ვეტერანმა კალათბურთელმა “ქორთიარდ მერიოტში” გამართულ საარჩევნო ყრილობაზე დელეგატთა 29 ხმა მიიღო. სულ არჩევნებში 40 არსებული დელეგატიდან მონაწილეობა 32-მა მიიღო, ერთი ხმა მიხეილ ახვლედიანს ერგო, ხოლო ორი გაბათილდა.
ყრილობის დასაწყისში, ერთ-ერთმა კანდიდატმა მიხეილ ახვლედიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებული წერილი წაიკითხა, სადაც ფიბა (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდებაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. ახვლედიანმა განაცხადა, რომ ის არაკანონიერ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
მას შემდეგ, რაც ახვლედიანმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა, საარჩევნო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა საკალათბურთო კლუბ “დინამოს” პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმაც. მისი თქმით, მიზანშეწონილი იქნებოდა წესდების სრულყოფა და შემდეგ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც ყრილობამ არ გაითვალისწინა.
დარჩენილმა ორმა კანდიდატმა ვლადიმერ ბოისამ და კახა შენგელიამ კანდიდატურა მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნეს. კანდიდატების თქმით, მათი ხედვები ქართული კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით თითქმის ყველა საკითხში ემთხვევა და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს ძალები გაეერთიანებინათ.
დასახელდა კალათბურთის ფედერაციის გამგეობის ახალი შემადგენლობა, სადაც კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისაც შედიან. ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი იქნება.
პრეზიდენტის პოსტზე გაბრიჩიძე ბესიკ ლიპარტელიანს შეცვლის, რომელიც ფედერაციას 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა. მიხეილ გაბრიჩიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შემდეგი 4 წლის განმავლობაში იქნება.
რა ხდებოდა მანამდე და წლების განმავლობაში კალათბურთის ფედერაციაში და რა “უვადო საპრეზიდენტო” წესდებით მოხდა არჩევა? ამაზე პირველად ვრცელი სიუჟეტი გადაცემა “ანატომიაში გავიდა.
“გურია ნიუსი” ქრონოლოგიურად შემოგთავაზებთ უვადო პრეზიდენტისა და კალათბურთის ფედერაციის დაუჯერებელ ამბავს, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
პრეზიდენტი უვადოდ…
პრეზიდენტი უვადოდ, ოთხ გვერდიანი წესდება, მტკიცებულებების გარეშე ჩაშლილი ყრილობა, ზეწოლა ზეწოლის გარეშე, პასპორტები მუქთად და უმისამართოდ და საკალათბურთო მოედანზე შეჭრილი პოლიტიკა. ასეთი იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თორმეტწლიანი მმართველობის შედეგებს და მისი გუნდის თამაშის წესებს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია “ფიბას” წესდების ხელმომწერი გახდა, ავტომატურად იკისრა ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თუმცა ეს ვალდებულებები იმ ოთხ გვერდიან წესდებაში, რომელიც 2001 წლიდან მოქმედებს, არასდროს ასახულა.
იურისტი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ: “წესდებაში უამრავი ხარვეზია. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ და მეორე _ ეროვნული ფედერაციის წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული იურიდიული პირი…..”
უმაღლესი ორგანო, ყრილობა ირჩევს გამგეობას, მაგრამ ვინ უნდა იყოს ყრილობის შემადგენლობა, ამასაც გამგეობა განსაზღვრავს. ფაქტობრივად, გამოდის რომ გამგეობის წევრები წარმოადგენენ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც საკუთარი თავი უნდა აირჩიონ. ხშირ შემთხვევაში, ყრილობისა და გამგეობის წევრი ერთი და იგივე სუბიექტია.
კლუბ თბილისის დინამოს პრეზიდენტი ვატო ნაცვლიშვილი, რომელმაც გუშინდელ არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო, აცხადებს, რომ არსებული წესდების პირობებში, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევას არანაირი აზრი არ აქვს. ამიტომ, თბილისის დინამომ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
ვატო ნაცვლიშვილი: “ წესდება უნდა იყოს სრულყოფილი და ამ წესებზე უნდა შევთანხმებულიყავით, მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გამგეობამ უგულებელყო…”
შეიძლება თუ არა ყრილობისა და გამგეობის წევრი ერთი და იგივე სუბიექტი იყოს? რა განმარტებას იძლევა ამასთან დაკავშირებით ფიბას სახელმძღვანელო?
ლევან მიქელაძე (“ფიბას” წარმომადგენელი საქართველოში): “დღეს არსებული წესდება სრულიად შეუსაბამოა ფიბას სახელმძღვანელოსთან და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობასთანაც, რადგან საქართველოს კანონი სპორტის შესახებ სწორედ ამას გვეუბნება.”
წესით, აღნიშნული წესდება, 2013 წლის 10 აგვისტოს შემდეგ ახალი რედაქციით უნდა შესულიყო ძალაში, რადგან ყრილობაზე ასე გადაწყდა ხმათა უმრავლესობით ოცით თორმეტის წინააღმდეგ, თუმცა მაშინ ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა ყრილობა ჩაშლილად გამოაცხადა და მიზეზად ზეწოლა დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლის ფაქტი სამართლებრივად არ დადასტურდა, დღემდე წესდების ძველი რედაქცია მოქმედებს.
მოქმედი წესდების ყველაზე საინტერესო დეტალი მაინც მუდმივმოქმედი საპრეზიდენტო ვადაა. 2001 წლიდან მოქმედი დოკუმენტის თანახმად, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა არანაირ ვადას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ბესიკ ლიპარტელიანის მმართველობის პერიოდი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის.
2001 წლამდე მოქმედებდა წესდება, რომელიც ითვალისწინებდა პრეზიდენტის არჩევას 2-ჯერ ოთხ წლიანი ვადით. ეს წესდება 2001 წლიდან ისე შეიცვალა, რომ არავინ იცის რა ბედი ეწია ძველს.
ბესიკ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ წესდება კანონმდებლობასთან და ფიბასთან მიმართებაში სრულ წესრიგშია: “ამასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი გასაგები რომ ყოფილიყო კალათბურთის სამყაროსთვის, კალათბურთის ფედერაციამ შემოიარა ჩვენს სფეროში ყველა, რათა გათვლილი ყოფილიყო ნებისმიერი დეტალი. სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება.
კალათბურთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქმეში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც ჩაერთო, სადაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
2013 წლის 30 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს მინისტრი ლევან ყიფიანი აწერს, ვკითხულობთ:
“ვინაიდან ააიპი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოდგენილი წესდების პროექტი არ პასუხობდა ფიბას ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს მოთხოვნებს, მხარეებმა ზემოთ ჩამოთვლილ პირველ ორ საკითხში ძირითადში შეაჯერეს საკუთარი პოზიციები, რაც გამოიხატა შემდეგში: პუნქტი მეორე: ყრილობის უფლებამოსილებათა ფარგლები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) წესდების მიღება და შეცვლა ყრილობის შემადგენლობის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით;
ბ) ეროვნული ფედერაციის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულების დამტკიცება; გ) აუდიტის დანიშვნა; დ) საპატიო წევრების არჩევა; ე) რიგგარეშე ყრილობის მოწვევის უფლება აქვს პრეზიდენტს გამგეობას და ფედერაციის წევრთა შემადგენლობის 25 % -ს; “
ფიბას მენეჯერი საქართველოში ლევან მიქელაძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები და ღონისძიებები არაეფექტურია.
ლევან მიქელაძე: “მიუხედავად იმისა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც წესდების სრულყოფასა და დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანაზე უნდა ესაუბრა, ცვლილებები არ განხორციელებულა.”
საკალათბურთო მოედანზე შეჭრილი პოლიტიკა…
სამინისტროს სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა “კალათბურთელთა კავშირის” მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რეკომენდაციებში შეიტანა შემდეგი საკითხი: “საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის როგორც ასოცირებული, ასევე ნამდვილი წევრი უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირი და არა კერძო პირები. ამასვე ითვალისწინებს ფიბას სახელმძღვანელოს მესამე პუნქტიც.
აღნიშნული ხარვეზი ფედერაციის ამჟამინდელმა მესვეურებმა თავისებურად დაარეგულირეს, რასაც მოყვა ერთ დღეში იდენტური წესდებებით რამდენიმე აიპის შექმნა და მათი ფედერაციაში გაწევრიანება
საკალათბურთო მოედანზე შეჭრილი პოლიტიკა გამგეობის შემდეგი წევრებით იყო წარმოდგენილი: ზაზა გოროზია, გიორგი მელაძე, ლევან ბეჟაშვილი. ისინი ზუსტად ისეთივე იდეოლოგიით მოღვაწეობდნენ კალათბურთის ფედერაციაში, როგორც თავიანთ პირველად სამსახურებში _ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნიასა და აუდიტის სამსახურში. მათ არ სჭირდებოდათ პროფესიონალები, ისეთებიც კი როგორიც კალათბურთის ლეგენდა, მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი იყო.
ბესიკ ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ეს მათი პოლიტიკური გათვლა იყო: “სანამ ჩვენ სახელმწიფო პროგრამაში ჩავჯდებოდით, მანამდე გვჭირდებოდა ამის დამტკიცება და ამისთვის გამგეობაში შევიყვანეთ ის პირები, რომლებსაც გავლენა ჰქონდათ და გვეხმარებოდნენ, ლობირებდნენ ამ საკითხებს. ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ”
ნიკოლოზ დერიუგინი: “მიჭირს ლაპარაკი ჯობია ბატონ ლიპარტელიანს შეეკითხოთ არ ვიცი, ალბათ არ ვჭირდებოდი ან ხმები დადიოდა ქალაქში ვითომ ასაკში ვარ, დავბერდი… როგორც ჩანს, კალათბურთის ფედერაციას ჭირდებოდა ეს ყველაფერი.”
სამაგიეროდ ჩამოჰყავდათ და ქართულ პასპორტებს ურიგებდნენ ისეთ კალათბურთელებს, რომლებიც ან თვალით არავის ჰყავდათ ნანახი ან საქართველოს სახელით არც ერთი თამაში უთამაშიათ. სამაგიეროდ, იღებდნენ ქართულ პასპორტებს და მიდიოდნენ ევროპაში.
მათი ჩამონათვალი ასეთია: მელვინ სანდერსკი, კვინტონ ფოსლი, კორი ფიშერი, ლუკ სელერი.
ვატო ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოთამაშე საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში….
უფრო მეტიც, ქართული კალათბურთის ფედერაციის უახლეს ისტორიას ჰყავს ნატურალიზირებულ ფერადკანიანი ქალი კალათბურთელები და ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ყველაზე აქტუალურ საკითხად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი იდგა, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილისგან ვერ მიიღო.
რაც შეეხება კალათბურთის ფედერაციის ფინანსური საკითხების შესწავლას, აუდიტის სამსახურს 2010 წლიდან დღემდე უწყება არცერთხელ შეუმოწმებია.
მიზეზი მარტივია, აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი პარალელურად კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი გახლდათ…
პრემიები და ნეტო პრემიები…
კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის ბიუჯეტის ფარგლებში 2012 წლის მონაცემებით საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების გუნდის მთავარი მწრთვნელის იგორ კოკოშკოვისა და მწვრთნელის ჯეისონ სტოდტის 2012 წლის სახელფასო ანაზღაურება 244 134 ლარი შეადგინა.
იგივე იგორ კოკოშკოვის ნეტო პრემიით უზრუნველყოფა 104 053 ლარად იქნა შეფასებული.
ლევან მიქელაძე აცხადებს, რომ კოკოშკოვის ანაზღაურების საკითხი გამჭვირვალე არ იყო. მისი ანაზღაურება გაცილებით ნაკლები უნდა ყოფილიყო.
2011 წლის სპორტულ სახეობათა განვითარების პროგრამის ფარგლებში მეტად საინტერესო ხარჯთაღრიცხვაა წარმოდგენილი, მაგალითად: ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე საქართველოს ნაკრების მხარდამჭერის ორგანიზებაში 95 000 ლარია გადახდილი, ამავე წელს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის თანხლებით დელეგაციის ხარჯები 50 538 ლარი დაჯდა.
ქალაქ კლაიპედაში 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერთა ჯგუფის მივლინება ქვეყნის ბიუჯეტს 234 949 ლარი დაუჯდა. რაც შეეხება კოკოშკოვს, ხელფასისა და ნეტო პრემიის გარდა, მას ჯილდოც გადაეცა 3574 ლარის ოდენობით
კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები თამაშებში, ხელფასის სახით ანაზღაურებას არ იღებენ. ასეთი პატივი წილად მხოლოდ ორ უცხოელ მოთამაშეს ხვდა, ჯაკობ პულენს და ენტონი ფიშერს. მათი მომსახურების ანაზღაურება 2012 წელს ბიუჯეტს 247 500 ლარი დაუჯდა. თუმცა, რა მომსახურება გასწიეს და რაში აიღეს ფული, ეს უცნობია.
საპრეზიდენტო არჩევნები კი ჩატარდა… ძველი წესდებით და უცვლელი მეთოდებით…