“პირველი მნიშვნელოვანი შეცდომა იყო ის, რომ ინაუგურაციაზე იყვნენ მხოლოდ კოალიციის წევრი პატრიები და არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები. იმის თქმა, რომ ცერემონია მოკრძალებული იყო და ოპოზიციური პარტიების სიმრავლის გამო ვერ მოხერხდა მათი მოწვევა, არ არის მიზანშეწონილი. არსებობს კვალიფიციური პარტიის მცნება და ამით უნდა განესაზღვრათ ის სპექტრი, რომელიც დაესწრებოდა ინაუგურაციას. მეორე შეცდომა იყო ის, რომ ინაუგურაციაზე არ იყო პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრავი და დამქირავებელი ქართველი ხალხი. “ქართული ოცნება” ინერციით დაადგა წინა მთავრობების გზას – წავიდა ერთმმართველობისკენ.”
გიორგი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური პოლიტიკიდან წასვლა არ ნიშნავს მის წასვლას მთლიანი პოლიტიკიდან. კობახიძის განცხადებით, ამის სურვილს არც ივანიშვილი აჩენს, რადგან წასვლის დროს გადაწყვეტილებები თავისი სახელით დატოვა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა 1 ოქტომბრის დადგომისთვის, რასაც ისტორია დაუფასებს.
“ბიძინა ივანიშვილის წასვლა არის ერთგვარი შეჯამების დღე. მისი მოღვაწეობა ჩემთვის ორ ეტაპად იყოფა. ის იყო კარგი წინამძღოლი, ბრძოლის გეგმის შემმუშავებელი და გამარჯვებამდე მიმყვანი. ამ ღვაწლს აუცილებლად დაუფასებს მას ისტორია. ამის მერე იწყება მისი, როგორც პოლიტიკოსის მოღვაწეობა, რომელსაც მე პირადად ნეგატიურად ვაფასებ. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ოფიციალური პოლიტიკიდან წასვლა არ ნიშნავს წასვლას პოლიტიკიდან. 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ნდობა სწორედ ივანიშვილს გამოუცხადა და ყველა პასუხისმგებლობა სწორედ მასზეა. ამიტომ, სანამ არ იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ხალხი სწორედ მისგან მოითხოვს დანაპირების შესრულებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სისწორეს. ივანიშვილი პოლიტიკიდან წასასვლელად თვითონაც არ არის განწყობილი, ის თავისი სახელით ტოვებს გადაწყვეტილებებს, თუნდაც თვითმმართველობის რეფორმის და თუნდაც თბილისის მერის კანდიდატურის შესახებ”.
კობახიძე აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის კოდექსმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ჰპოვა მთავრობაში მხარდაჭერა, ახლა კი ივანიშვილის მიერ დატოვებული გადაწყვეტილებით, აუცილებლად გახდება განხილვის საგანი. მისივე თქმით, თბილისის მერის არჩევნებს დიდი გავლენა ექნება თვითმმართველობების არჩევნებზე.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება პოლიტიკის განმსაზღვრავი. თბილისის მერის არჩევნები კი იქნება ლოკომოტივი თვითმმართველობების არჩევნების. ბიძინა ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს. როცა ის მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ყველა ველოდით სისტემის ცვლილებას, მაგრამ საბოლოოდ საქართველო კიდევ ერთხელ დატრიალდა იმ წრეზე, რომელსაც ერთმმართველობა ჰქვია”.