ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო საკარმიდამო ნაკვეთში სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოწევა და მათი რეალიზაციაა. ოზურგეთის ბაზარში ბევრ ნასაკირალელს შეხვდებით, რომელთაც საკუთარ კარმიდამოში მოწეულ კარტოფილს ყიდიან.
ნათია ვანაძე: _ მთელი ოჯახი, ცხრა ადამიანის შემადგენლობით, ამ საქმიანობაში ვართ ჩაფლული. ოჯახის ბიუჯეტი კარტოფილის მოსავალზეა დამოკიდებული, სხვა შემოსავალი არ გვაქვს _ კარტოფილია ჩვენი მარჩენალი. ადრე ჩაი იყო და იქ ვმუშაობდით მთელი სოფელი. ეკონომიკურად რომ გაგვიჭირდა, მერე მივყევით ხელი ამ საქმიანობას.
იანვარში დავბარავთ, გავთოხნით, თებერვალში ვთესავთ. 1 500 მეტრი მიწა გვაქვს. დიდი ფართობი არაა _ წელს სულ 400-500 კილო კარტოფილი მოვიწიეთ. ესაა ჩვენ სოფელში ძირითადი შემოსავალი. ახლა, თითქმის ყველა ოჯახში ფიზიკურად შრომობენ. ბავშვებსაც ძირითადად კარტოფილით ვკვებავთ. კარტოფილს რომ ამოვიღებთ, მერე ნაგვიანევად, სიმინდს მაინც ვთესავთ. ნასაკირალში მანდარინის ბაღებიცაა, მაგრამ ჩვენ დაბლობში ვცხოვრობთ და იქ მანდარინი არ ხარობს.
ეთერი შავაძე: _ ძალიან რთულია დღეს თავის გატანა. სოფლის მეურნეობას იცით, რამდენი რამე უნდა? მარტო ფიზიკური შრომა საკმარისი არ არის _ კარტოფილის ნათესს ფოსფორი და აზოტი უნდა, ორივე ძვირია. მერე გასაყიდად წამოიღებ და ტრანსპორტირება ძვირია. ბაზარში დგომა დღეში თითქმის 3 ლარი გახდა. როცა ამოიღებ კარტოფილს, უკვე ფასი დავარდნილი აქვს. თუ მოასწარი და რაღაც ნაადრევად გექნა მოწეული, იქნებ გაგიმართლოს. თუ დააგვიანე, ფასი სულ აღარ აქვს.
_ შეიძლება კარტოფილის მოყვანით ოჯახმა თავი შეინახოს?
_ პურის ფულს ვშოულობთ, ესაა და ეს. არც სიმინდის მოყვანაა ადვილი. იმასაც მატლი და ხოჭო ესევა. ადრე, 2 ტონა სიმინდი მომყავდა, ახლა კი საერთო აღარაა მოსავალი. იძულებული გავხდი, აღარ დამეთესა. კარტოფილი რომ არ მოგყავდეს, შიმშილით მოვკვდებოდით. რომ ნახოთ, როგორი ეზო და რა ნამუშევარი გვაქვს, გაგიკვირდებათ, მაგრამ ამით მხოლოდ პურს ვჭამთ. ასეა მთელ ნასაკირალში. გამკითხავი არავინაა, არავის აინტერესებს, რა გჭირდება იმისთვის, რომ მოსავალი მოიყვანო. მერე რეალიზაცია ხომ უნდა? ნახეთ, ხელები რა დღეში მაქვს! უთენია ვიღვიძებთ, მერე მთელი დღე ბაზარში ვდგავართ, მაგრამ შედეგი მაინც არაა.
ჩვენი სოფელი ნამეტანი ჩამორჩენილია, პატრონი არ ჰყავს. ყველაფერი ძვირია, მაღალია გადასახადები, წყალი სულ დაბინძურებულია, დახეთქილია მილები. ამ პროდუქტების მოწევას ხომ წყალი სჭირდება? კვირაში გამოუშვებენ სამ-ოთხ დღეს, გადასახადს კი ითხოვენ. ჩემთან ღელე ჩამოდის და იმით ვსარგებლობ.