“ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა სამინისტროს მიერ შეჩერდა მერიიდან გაგზავნილი წერილის საფუძველზე.
სინამდვილეში, მინისტრის მიერ აღნიშნული წერილი წარმოადგენდა სამტრედიის ქუჩის მოსახლეობის ნაწილის სურვილს. ის სამინისტროს გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის და მითითებული პრობლემების გადაჭრისთვის და არა პროექტის გასაუქმებლად. იმ პერიოდში სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს იკვლევდა.
რაც შეეხება თბილისის მერიის პოზიციას მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, მისი განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიმდებარე ტერტორიებზე მოძრაობის განტვირთვისა და სატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისათვის. შესაბამისად, მერიის შესაბამისი სამსახურები პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხიდის მშენებლობის პროექტის განხორციელება თბილისის მერიასთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, გაურკვეველი მიზიზების გამო შეჩერდა. მინისტრი კი სხვა უწყებებზე გადაბრალებითა თუ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელების გზით ცდილობს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რადგან არ გააჩნიათ ზუსტი და არგუმენტირებული პასუხი თუ რატომ შეაჩერეს ქალაქისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება,” _ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა თბილისის მერობის კანდიდატად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას დასახელებას გამოეხმაურა და აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის ექს-პრემიერ ბიძნა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. ამასთან უგულავამ ნარმანიასა შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში ნარმანიამ მინისტრად მუშაობის დროს დედაქალაქს ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი “წაართვა”. კერძოდ, უგულავამ ნარმანია მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის შეჩერებაში დაადანაშაულა.

































































