“ეტყობა, მან არ იცის რა მიდგომები გამაჩნია მე. პირველ რიგში, ეს არის საქმის სუფთად კეთება, სადაც არც ერთი ზედმეტი კითხვა არ ჩნდება. იგივე ტენდერებთან თუ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ეს არის პრობლემების სრული ანალიზი, რომლებსაც ყოველთვის ეყრდნობა გადაწყვეტილებები და გადაწყვეტილებები ცალსახად, ერთპიროვნიულად არ მიიღება. ეს არის კონსულტაციებზე და საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, ეს არის ხედვები, პოლიტიკის დოკუმენტები, მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ჩვენ მრავლად შევიმუშავეთ და გავაკეთეთ ჩემ სამინისტროში და იგივე პრინციპებით და მიდგომებით გავაგრძელებ დედაქალაქში მუშაობას. თუ ეს ყველაფერი ამ კატეგორიის ადამიანებისთვის სასწორის ერთ პინაზე დევს და მეორე პინაზე მხოლოდ ჯიგარი დევს, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ფიქრობენ, რომ მხოლოდ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ეს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარიც და შეადარონ სხვის ჯიგარს. ეს ცოტა ირონიას იწვევს ჩემში და არ მგონია, საქმესთან სერიოზული დამოკიდებულება იყოს ჩვენს დედაქალაქში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში”, _ განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობაზე პრეტენზიას ბევრი კანდიდატი გამოთქვამს, რადგან ქვეყანაში დემოკრატია აშკარად წინ მიდის და განსაკუთერბით კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყების შემდეგ.
“ამის შემდეგ პოლიტიკური კულტურა მნიშვნელოვნად წინ წავიდა და მე ველოდები, რომ კანდიდატურები ბევრი იქნება და არავინ არავის არ დაუშლის მისი კანდიდატურის დაყენებას. მე მზად ვარ, რომ ამ ორთაბრძოლაში შევეჭიდო ნებისმიერ ადამიანს”, _ აღნიშნა ნარმანიამ.