სწორედ ამიტომ დეპუტატ თამაზ ავდალიანის მიერ მომზადდა კანონპროექტი, რომელითაც აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიას ე.წ. მოსაწევი “სპაისების” ახალი სახეობები ემატება. “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
“პარლამენტის მიერ მიღებული კანონით აკრძალულ ნარკოტიკთა სიაში სპაისების ექვსი სახეობა შევიდა. ახლა ამ სიას სხვა სახეობებიც ემატა, რადგან კანონით აკრძალულ სპაისებს აღნიშნული სახეობები ჩაენაცვლა”, _ განაცხადა თამაზ ავდალიანმა.
ინიციატივას “სპაისების” აკრძალვაზე დადებითად აფასებს ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი გელა ლეჟავა, რომელიც მიიჩნევს, რომ “სპაისების” მიმართ სანქციები ისევე უნდა დაწესდეს, როგორც მარიხუანას შემთხვევაში. ამბობს, რომ “სპაისების” მოხმარება გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე მარიხუანას, ვინაიდან მისმა ხშირმა მოხმარებამ შესაძლოა ორგანიზმში ძლიერი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს, რაც საბოლოოს სიკვდილიანობით შეიძლება დასრულდეს.
“სპაისები ეს არის ხელოვნურად გაკეთებული მარიხუანას, ანაშის ტიპის ნივთიერებები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ბალახებში ურევენ და ნარკოტიკულ საშუალებას იღებენ. ბალახის დამატებით კი იმ ქიმიურ ნივთიერებას ანეიტრალებენ. სპაისებს ძირითად შემთხვევაში მოსაწევად იყენებენ, ასეთი ახალი ნივთიერება (ქიმიური ფხვნილი) დაახლოებით 20 მდეა შექმნილი, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს ნივთიერაბა მუდმივად იცვლება, ამიტომ რა სახის ნივთიერებაზეა საუბარი ძალიან რთულია. ევროპის ნარკოლოგიურ დაწესებულებებში დადგინდა, რომ 60%-ზე მეტი მარიხუანასა და “სპაისების” მომხმარებელია, დანარჩენი 40% კი კოკაინს, ჰეროინსა და სხვა ძლიერმოქმედ საშუალებას იყენებს.
მსგავსი ნივთიერების სისტემატურად მოხმარების გამო სიკვდილიანობის რიცხვი, რა თქმა უნდა, შეიძლება გაიზარდოს, თუმცა ალბათ იცით რომ საქართველოში ამისი ოფიციალურად დადგენა ძალიან რთულია, ვინაიდან ამის წინააღმდეგნი თავად ახალგაზრდების მშობლები არიან”, _ ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ “სპაისების” მოხმარებაზე სანქციები აუცილებლად უნდა გამკაცრდეს.
თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს ნარკოლოგ, დავით ოთიაშვილს, რომელიც „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ აკრძალვა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. მისი თქმით, ძალიან ბევრმა მომხმარებელმა არ იცის თუ რა ტოქსიურ ნივთიერებას მოიხმარს “სპაისების” მოწევისას, ამიტომ ნარკოლოგი ოპტიმალურ გამოსავალს ახალგაზრდების მეტ განათლებაში ხედავს.
“სიკვდილიანობაზე საუბარი საკმაოდ რთული იქნება გამომდინარე იქედან, რომ ეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები კარგად შესწავლილი არ არის. ამიტომ დაბეჯითებით ვერ გეტყვით რამდენად შესაძლებელია “სპაისებმა” რაიმე ფატალური შედეგი გამოიწვიოს, თუმცა აქვე უნდა ითქვას რომ უკვე არსებობს საკმარისი მონაცემი იმისა, რომ სპაისები დამოკიდებულებას იწვევს.
რეალურად “სპაისების” ქვეშ იგულისხმება ნაერთები, რომლებშიც მთავარი მოქმედი ნივთიერება სინთეტური კანაბინოიდებია, რომელსაც მარიხუანას მსგავსი ეფექტი აქვს. სწორედ მიზეზით აიხსნება “სპაისების” მომხმარებელთა მომატებული რაოდებობა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი პოტენცია რამდენჯერმე აღემატება მარიხუანას შემადგენლობაში შემავალ ბუნებრივი კანაბინოიდების პოტენციალს. შესაბამისად ნარკოგენული მოქმედება გაცილებით უფრო ძლიერია, რაც ბუნებრივია ერთი მხრივ სისტემური მოხმარებისას საკმაოდ სერიოზულ დამოკიდებულება იწვევს, მეორეს მხრივ კი ტოქსიურია და თავუსფლად შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს“, _ განმარტავს ოთიაშვილი.
მისივე თქმით, სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში რამდენიმე ბრენდის ქვეშ გაყიდვაში უამრავი სახის დანამატები არსებობს, რაც თავისთავად მომხმარებლისთვის დამატებითი საშიშროებაა.
“ფაქტობრივად ადამიანი მოიხმარს იმას, რის შემადგენლობაც ზუსტად არ იცის. ყველაზე უფრო ხშირი გართულებები რაც შეიძლება “სპაისების” მოხმარებას მოყვეს აღგზნება და ფსიქოზია, თუმცა განვმეორდები და გეტყვით რომ ეს შედარებით ახალი ფენომენია და სანდო ინფორმაცია, რაც ყველა კითხვაზე პასუხს გაგვცემს არ არსებობს.
ამის დადგენა კონტროლისთვის უდიდეს სირთულეს წარმოადგენს. პირადად მე უნივერსალურ გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ მოხდეს ადამიანის მეტი განათლება თუ რა საფრთხეებთან და რისკებთანაა დაკავშირებული “სპაისების” ხშირი მოხმარება, რაც შეეხება სანქციების გამკაცრებას მიმაჩნია, რომ აკრძალვა რაიმე შედეგის მომცემი ნამდვილად ვერ იქნება”, _ აღნიშნავს ოთიაშვილი.