“დღემდე არ არის ჩემი ძმის დაბრუნების საკითხი დაყენებული, ძალიან მიკვირს, თუ ის ასეთი დამნაშავეა, რატომ არავის გაუჩნდა მის მიმართ კითხვები? 14 წელი ინარჩუნებდა ხეობას ემზარი თავის თანამებრძოლებთან ერთად, დღეს კი მოღალატედ და კრიმინალად არის შერაცხული და არც არავის უნდა საქმე სამართლიანად გამოიძიოს. ჩამოიყვანონს ჩემი ძმა და თვითონ გასცემს პასუხს ყველა კითხვას. მოვითხოვ მთავრობამ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და მოხდეს ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნება”.
დავით თევზაძე (თავდაცვის ყოფილი მინისტრი): “ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეა, იმსახურებს სახელმწიფოს მიერ სამართლიან მოპყრობას. თუ ემზარი მოღალატეა, მითუმეტეს უნდა იქნეს ჩამოყვანილი და ყველა კითხვაზე თავად უნდა გასცეს პასუხი. ყველამ იცით, რომ ის თავად ითხოვს ამას და ყველა სტრუქტურაში აპირებს დაბრუნების მერე მისვლას და სიმართლის დადგენას. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, 90-იან წლებში დალის ხეობა რამდენიმე ადამიანის ენთუზიაზმზე იდგა. ემზარის მეთაურობით პატარა ბატალიონმა შეძლო იმ საშინელ წლებში ხეობაში სამართლიანობისა და წესრიგის დაცვა, რაც ყველაზე მთავარია მტრებისგან დაცვა. ყველაზე დიდი დანაშაული და მთავარი შეცდომა იყო 2006 წელს ამ ფორმირების დაშლა. ემზარმა მაშინ განაცხადა, რომ ეს პროცესი ხეობის დაკარგვამდე მიგვიყვანდა და ასეც მოხდა, დღეს დალის ხეობა სხვა რესპუბლიკის”.
დავით ლურსმანაშვილი (სამხედრო დაჯგუფების სარდალი): “როცა დაეცა სოხუმი, ყველაზე მძიმე ტვირთი კოდორის ხეობას დაადგა, ათასობით ადამიანი ამ ხეობის გავლით ცდილობდა სამშვიდობოს გასვლას. ხეობა ფაქტიურად ემზარის ხელმძღვანელობით მტერთან პირისპირ დარჩა. მე იქ სამხედრო დაჯგუფების სარდლად დავინიშნე. ემზარმა დახმარება მთხოვა, მე ვარ მოწმე როგორ მოიგერია ამ დაჯგუფებამ ყველა შეტევა. 33 წლის ემზარ კვიციანმა მოახერხა მთელი კოდორის გაერთიანება.
დღეს, როცა გვყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერი, სწორედ რომ დროულია ჩენი მოთხოვნა -ჩამოვიდეს ემზარ კვიციანი საქართველოში და ამით ყველამ დაინახოს, რომ ქვეყანა სამართლიანობის გზაზე დგას.“
თენგიზ კორძაია (“მონადირის” ვიცე-პოლკოვნიკი): “სანამ სოხუმი დაეცემოდა, ემზარმა 35 კაციანი რაზმით გადაკეტა ყველა უღელტეხილი, საიდანაც შეეძლო მტერს სოხუმისთვის დაერტყა. კაცი, რომელიც იყო ნამდვილად პატრიოტი და საქმის გამკეთებელი, დღეს კრიმინალის სახელით სამშობლოდან იდევნება. მასთან ერთად არის მალხაზ ჩიხლაძეც. ჩვენ მოვითხოვთ ემზარ კვიციანის სამშობლოში დაბრუნებას, მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას. ჩამოსვლის საშუალება მიეცეს და ყველა კითხვას პასუხს თვითონ გასცემს. გვჯერა ახალი მთავრობა აუცილებლად მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას”.
ნორა კვიციანის მხარდასაჭერად და ემზარ კვიციანის სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით ბრიფინგზე იმყოფებოდნენ კობა კობალაძე (ემზარ კვიციანის თანამებრძოლი), ვაჟა შუბითიძე (ისტორიკოსი, პროფესორი) და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
ბრიფინგის დასასრულს ნორა კვიციანმა მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ არ უნდა ხელისუფლებას აკადროს ხალხის ქუჩაში გაყვანა, სწორედ ამიტომ სთხოვა ნუ დატოვებენ ყურადღების გარეშე მის მოთხოვნას ძმის სამშობლოში დაბრუნებაზე.
“მე თუ ხალხს მივმართე და ვთხოვე გვერდით დადგომა, ვიცი ათასობით ადამიანი გამოვა. არ მინდა ახალ მთავრობას ვაკადრო ხალხის ქუჩაში გაყვანა, ამიტომ ვთხოვ, ნუ დამტოვებენ პასუხის გარეშე”.