არსებობს თუ არა რეალურად საჯარო უწყებებში ვაკანტური ადგილები და რამდენად აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეს იქ მოხვედრის საშუალება, ამ თემას “გურა ნუსმა” ცოტა ხნის წინ სტატია მიუძღვნა ვაკანტური ადგილები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს.
“გურია ნიუსი” ამჯერად შეეცადა გაერკვია რომელ საჯარო უწყებაში მიიღეს ახალი კადრები და რამდენად ობიექტურად ჩატარდა გამოცხადებული კონკურსი. საზოგადოების აზრი აქაც ექსპერტების მოსაზრებას დაემთხვა. კონკურსანტების თქმით, აქვთ ეჭვი, რომ საჯარო უწყებებში კონკრეტული ადამიანებისთვის სასურველი კანდიდატები ინიშნებიან.
საჯარო მიმოწერა და კონკურსის დასრულებამდე შერჩეული კანდიდატები
პირველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “გურია ნიუსს” დასაქმების მსურველი საკმაოდ ბევრი კონკურსანტი დაუკავშირდა, რომლებიც ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და ამა თუ იმ ვაკანტურ ადგილზე უფროსისთვის სასურველი კანდიდატების დანიშვნაზე საუბრობენ.
ერთ-ერთი მათგანი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.
“საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე hr.gov.ge-ს საშუალებით შევავსე განაცხადი, სამინისტროს წარმომადგენელმა მეილით შემატყობინა, რომ წარმატებით გადავლახე პირველი ეტაპი, ანუ cv-ების გადარჩევა და ტესტირებაზე გავედი 22 ოქტომბერს, 100 ქულიდან 87 ქულა ავიღე. ტესტირების შემდეგ, იგივე წარმომადგენლისგან მივიღე შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება ჩატარდებოდა ამა წლის 8 ნოემბრიდან ნოემბრის ბოლომდე, ხოლო დამატებით რიცხვს და საათს გასაუბრებამდე 2 დღით ადრე მაცნობებდნენ, თუმცა ამ დრომდე სამინისტროდან არავინ დამკონტაქტებია. ამ წერილის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეილზე, რომელზეც სამინისტროს წარმომადგენელი მეკონტაქტებოდა, უცნობი პიროვნებისგან მოვიდა შეტყობინება, ტექსტით და ფოტო-სურათებით, რომლებიც ასახავდნენ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის და მისი თანამშრომლების, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ კონკურსში, საჯარო მიწერ-მოწერას. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით ამ მეილის გავრცელებას ემთხვევა უკვე დანიშნული გასაუბრებების ახსნა-განმარტებების გარეშე გაუქმებაც (რესპონდენტის მიერ მოწოდებულ ფოტოსურათების გამოქვეყნებისგან “გურია ნიუსი” კონკურსის დასრულებამდე თავს იკავებს). თუ გასაუბრების ეტაპზე არ დამიბარეს, ამის შემდეგ გადავწყვეტ როგორ ვიმოქმედო, ჩემი შემდეგი ნაბიჯი მთლიანად სამინისტროს პასუხზეა დამოკიდებული”, _ აღნიშნავს რესპონდენტი “გურია ნიუსთან” საუბრისას.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამინისტროში გამოცხადებული კონკურსი დეკემბრის ბოლომდე დასრულდება და ყველა კანდიდატს, რომლებმაც ტესტირების ზღვარი გადალახეს, გასაუბრებაზე დაიბარებენ.
“კონკურსი დეპარტამენტების უფროსებისა და მათ მოადგილეების შესარჩევად დასრულებულია. რაც შეეხება სამინისტროს სპეციალისტებს, მთავარ სპეციალისტებსა და უფროს სპეციალისტებს, აქ გასაუბრების ეტაპია დარჩენილი და უახლოეს მომავალში ესეც ჩატარდება. კონკურსანტები გასაუბრების გადადების შესახებ გაფრთხილებულები არიან, ზუსტ ვადას მათ რამდენიმე დღით ადრე აცნობებენ. გასაუბრების გადადების მიზეზი მთავრობის დამტკიცება იყო. საატესტაციო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მინისტრის პირველი მოადგილეა, გათავისუფლებული მოადგილე კი კონკურსს ვერ ჩაატარებდა. ახალ წლამდე გასაუბრება აუცილებლად ჩატარდება”, _ აცხადებს პოპიაშვილი.
რაც შეეხება კონკრეტულად საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში გამოცხადებულ ვაკანისებს, პოპიაშვილი ამბობს, რომ მან და მისმა მოადგილემ კონკურსი უკვე გაიარეს.
“ჩემი მოადგილე კონკურსის შედეგად მოვიდა სამინისტროში, რაც შეეხება უფროს და მთავარ სპეციალისტებს ჩემს განყოფილებაში, მათ ზუსტად ისევე უწევს კონკურსის გავლა, როგორც სხვა კანდიდატებს და გასაუბრების ეტაპს ელოდებიან. ეს ყველა თანამშრომელს ეხება და კანონი არეგულირებს”, _ აცხადებს პოპიაშვილი.
სავალდებულოა თუ არა ხარვეზის გამოსწორების პრაქტიკა? – ანუ “ვინ უნდა გავიყვანოთ და ვინ არა, ამას თავად კომისია წყვეტს”
უკმაყოფილი კონკურსანტები ჰყავს ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას, სადაც ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 1200-მდე განაცხადი იყო შესული, აქედან 1000 კანდიდატზე მეტი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის გამო კონკურსიდან მოხსნეს.
სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრ “არგუსის” ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე, რომელიც კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე იყო, ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომისია ფრაქციის თავმჯომარეებით და საკრებულოს წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც აღნიშნულ თანამდებობებზე “თავიანთი ფავორიტების” დანიშვნა სურთ.
“მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ქუთაისის მერიის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა და მონაწილეობა გადავწყვიტე, თუმცა, კონკურსის პირევლივე ეტაპიდან მომხსნეს, თითქოსდა საბუთების არასრულყოფილად წარდგენის გამო. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია 7 კაცის შემადგენლობით, მართული კომისიაა, რომლმაც დანაშაული ჩაიდინა, რადგან ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე უალტერნატივოდ დატოვა თითო ადამიანი ადგილზე, სადაც 12-15 და 30 განაცხადიც იყო შესული. ამასთან, კომისიამ ხარვეზის გასწორების პრაქტიკა არ გამოიყენა. ხარვეზად ჩათვალეს ისეთი აბსურდი, რომ CV და ავტობიოგრაფია თითქოს სხვადასხვა დოკუმენტი იყო და ორივე უნდა წარგვედგინა. არც კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ და არც პრეზიდენტის ბრძანებულება ორივე დოკუმენტის ერთდროულად წარდგენას არ მოითხოვს. მით უფრო, ვიცოდი, როდესაც მერების შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, იქაც ორივე იყო მოთხოვნილი, თუმცა რამდენიმე კანდიდატმა მხოლოდ ერთი წარადგინა და არცერთი მათგანი ამის გამო კონკურსიდან არ მოუხსნიათ. ჩემი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, კომისიის ეს გადაწყვეტილება საპრეტენზიო კომისიასთან გავასჩივრე, მაგრამ უბედურება ის არის, რომ საპრეტენზიო და შესარჩევი კომისია ერთი გუნდია. ჯერ ერთი, ინტერესთა კონფლიქტია ის, რომ კომისიაში ფრაქციის თავმჯომარეები და საკრებულოს წევრები არიან წარმოდგენილები, თავისთავად ცხადია, რომ ყველა პარტიას თავისი ფავორიტები ჰყავთ, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ და ბუნებრივია, ობიექტური ვერ იქნებოდნენ. გარა ამისა, საპრეტენზიო კომისის წევრი პოლიტიკური პარტიის წევრიცაა და ინტერესთა კონფლიქტი იქმნება, საუბარი მაქვს „პატრიოტთა ალიანსზე“. ამასთან, საპრეტენზიო კომისიაში საკრებულოს იურისტები არიან ანუ გასაჩივრება აზრს კარგავს. კონკურსიდან მოხსნილი კანდიდატები მოვუწოდებთ ქალაქის მერს შოთა მურღულიას, არ დაამტკიცოს კონკურსის შედეგები. ამ მოთხოვნით, პარასკევს, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე აქციის გამართვასაც ვაპირებთ”, _ აცხადებს მანაგაძე.
ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას, მანაგაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხარვეზის გასწორების პრაქტიკას კანონი არ ითვალისწინებს.
“1200 განაცხადი იყო შემოსული 48 ადგილზე. ძალიან ბევრი კანდიდატი მოვხსენით პირველივე ეტაპიდან, მხოლოდ 162 კონკურსანტი გადავიდა შემდეგ ეტაპზე. მათი მოხსნის ძირითადი მიზეზი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენა იყო, ზოგს პირადობა აკლდა, ზოგს ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ნარკოლოგიური შემოწმების დამადასრურებელი ცნობა, ავტობიოგრაფია და ა.შ. ხარვეზის გამოსწორების საშუალება არ გამოგვიყენებია, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებს, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისია ხელმძღვანელობს. სახელმძღვანელო წესში არ არის მითითებული, რომ ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. რაც შეეხება კონკრეტულად მანანა მანაგაძესთან დაკავშირებულ საკითხს, ავტობიოგრაფიის წარდგენა მან საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან cv ჰქონდა მოტანილი, თუმცა, მოთხოვნა ორივე დოკუმენტზე იყო და მას ორივე უნდა წამროედგინა. ბრალდებაზე კი შემიძლია გიპასუხოთ, ვინ უნდა გაიყვანოს კომისიამ და ვინ არა, ამას თავად კომისია წყვეტს. უფრო სწორად, ჩვენ შეფასება უნდა მივცეთ”, _ აცხადებს მარგველაშვილი და დასძენს, რომ ამ კონკურსში მერიის მოქმედი თანამშრომლებიც მონაწილეობენ, თუმცა ის ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს –“ზუსტად რამდენია მაგას ვერ გეტყვით, თუმცა, ისინი კონკურსში მონაწილეობენ და ამას კანონი არ კრძალავს. დაახლოებით ერთ კვირაში მერს უკვე შერჩეული კანდიდატები წარედგინება ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად”, _ განუცხადა “გურია ნიუსს” მარგველაშვილმა.
უცნობი პასუხი
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც “გურია ნიუსთან” საუბრისას კონკურსანტები ასახელებენ, ის არის, რომ მათ უარყოფითი პასუხის შემთხევვაში ამა თუ იმ უწყებიდან შეტყობინება არ მოსდით, რაც, მათი თქმით, უაზრო ლოდინს იწვევს.
“გურია ნიუსთან” საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ მეფარიშვილი (სახელი და გვარი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია, ავტ.) აცხადებს, აღნიშნულ უწყებაში გასაუბრებაზეც იყო, თუმცა გასაუბრებიდან დაახლოებით ერთი თვეა გასული და მას დადებითი ან უარყოფითი პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადი სექტემბრის ბოლოს გავაგზავნე, მალევე მომივიდა წერილი, რომ გასაუბრებაზე მიბარებდნენ და ვიყავი კიდეც. საკმაოდ კეთილგანწყობილი დამხვდნენ კომისიის წევრები, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მეკითხებოდნენ სამუშაო გამოცდილების და პიროვნული უნარების შესახებ. ყველანაირ რთულ სიტუაციაში წარმომადგენინეს თავი, რასაც ვფიქრობ, კარგად ვუპასუხე. თუმცა, დღემდე დადებითი ან უარყოფითი პასუხი ადმინისტრაციიდან არ მიმიღია. ისიც კი არ ვიცი გადავედი თუ არა შემდეგ ეტაპზე, ან კიდევ რა დავალების შესრულება მომიწევს კონკურსის პირობებში. რადგან აღნიშნულ ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი ტესტირებას არ ითვალისწინებდა. ვფიქრობ, კონკურსანტს დადებითი ან უარყოფთი პასუხი წერილობით უნდა ეცნობოს, რაც მისთვის აუცილებელია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ ელოდოს პასუხს კონკურსის პირობები დააკმაყოფილა თუ არა”, _ აცხადებს მეფარიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი თიკო მჟავანაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი თვის მანძილზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგად, სავარაუდოდ, სტრუქტურა შეიცვლება და ახალ თანამშრომლებსაც მიიღებენ. თუმცა, მჟავანაძე ჩვენთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსანტებს გასაუბრების შედეგი აცნობა თუ არა.
“პროცესი ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ახლაც მიმდინარეობს და ეს ერთი თვეც გვჭირდება იმისთვის, რომ ადმინისტრაცია დავალაგოთ. ამ თემებზე საუბარი ცოტა ადრეა, თვის ბოლოს როგორც კი რაიმე მონახაზი იქნება, მედიისთვის განცხადებას აუცილებლად გავაკეთებთ”, _ გვითხრა მჟავანაძემ.
ორჯერ ჩაშლილი კონკურსის “უცნობი” მიზეზი
კიდევ ერთი საჯარო უწყება, რომლმაც ახალი ხელისუფლების პირობებში რეორგანიზაცია დაიწყო განათლების და მეცნიერების სამინისტროა, რომელმაც საქართველოს მასშტაბით რესურსცენტრების ხელმძღვანელების თანამდებობებზე ვაკანსიები გამოაცხადა, თუმცა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსი რამდენჯერმე ჩაშლილად გამოაცხადა და ამ დრომდე რამდენიმე რაიონში რესურსცენტრებს მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.
“გურია ნიუსის” რესპონდენტი, რომელიც ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორია რესურსცენტების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში ორჯერ მონაწილეობდა, თუმცაკონკურსი კომისიამ ორივეჯერ ჩაშლილად ისე გამოაცხადა, რომ მიზეზი არ აუხსნია.
“განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი კონკურსი გაზაფხულზე გამოაცხადა, სადაც ძირითადად სკოლის დირექტორები მონაწილეობდნენ, თუმცა ტესტირება მხოლოდ სამმა კანდიდატმა გადავლახეთ. ტესტირების შემდეგ გასაურება სამინისტროში ჩატარდა, მაგრამ კომისიამ კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით საჩივარი შევიტანე და მივიღე ზოგადი წერილობითი პასუხი, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კონკურსი ჩაშლილად გამოცხადებულიყო, თუმცა რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა იყო ამის მიზეზი, წერილში ახსნილი არ ყოფილა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ კონკურის თავიდან გამოცხადდა და ისევ მივიღე მონაწილეობა. ამჯერად ტესტირებაში 82 ქულა ავიღე, რაც საუკეთესო შედეგი იყო გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს შორის. გასაუბრება ისევ სამინისტროში გავიარეთ, ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ 7 კონკურსანტიდან კომისია არჩევანს გააკეთებდა, თუმცა კონკურსი მეორედაც ჩაშლილად გამოაცხადეს. ამის შემდეგ გაგვიჩნდა ასეთი აზრი, რომ კომისიას თავისი კანდიდატის გაყვანა უნდოდა, თუმცა ვინ არის ეს „თავისიანი“ და რატომ არ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, არ ვიცით. შესაძლოა, ამ პიროვნებამ პირველი ეტაპი ვერ გადალახა და კომისიამ მეორეჯერაც ამიტომ ჩაშალა კონკურსი, მაგრამ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ორჯერ გადავლახეთ ტესტირების ეტაპი და გავედით გასაუბრებაზე, რაიმე პასუხი, რის გამო გამოაცხადეს კონკურსი ჩაშლილად ხომ უნდა ვიცოდეთ?! საპრეტენზიო კომისიას წერილობით მეორეჯერც მივმართე და ზუსტად იგივე პასუხი მივიღე, რაც პირველად. შეხვედრაც მინდოდა სამინისტროს წარმომადგენელთან, თუმცა ეს ვერ მოხერხდა”,_ აცხადებს რესპონდენტი.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტებმა დაბალი შეფასება მიიღეს, რის გამოც, რამდენიმე რაიონში კონკურსი ორჯერ ჩაიშალა, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ რესურსცენტრების ხელმძღვანელად ღირსეული კანდიდატი შეირჩეს.
“საქართველო რამდენიმე რაიონში კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება მეორედ მოგვიწია. თუ სწორად მახსოვს 7 რაიონი იყო, სადაც კონკურსანტებს დაბალი შეფასება მივეცით, რადგან მათ მენეჯერული უნარ-ჩვევები და გამოცდილება არ ჰქონდათ, ან შესაძლოა ჰქონდათ, მაგრამ ვერ წარმოაჩინეს. კომისიის წევრების ძირითად მიზანს კი სწორედ მენეჯერული უნარჩვევების აღმოჩენა წარმოადგენს, რისთვისაც სპეციალური კითხვარია შემუშავებული. გვაქვს სპეციალური ბლანკი, სადაც კომისიის თითოეული წევრი დამოუკიდებლად ვაკეთებთ შეფასებას და შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს. კომისიის ერთი წევრი გადაწყვეტილებას არ იღებს”, _ აცხადებს კობახიძე და დასძენს, რომ არცერთი კონკურსანტის შეფასებისას ტენდენციურობას კომიისის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომისიამ ძირითადი მიზანი ყველა გასაუბრებაზე შეასრულა. ეს იყო თითოეული კონკურსანტის ობიექტურად შეფასება, რომ არ იყოს რაიმე ტენდენციურობა, მიკერძოებულობა და ა.შ. მაგალითების მოყვანიდან თავს შევიკავებ, მაგრამ გვქონდა შემთხვევები, როდესაც კონკურსანტს რეკომენდაციას უწევდნენ ავტორიტეტული პიროვნებები, მაგრამ კომისიამ ის მაინც ვერ შეარჩია. რეკომენდატორებში შეგვხვდა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები და ა.შ. მაგრამ რეკომენდატორების მიხედვით არავინ შეგვირჩევია. ამის მაგალითი ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელია, რომელიც რიგითი მასწავლებელი იყო სოფლის ერთ-ერთ სკოლაში და იმდენად კარგად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, რომ ჩვენ ის შევარჩიეთ. ამასთან, კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავტოვეთ თანამდებობაზე, რადგან სხვა კონკურსანტებთან შედარებით თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა. ასე რომ, მოქმედია ხელმძრვანალია თუ მას ვინმე ცნობადი სახე ლობირებს, კომისიისთვის არცერთ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ ჰქონია”,_ აცხადებს კობახიძე.