, როცა მის სახელს ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე გაუხსნელი რეზონანსული საქმე უკავშირდება – მკვლელობა, რამდენიმე ყაჩაღობა და სხვა რამდენიმე მძიმე დანაშაული, _ ამბობს ჩვენი წყარო.
ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გოჩა ფერსაშვილს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო ად არც დაადასტურა.
გოჩა ფერსაშვილი:
_ ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით.
_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ თბილისშიც ბრძანდებოდით და უარი განაცხადეთ..
_ ვინ გითხრათ?
_ იქნებ გვითხრათ, რა დამსახურებისთვის შეარჩიეს თქვენი კანდიდატურა გურიის გუბერნატორის პოსტზე და ვინ ლობირებს თქვენს კანდიდატურას?
_ ვერაფერს ვერ გეტყვით…
_ თბილისში ახალ მინისტრთან თქვენ და მოადგილეები, ასევე რაიონის პოლიციის უფროსები ბრძანდებოდით დღეს, რა დავალებები მიიღეთ და მოსალოდნელია თუ არა საკადრო ცვლილებები პოლიციაში?
_ამის შესახებ მიმართეთ პრესსამსახურს, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
_ როგორ ფიქრობთ, თქვენი კანდადურის განხილვა გუბერნატორის პოსტზე მოსახლეობაში აჟიოტაჟს არ გამოიწვევს?
_ ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემთ, ვერ გეტყვით, ძალიან გთხოვთ რა, _გვითხრა ფერსაშვილმა.
“გურია ნიუსი” ასევე დაუკავშირდა პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის საარჩევნო შტაბის უფროს დავით დარჩიას, რომლის კანდიდატურაც გურიის გუბერნატორის პოსტზე თითქმის გადაწყვეტილი იყო და ამ ინფორმაციას ის ჩვენთან საუბარში დღემდე არ მალავდა, თუმცა დღეს მან განაცხადა, რომ არაფერი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და ფერსაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ეს ყველაფერი რეალური არ უნდა იყოს.
დავით დარჩია:
_ ვერაფერს ვერ გეტყვით, არაფერი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, არ მეჩვენება ფერსაშვილის კანდიდატურა რაღაც რეალურად… არა მგონია ეს სიმართლე იყოს.
_ ჩვენ ვიცით, რომ თქვენი კანდიდატურა შეჩერებულია..
_ როგორც თქვენ იცით, ისე ვიცი მე, არაფერი თქვენზე მეტი, გეტყვით იმას, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, მათ შორის ჩემი კანდადატურაც.