ბოლო წლების განმალობაში სასჯელაღსრულების სისტემაში არაერთი რეფორმა განხორციელდა, რომელიც პატიმართა მდგომარეობაზე არსებითად აისახა. მიუხედავად ამისა, პატიმართა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებს ხშირად ჰქონდა ადგილი. პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტები და პატიმართა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირების გარეშე რჩებოდა.
საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ქმედითი საზოგადოებრივი ზედამხედველობის გარეშე პატიმართა წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახავი ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია ვერ მოხდება. ვინაიდან, ეს არის დახურული სისტემა, ამ სპეციფიურობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების დარღვევების რისკი უფრო მაღალია.
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს “ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობა მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა დაინერგოს პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოახდენს წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევების პრევენციას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა შეიქმნას სტაბილური საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა.