კომიტეტზე აზრთა სხვადასხვაობა ცივი იარაღის ტარების შესახებ ცვლილებამ გამოიწვია. კერძოდ, უნდა ჰქონდეს თუ არა ქართულ ტრადიციულ სამოსზე მოქალაქეს ხანჯლის ტარების უფლება.
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აღნიშნავს, რომ ეს ნორმა საგამონაკლისო იქნება, რადგან არ შეიძლება ტრადიციაში ჩარევა. მისი თქმით, ჩოხაზე ხანჯლის ტარების აკრძალვა საზოგადოებაში ბევრ კითხვებს გააჩენს.
“ჩვენი ინიციატივის ფარგლებში აკრძალული იქნება ცივი იარაღის ტარება. დღეს იყო მეორე მოსმენა და მეორე მოსმენის ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე თქვეს, რომ იყო შემთხვევა, როცა ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილ პიროვნებას ქონდა ხანჯალი და დაჭრა მოქალაქე. ამ შემთხვევაში უნდა ვიმოქმედოთ თუ არა ისევ მათ წინააღმდეგ?! მაგრამ ეს ჩვენ საგამონაკლისო წესად გვაქვს მიჩნეული.
თუ ეროვნულ ტანისამოსში იმყოფება პიროვნება და ხანჯალი ამ ტანისამოსის განუყოფელი ნაწილია, ბუნებრივია ეს საგამონაკლისო წესი უნდა დარჩეს. მიუხედავად ამ გამოთქმული აზრისა, უმრავლესობა დაეთანხმა ამ ჩვენს მოსაზრებას, მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ჩვენს საზოგადოებაში ბევრ კითხვებს გამოიწვევს. ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია. ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ამ მარტივი მიზეზით უარი ვთქვათ ტრადიციაზე,” _ განაცხადა იზორიამ.































































