მისი თქმით, ამ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული საკმაოდ რბილი ტონის ანალიტიკური წერილები გასაგები ენით არის დაწერილი, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ ტონს – გვჩაგრავენ, რაც სავარაუდოდ, მომავლისთვის ქმნის ნიადაგს.
“ჩვენ მოგვივიდა სიგნალები, რომ საჭიროა ყურადღების გააქტიურება, რომ რაღაც ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ, მინდა ვთხოვო მთავრობას, ამ მხრივ არ მოადუნოს ყურადღება და მიაქციოს ამ პროცესებს ყურადღება”.
ექსპერტი ურჩევს მთავრობას ყურადღება მიაქციონ ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ ახალგაზრდებს, რომლებიც შესანიშნავად ლაპარაკობენ ქართულად და საკმაოდ კარგი განათლებაც აქვთ მიღებული. არეშიძის აზრით, სწორედ იმათმა უნდა ამცნონ ყველას საქართველოს სომხების ხმა.
არეშიძის განცხადებით, შეუძლებელია საქართველოს იძულება სერიოზულად გაატაროს რეგიონული ენების სტატუსი. მისი თქმით, საქართველო ჯერ არ არის ამ პროცესისთვის მზად არც ერთი თვალსაზრისით.
“ძალიან გაჭირდება საქართველოს იძულება გაატაროს რეგიონული ენების სტატუსი. ამისთვის ჩვენ არც მატერიალურად ვართ მზად, არც მორალურად და არც პოლიტიკურად. მე მომხრე ვარ თვითმმართველობებში გასატარებელი რეფორმების აუცილებლობის, მაგრამ ჯერ პირველი დონის თვითმმართველობა შევქმნათ, მეორე რგოლი კი გავაჩეროთ”.
ექსპერტი აცხადებს, რომ საჭიროა სიფრთხილე, თუნდაც ტერმინოლოგიებში, რათა მტერმა სათავისოდ არ გამოიყენოს სიჩქარით გადადგმული ნაბიჯები, რადგან უკვე გვაქვს მწარე გამოცდილება ზემო ახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევებში.
“რაც შეეხება რეგიონალიზაციას, ვფიქრობ, დროში უნდა გაიწელოს. რწმუნებულის ინსტიტუტი არ უნდა გადაიქცეს დიდ მმართველ ორგანოდ. ჩვენ ვნახეთ წინა მთავრობის დროს როგორ გადაიქცა ეს რგოლი გუბერნატორის უმართავ რგოლად. ასევე შეიძლება მოხდეს ახლაც. შეიქმნება საკონსტიტუციო საბჭო და სხვა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შესაძლებელია ის გადაიქცეს რეგიონულ პარლამენტად. საკმაოდ რთულ პროცესთან გვაქვს საქმე და მაშინ, როცა კარზე გვაქვს მომდგარი რეგიონული ენების პრობლემის გადაწყვეტის თემა, მიმაჩნია, რომ უნდა დარჩეს თვითმმართველობის მხოლოდ პირველი ნაწილი. შინაგანად ფედერალისტი ვარ, მაგრამ დღეს ნამდვილად არის საფრთხის შემცველი ხიფათები. რეგიონალიზაციის თემა სახიფათოა. გაუგებარია რატომ ვჩქარობთ ასე. ჯერ არავინ არ იცის რა არის რეალური თვითმმართველობა, ჯერ გავძლიერდეთ და მერე ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე”.