რეგიონული სატყეო სამსახურის ცნობით, უშეშოდ ორბელისა და ლაჯანას მოსახლეობის 7–8 პროცენტია დარჩენილი. უამინდობის გამო მანქანა გამოყოფილ ტყეკაფებამდე ვეღარ შედის და ტყიდან შეშის გამოტანა ვეღარ ხერხდება.
OECI–ის რეგიონული კოორდინატორის, ნანა სოხაძის განცხადებით, საკითხი ადამიანების უსაფრთხოებას ეხება.
“სახლის გათბობა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა და უშეშოდ დარჩენამ შეიძლება სახლის დაკეტვა და ოჯახების გახიზვნა გამოიწვიოს. თუმცა, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ხალხს ხშირად წასასვლელიც არსად აქვს. ამას კი უკვე უსაფრთხოების პრობლემასთან მივყავართ,” _ ამბობს ნანა სოხაძე.
შეშის პრობლემის შესასწავლად OECI ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნოემბერშიც სტუმრობდა. მოსახლეობამ მაშინვე ნათლად დააფიქსირა, რომ სოფლის შეშით მომარაგება შეუძლებელი იყო და ხელისუფლება შესაძლო უკანონობაზე გააფრთხილა.
“სოფელში სულ ორი ორხიდიანი მანქანაა და მთელი სოფელი შეშის რიგში ვართ. არავინ იცის, კიდევ რამდენ რეისს გააკეთებენ ამ დანგრეულ გზებზე. მით უმეტეს, რომ ზამთარი უკვე კარზეა მომდგარი და თუ ჩამოთოვა, მერე ვინ სად რას მოჭრის, ვეღარავინ გააკონტორლებს,” _ ამბობდნენ ლეჩხუმელები.
ლეჩხუმში ჩამოთოვა და გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისვლა გაზაფხულამდე უკვე შეუძლებელია.
“გამოსავალი – უახლოეს ტყეში ალტერნატიული ტყეკაფების გამოყოფაა, საიდანაც შეშას ხარებით გამოიტანენ,“ _ ამბობს ადგილობრივი მეტყევე გელა ბურჯალიანი.