შეხვედრაზე განხილული იყო ანაკლიის პორტისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარების, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის საკითხები.
ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ანაკლიის პროექტის მენეჯმენტით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გააცნეს აღნიშნული პროექტის განვითარების მათეული ხედვა. „კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიას პროექტის განვითარებით ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი რეგიონული მოთამაშეების ინტერესებს უნდა აერთიანებდეს და საქართველოს მთავრობა გეგმავს, შეარჩიოს ისეთი სტრატეგიული მენეჯერი კომპანია, რომელიც პროექტის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს.
ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ანაკლიის მასშტაბური პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პორტის, ლოგისტიკური ცენტრის, საწარმოო ზონის, საერთაშორისო აეროპორტისა და სხვა ობიექტების ამოქმედებას, უნისონში უნდა იყოს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტთან, რომელიც ასევე მიმდინარეობს.
“კონტი ჯგუფის” წარმომადგენელთა მომდევნო ვიზიტი საქართველოში 2014 წლის იანვარშია დაგეგმილი.