საქართველოს სახალხო დამცველი 2014 წლის მთავარ გამოწვევად სამ კომპონენტს ასახელებს, მათ შორის ერთ-ერთი ფინანსური რესურსების სიმწირე და დაბალკონკურენტუნარიანი ანაზღაურებაა. კადრების სიმწირე კი ოფისს დროული და ეფექტური მომსახურების მიწოდების საშუალებას არ აძლევს.
მომავალი წლისთვის სახალხო დამცველს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ოფისთან საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელშიც 4 მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი იმუშავებს. გარდა ამისა, გადაწყვეტილია შტატების გაზრდა 59-დან 90 თანამშრომლამდე, რაც შესაბამისად, მეტ ხარჯს მოითხოვს. იანვრის თვიდან კახეთში სახალხო დამცველის მეშვიდე რეგიონული ოფისი ამოქმედდება, რომლესაც დამატებითი ადამიანური რესურსი და ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენის ოფისისთვის დაფინანსების 38%-იანი ზრდა უპრეცედენტოა (აქამდე ბიუჯეტი ყოველწლიურად მხოლოდ 5%-ით იზრდებოდა), ნანუაშვილი ამბობს, რომ ოფისის მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, საჭირო ხდება, შტატების დამატება. მაღალკვალიფიციური სპეციალისტებს კი მაღალი ხელფასი სჭირდებათ, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს.
2013 წელს სახალხო დამცველის ბიუჯეტი 2 100 000 ლარს შეადგენდა. გარდა ამისა, ოფისს ისეთი მსხვილი დონორები აფინანსებენ, როგორებიცაა: ევროკავშირი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, გაეროს ბავშთა ფონდი, გაეროს განვითარების ფონდი, ოქსფამი, გაეროს ქალთა ფონდი და ა.შ.