“მომავალშიც გულმოდგინედ ვიმუშავებთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასა და რატიფიცირებაზე. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა ნამდვილი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მისი წევრი ქვეყნებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ევროკავშირი შეთანხმდება იმ ფორმულირებაზე, რომელიც განამტკიცებს იმ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას, რომელთაც ნამდვილად სურთ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი. საქართველომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი, ბოლო ორ წელიწადში, წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია, როდესაც ჩვენ ვიხილეთ თანმიმდევრული დემოკრატიზაციის პროცესი – ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და შემდეგ უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებით გამართული საპრეზიდენტო არჩევნები”.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, ხელი მოაწერეს “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გაფართოებული თანამშრომლობისა და კონსულტაციების შესახებ” ოქმსა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას 2014 წლისთვის.
მაია ფანჯიკიძემ და კრისტიან ვიგენინმა ისაუბრეს ასევე ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
“ბულგარეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ყველა დონეზე უჭერს მხარს, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენთვის. გარდა ამისა, ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულთა პირთა შესახებ რეზოლუციას გაერო-ში, 14 მონიტორით არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ბულგარეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელიც ვილნიუსში დააყენებს საკითხს იმის თაობაზე, რომ ვილნიუსის დეკლარაციაში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა გახდეს რეალური. მომავალი წელიწადი იქნება საკმაოდ რთული და სწორედ ჩვენი პარტნიორების იმედით უნდა გადავლახოთ ის წინააღმდეგობები, რომელიც სავარაუდოდ შეგხვდება მომავალ წელს. ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც ბულგარეთი არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენ მათი მადლობელნი ვართ”, _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.






























































