15 წლის ნ.ბ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მან დედას წერილი დაუტოვა, რომელშიც იმ მიზეზს ხსნიდა, რისთვისაც ეს ნაბიჯი გადადგა. შემთხვევა შარშან, სოფელ შრომაში მოხდა. შსს-მ ფაქტის გამო 1996 წელს დაბადებული მ.თ. დააკავა, რომელსაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
“ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული მ.თ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მ.თ.-მ 2018 წლის მარტში სოციალური ქსელით არასრულწლოვანი გოგონა გაიცნო, რომელსაც სოციალურ ქსელ ,,FAჩEBOOK”-ის პირად პროფილზე შიშველი ფოტოები გადააგზავნინა, შემდეგ კი არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედება განახორციელა. ასევე მ.თ.-ს მოთხოვნით გოგონამ ინტიმური ფოტო-ვიდეო ფაილები გადაიღო და მ.თ-ს გადაუგზავნა.
2018 წლის აგვისტოში მ.თ. სოციალური ქსელით ისევ დაუკავშირდა არასრულწლოვანს და მუქარით და იძულებით ინტიმური ხასიათის ვიდეოს გადაღება მოსთხოვა. მ.თ.-ს მხრიდან განხორციელებული მუქარის, სასტიკი მოპყრობის, მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირების გამო არასრულწლოვანმა გოგონამ 2018 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის აივანზე თავი ჩამოიხრჩო.
სამართალდამცველებმა მ.თ. 2018 წლის 17 აგვისტოს ქ.ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედება) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, _ აღნიშნულია განცხადებაში.