ჩემი ამბავი საიდან დავიწყო? ალბათ იქიდან, სკოლა რომ დავამთავრე და სამუშაოს ძებნა დამავალდებულა მამაჩემის უმუშევრობამ და ჩვენი ორკაციანი ოჯახის გაჭირვებამ. თუმცა, თქვენ რას გეკითხებით? უცბად პასუხი არ მივიღო. ჭონქაძეზე ვცხოვრობდით და სკოლაში წასვლა მეზიზღებოდა, რადგან 55-ეში ვსწავლობდი და ტრანსპორტის ფული არასდროს მქონდა, ამიტომ, ფეხით სიარული მიწევდა სოლოლაკიდან ჭავჭავაძემდე, ეს კი, დამერწმუნეთ, აუტანელი და დამღლელი საქმეა, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ბევრი მეგობრები არასდროს მყოლია, არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე იყო, ალბათ ამის მიზეზი ჩემი აუტანელი ხასიათია და “აუტსაიდერის” სული. არადა, მე ჩემი ხასიათით კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის, მაინც მთავარია სხვები იყვნენ კმაყოფილნი, ეს სიტყვა “სხვები” კი მაგრად მაღიზიანებდა. ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, მამაჩემი მეუბნებოდა, შენი ეგოისტი კარგი მოვ…ნო. ორი უახლოესი მეგობარი მყავდა, მედალი და ორდენი, ოღონდ რკინის ჯილდოებს კი არ ვგულისხმობ, არამედ ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულ ტყუპებს, რომლებსაც დედამ იმის გამო, რომ მამამთილზე შური ეძია, საკუთარ შვილებს ასეთი არაჩვეულებრივი სახელები უანდერძა. გარეგნობით, ერთი დაბალი იყო, მეორე ალვის ხესავით აწოწილი და თხელი. შურისძიება დედამისმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ქმარმა ერთ მშვენიერ დღეს განუცხადა, აღარ მიყვარხარო და შვიდი თვის მომავალი დედა მარტო მიაგდო. ქმრის მოულოდნელ გადაწყვეტილებას ქალი მამამთილს აბრალებდა, რომელსაც რძალი მხოლოდ იმიტომ სძულდა, რომ ჩაქაფულის გაკეთება არ იცოდა. მოკლედ, ასეთი უცნაური ოჯახი იყო.
კლასში ოროსანი ვიყავი და მამაჩემი მშობელთა კრებებზე შერცხვენილი, თვალებამოკარკლული და ჭარხალივით გაწითლებული იჯდა. შენს მაგივრად “ვეშოლკა” გამეკეთებინა, ქურთუკს მაინც დავკიდებდიო, ოხრავდა მამა. სკოლა დავამთავრე და ატესტატი ნახვეწარი სამიანებით გაძეძგილი ჩამახუტეს. ამას ნამდვილად არ განვიცდიდი, პირიქით, რახან თერთმეტწლიან ტანჯვას ბოლო მოეღო, ყველაფერზე ხელისმომწერი და ყველაფერს შემგუებელი ვიყავი. “შენ კაცი ხარ? ორი მეგობრის მეტი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოძებნეო”, _ შფოთავდა მამაჩემი. მე კი ორდენს და მედალს დედამიწაზე არავინ მერჩივნა და ამით ძალიან ბედნიერიც ვიყავი. ვითომ ხელი რომ ჰქონდა მამაჩემს ჩაქნეული ჩემს პერსპექტიულობაზე, ამ დროს თვალებში ვატყობდი ჩემს იმედად იყო დარჩენილი. მეც ავდექი და ცხოვრებაში რომ არაფერი გამიკეთებია, მუშაობა გადავწყვიტე. ლექტორად მე არავინ წამიყვანდა უნივერსიტეტში, ამიტომ ფიზიკური სამუშაო შემრჩა უმაქნის ხელებში. “შპროტები” ჩამოჰქონდათ რუსეთიდან ფოთში, მერე ფოთიდან თბილისში და სატვირთო მანქანიდან ქარხანაში ვზიდავდი, მოსაწყენი საქმე კი იყო, მაგრამ სხვა შანსი არ მქონდა. ჩვენი უფროსი კეთილი ადამიანი გახლდათ და რამდენიმე “შპროტის” გაქრობაზე თვალს ხუჭავდა.
სამსახურში ყოველდღე დავდიოდი და თევზის სუნი ჩემს გამხდარ მხრებს ისე აჰკიდებოდა, აღარც ბანაობა მშველოდა, აღარც მექისის მაგარი გახეხვა. მამაჩემი ლოგინად ჩავარდა, ბოტკინი გაქვსო, ექიმებმა ასეთი დიაგნოზი დაუსვეს, ამას ორდენის ავადმყოფობაც დაემატა, ოღონდ, მეორე ამბავში უფრო მძიმედ იყო საქმე. ტელეფონმა დარეკა:
_ და?
_ რას შვები, ზაზა? _ ჩურჩულებდა მედალი.
_ რავი, რა უნდა ვქნა? შენს ძმაზე რა ხდება, რაო, რა თქვეს ექიმებმა? _ პაუზა იმსიგრძე იყო მივხვდი, რაღაც ცუდი ხდებოდა, მეორეჯერ მინდოდა კითხვის დასმა, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი, დამასწო.
_ ორდენს კიბო აქვს… ასე უთხრეს, თევზი რაც შეიძლება მეტი ჭამე, შენს თვალებს მოუხდებაო. წამში გამიელვა თვალწინ მისმა გარდაცვალებამ და დასაფლავებამ, ორად ორ ადამიანს ვხედავდი მის კუბოზე დამხობილს, ჩემს საკუთარ თავს და მის ცრემლმორეულ ძმას. პირველად ვიგრძენი ახლობელი ადამიანის დაკარგვის შიში და ამ გრძნობამ ისე ამიტანა, ძილის საშუალებას არ მაძლევდა.
თოვლი მოვიდა. ბავშვები ნახევრად დათოვლილ გზებზე ციგებს დაახრიგინებდნენ. მშობლები გაცელქებულ შვილებს შეწუხებული სახეებით დასდევდნენ კუდში, თუმცა ცდილობდნენ ბავშვებს მათი თოვლისგან და სიცივისგან დამძიმებული ხასიათი არ შეემჩნიათ, ეს კი ძალიან კარგად არ გამოსდიოდათ. ქარხანაში მივედი და რაც კი ჟეშტის ყუთებში შენახულ თევზს წავაწყდი, ყველაფერი ძუით დაწნულ კალათაში ჩავყარე და ჩემს ავადმყოფ მეგობართან გავაქანე. საავადმყოფოდან სამი დღის გამოწერილი ჰყავდათ, სახეზე პალატის კედლების ფერი გამოჰყოლოდა.
_ გაუმარჯოს ჩემს მშიშარა ძმობილს! ბიჭო, რამ შეგაშინა, მთელი ბავშვობა გრიპი მაქვს, ამასაც მალე მოევლება, _ ვცადე ჩემი ტყუილებით გამხნევება, თან დარწმუნებული ვიყავი, თავის ავადმყოფობის შესახებ დაწვრილებით არაფერი იცოდა. ცალყბად გამიღიმა და თავი ბალიშზე გადააგდო.
_ რა გრიპზე მელაპარაკები? _ ისე მკითხა არ შემოუხედავს, ჭერს მიშტერებოდა. მივხვდი, უნიჭოდ დამეწყო და გადამეწყვიტა მისი გამხნევება. დაბნეულობისგან ჯერ მის ძმას შევხედე, რომელსაც თავი შერცხვენილი ბავშვივით ჩაეხარა, მერე ოთახს მოვავლე თვალი, კედლები სიგარეტის კვამლისგან ჩამოყვითლებულიყო, შპალიერს მეზობლის ჭერიდან ჩამოსული წყლის ლაქები ეტყობოდა, ფანჯარასთან რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი დედის სურათი ეკიდა. ლამაზი თვალები და ბედნიერი ღიმილი ჰქონდა, იგი სამოციანი წლების სილამაზეს გამოხატავდა.
_ რა გრიპზე მელაპარაკები? _ გამიმეორა ავადმყოფმა. მინდოდა მიწა გამსკდომოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ არ გასკდებოდა.
_ ისე, ორდენი რამ დაარქმევინათ შენთვის? _ ავადმყოფს გაეცინა, ჩემს უადგილო ხუმრობაზე და მეც შვებით ამოვისუნთქე.
_ რაღა ჩემს სახელს ეცი? მედალი რა უკეთესი სახელია? _ გაეღიმა და თვალებით ლოგინთან მდგომ ძმაზე მანიშნა, სამივე გულიანად ვხარხარებდით, თითქოს აქ ავადმყოფობას კი არა, ბედნიერებას შევეხვედრებინეთ.
_ რა გინდა, მთლად რომ არ დაზაფრულიყავი, ორდენის მაგივრად ორდოს გეძახდით მთელი კლასი, თან ხომ გახსოვს, რომ ჩემი დამსახურებაა?
_ მახსოვს კი არა, შენი ვალიდან რაღა ამომიყვანს!
ქუჩაში ჩავირბინე და ნაცნობი გამყიდველისგან ორი ბოთლი “გომი” ვისესხე. იმ დღეს ისე გამოვტყვერით, რომ ალა პუგაჩოვას და იგორ ნიკალაევის ძველი სიმღერები მთელ ხმაზე ვაღრიალეთ და სიმღერების ფონზე მთელი ბავშვობა გავიხსენეთ. არადა, პუგაჩოვა და ნიკალაევი ვიღას ახსოვდა, ამ დროს ხომ 2PAC-ი იყო მოდაში, მაგრამ რატომღაც ჩვენი არყის დალევა და რეტროში დაბრუნება ერთი იყო.
სახლში ბანცალით დავბრუნდი და ისეთ კარგ ხასიათზე ვიდექი, სულ გადამავიწყდა, ორდოს საშინელი დიაგნოზი, უფრო სწორად მინდოდა, რომ დამვიწყებოდა, და თქვენ წარმოიდგინეთ, გამომდიოდა კიდეც. სახლში გაყვითლებული მამა დამხვდა, თან სიყვითლესთან ერთად სახეზე სიბრაზეც ეტყობოდა.
_ რა იყო მამა, დავაშავე რამე?
_ ნახე! _ მკვახედ მითხრა და დაჭმუჭნული ფურცელი ქვასავით მესროლა. ქაღალდი ცხვირში მომხვდა. ძირიდან ავიღე და გავშალე.
საჩივარი: “ვითვალისწინებ, რა, თქვენი ოჯახის გასაჭირს, სამართალდამცავ სტრუქტურებს არ მივმართავ და მოგმართავთ თქვენ, როგორც ქურდბაცაცა შვილის მშობელს. თქვენმა შვილმა ვერ დააფასა ჩემი კეთილგანწყობა მის მიმართ და გუშინ რამდენიმე კოლოფი თევზის კონსერვი მომპარა. მოვითხოვ ზარალის ანაზღაურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მივმართავ მილიციას”
ქარხნის უფროსი.
_ ხომ იცი რატომაც წამოვიღებდი თევზს?
_ ვიცი.
_ მერე რა ვქნა ახლა?
_ რაც გინდა ის ქენი, _ მომიჭრა კითხვა და კედლისკენ გადაბრუნდა.
ქურთუკი მოვიცვი და სამსახურისკენ გავწიე. მართალი გითხრათ სირცხვილის ან სინანულის გრძნობა არ მაწუხებდა, უბრალოდ, მამაჩემის წინაშე ვგრძნობდი უხერხულობას. ყველგან და ყველაფერში უშედეგო, უნაყოფო ფინიშისკენ მივდიოდი. მთელი ცხოვრება მაგაზე წუწუნებდა მამა, ბოლო პერიოდში კი წუწუნსაც მოეშვა, ეტყობა ჩემზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი. ნეტავ სამსახურიდან არ გამაგდოს და ყველაფერს ავიტან-მეთქი, ვფიქრობდი.
_ გამარჯობა, _ მივესალმე დარაჯს.
_ გაგიმარჯოს, _ ისე მომესალმა, მივხვდი, უფროსი კი არა, მთელი კოლექტივი იყო ჩემზე აღრენილი.
_ გენო სად არის?
_ გენო?
_ ჰო, გენო.
_ გენო კი არა, ბატონი გენო! _ ხმას აუწია დარაჯმა და უფროსის მიმართ თავის ლაქიაობას გაუსვა ხაზი. ისე მინდოდა სილა მელეწა მისთვის არყისგან გაწითლებულ სიფათში, ძლივს შევიკავე თავი, _ ზემოთ არის კაბინეტში და გელოდება, – როგორც გილეოტინაზე გასაგზავნ ტუსაღს ეტყვი, ისე მითხრა. კიბე ავირბინე და ერთ-ორ ადამიანსაც მოვკარი თვალი, რომლებმაც, როგორც ხელიდან წასულ ახალგაზრდას, ისე გამომაყოლეს თვალი. კარზე დავაკაკუნე. ხმა არავინ გამცა, ისევ დავაკაკუნე, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ავდექი და თამამად ჩამოვწიე სახელური და ასევე თამამად შევედი კაბინეტში. ოთახში უფროსი მაგიდასთან იჯდა, ოღონდ ოდნავ გაოფლიანებული და აწითლებული, მოულოდნელად მაგიდის ქვემოდან ჩვენი თანამშრომელი ბელა გაბუნია გამოძვრა. ისე გამიღიმა და ისე გავიდა ოთახიდან, უცნაურია, მაგრამ მის მაგივრად მე შემრცხვა.
_ დავაკაკუნე, ბატონო, მაგრამ ხმა არავინ გამცა.
_ მერე ვერ უნდა მიხვდე, რომ, რადგან კარს არ ვაღებ ესე იგი ოთახში ვარ და საქმე მაქვს? _ რა საქმესაც გულისხმობდა ალბათ კარგად მიხვდით, მაგრამ რას ვიზამ, ამ ქვეყანაში მაგასაც საქმეს ეძახიან.
_ რა ქენი, მომიტანე ფული?
_ არა, _ მოკლედ ვუპასუხე, არადა მთელი გზა გრძელი პასუხისთვის და თავისმართლებისთვის ვემზადებოდი. ამ რამდენიმე წამში ისე შემზიზღდა, რომ სამსახურიდან გაგდება არგაგდება ფეხებზე დავიკიდე.
_ არა? მაშ არა, არა?
_ ფული არ მაქვს.
_ ვა! რა ადვილია “ფული არ მაქვს”. არ გაქვს და იშოვე. რატომ წაიღე თევზი? _ დაეჭვებული სახით მკითხა გენო უფროსმა.
_ ჩემს ძმაკაცს წავუღე, კიბო აქვს.
_ მერე რა, თევზი უშველიდა ნახევრად კუბოში ჩაწოლილ კაცს? _ დაიმანჭა და მერე ოფლიანი სიფათით გაიღიმა გენომ.
_ კუბოში ჩაწოლილი შენ თვითონ ხარ! _ ვეღარ მოვითმინე და ჩემდაუნებურად მივახალე.
_ გაეთრიე აქედან, შე უმადურო! შენ რომ კაცი იყო, იმას მაინც დააფასებდი, რომ მილიცია არ დაგაყენე თავზე, _ ისე დამებინდა გონება, მის გასალახად გავიწიე, მაგრამ შუა გზაში გადავიფიქრე და გენოს მაგივრად მის წაბილწულ მაგიდას ვეცი, ისე ჩავარტყი წიხლი, ფეხი ორ ადგილას მოვიტეხე, მაგიდას კი, რა თქმა უნდა, არაფერი მოსვლია.
_ გაათრიეთ აქედან ეს უმადური! _ აღრიალდა გენო.
_ შენ რომ მართლა კაცი იყო, მილიციით კი არ დამემუქრებოდი და საჩივარს კი არ გამოაგზავნიდი, შენ თვითონ მოხვიდოდი მამაჩემთან, _ ვხრიალებდი საკაცეზე დადებული.
მოტეხილობა მძიმე არ აღმოჩნდა. ერთი კვირა რესპუბლიკურში ვიწექი, მერე ყავარჯნები მომცეს და ასე მითხრეს, შეგიძლია ნელ-ნელა ისეირნოო. საწყალი მამაჩემი, ჩემს გარეშეE სასამართლოში მიუყვანიათ და ფულადი ჯარიმა დაუკისრებიათ, ჩემს მიერ “ბატონი გენოს” მაგიდის გატეხვისთვის და თევზის მოპარვისთვის. მამაჩემი კი აწუწუნდა, რა მაგიდა, რის მაგიდა, შვილი ფეხმოტეხილი მიწევსო, მაგრამ უპატრონო და უფულო კაცს, ამ დემოკრატიულ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არავინ უსმენს. არც მამაჩემი იყო გამონაკლისი. რა ექნა, ფულს მაგას არავინ არ მისცემდა, ადგა და ჩვენი სამოთახიანი ბინის ერთი ოთახი ბანკში გირაოთი ჩადო. ასეთი გულკეთილი კაცი აღმოჩნდა ჩვენი გენო, მაგრამ ბოროტებაში გადაზრდილი სიკეთე არც მას შერჩენია, ორი კვირის შემდეგ, რაც მამაჩემს ფული მიატანინა, ქარხანასთან დაუჭერიათ ჩვენი სანაქებო უფროსი, თურმე ბელა გაბუნია უჩიოდა, მაგიდის ქვეშ ძალით, სულ თმებით მიმათრევსო. მოკლედ, სამართალი თუ პურს იშვიათად ჭამს, ამჯერად შეიძლება ითქვას, რომ მშვენივრადაც ჭამა, ყელზეც არ დადგომია და მუცელზეც სასიამოვნოდ მოისვა ხელი.
ყავარჯნები, როგორც იქნა მოვიშორე და ხელჯოხით, ოდნავ კოჭლობით, დავდიოდი. თბილისში გაზაფხული მოვიდა. სკოლის ეზოები გაწუწული ბავშვებით აივსო. გაზაფხულმა ხეები ფოთლებით შემოსა და სიშიშვლე დაუფარა. ჩემს განუყრელ და უცნაური სახელების მქონე ტყუპებთან ავედი. ორდო ისევ ლოგინში იწვა, ოღონდ ამჯერად უფრო ფერზე მოსული მომეჩვენა.
_ რა ქენი, მოაგვარე მილიციასთან პრობლემები, თუ გეძებენ, ტყეში გავარდნილი კრიმინალივით? _ მეკითხებოდა ლოგინზე ზურგზე დაწოლილი ავადმყოფი.
_ მოვაგვარე, მოვაგვარე… რაღაც კარგ ფერზე მეჩვენები და კარგ ხასიათზეც… ეჰ, ნეტავ მე მქონდეს ეგეთი გუნება-განწყობა, _ ამჯერად ნამდვილად არ ვთვალთმაქცობდი. თეთრი შურით მართლა მშურდა მისი კეთილი ხასიათის.
_ უთხარი რა, დამანებოს თავი, _ ხელით მანიშნა ლოგინთან მდგომ ძმაზე, _ მთელი დღე თავზე მადგას და ისეთი საცოდავი თვალებით მიყურებს, გეგონება დღე-დღეზე ვკვდებოდე, თან რაღაც საშინელ წამლებს მაძალებს, გინდა თუ არა დალიეო.
_ კარგი რა, დაანებე თავი, მაგას ისიც ეყოფა მედალი რომ ჰქვია, _ რომ გავხედე, მისი სახე რატომღაც ოლიმპიური მედლის მოყვანილობას მივამსგავსე და სიცილი ამიტყდა. იმ დღეს “დურაკა” ვითამაშეთ, ცხვირში გარტყმაზე. როგორც ყოველთვის მე და ორდომ მედალის წინააღმდეგ “ბლოკი” შევკარით, ჩვენ სამში დამარცხებული მუდამ ის რჩებოდა, დღესაც, რა თქმა უნდა, იგივე მოხდა და სახლში წამოსვლის წინ, რომ შევხედე, მუდამ დამარცხებული მედალის ცხვირმა რამდენიმე წამის წინ “ბორშისთვის” გახეხილი ჭარხალი გამახსენდა.
ქუჩაში აღარავინ დადიოდა. უკვე ღამის ოთხი საათი იყო, უფრო სწორად, დილის ოთხი საათი. უსახლკარო ლოთი ბარბაცით მომიახლოვდა, არყის სუნი რამდენიმე მეტრში ვიგრძენი, მივხვდი რაღაცის თხოვნა უნდოდა, მაგრამ მოერიდა და გზა განაგრძო. მხოლოდ თბილისში თუ შეხვდებით მორიდებულ ლოთებს, რომლებსაც მიუხედავად ჩამოძონძილი ტანსაცმელის, არყის სუნის და ქუჩაში ცხოვრებისა, თავმოყვარეობა, ზედმეტი გამბედაობის გამოხატვის უფლებას არ აძლევს. ასეთ თავმოყვარე ლოთებს მხოლოდ თბილისის ქუჩებში გადააწყდებით. სახლის კარი ღია დამხვდა. მამაჩემი სამზარეულოში გაზქურასთან იდგა და ერბოკვერცხს იწვავდა.
_ გამარჯობა, მამა, _ მამამ შემომხედა და მის თვალებში იმედგაცრუება ამოვიკითხე, _ რა იყო, არ მელაპარაკები? _ არაფერი მიპასუხა, მაგიდასთან დაჯდა და ჭამა დაიწყო. სამზარეულოდან გასვლა დავაპირე და სანამ ღია კარში გავივლიდი, მისი ხმა გავიგე.
_ მოიცა ერთი წუთი.
_ გისმენ!
_ შენთან სალაპარაკო მაქვს.
_ ვილაპარაკოთ. _ შუა ოთახში გავედით, სადაც ყოფილი ფერადი და ახლახან გაშავთეთრებული ძველი ჟVჩ-ის ტელევიზორი იდგა. სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან მივიდა. რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა, ბოლოს ამოიოხრა და დაიწყო.
_ რა ვქნათ, ახლა?
_ რაზე მეკითხები?
_ როგორ ვიცხოვროთ მე და შენ? შენ იცი, რომ ჩვენი პატრონი ისევ ჩვენ თვითონ ვართY.
_ ვიცი.
_ მერე, რომ იცი, ჯერ იყო და სკოლაში ამომხადეს შენმა მასწავლებლებმა სული, მერე სკოლა დაამთავრე და ვიფიქრე, მუშაობას დაიწყებდი და ლუკმაპური გვექნებოდა, მაგრამ ნახევარი სახლი გამაყიდინე. ყველაფერს გავუძელით, არც ეს იქნება გამონაკლისი და სხვათა შორის ცოტას გამართლებ კიდეც, ისე თუ გახსოვს, არც სკოლის მასწავლებლების წინაშე გამტყუნებდი ბოლომდე… _გაჩერდა, წყალი მოსვა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, _ მინდა, ერთი საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი მაინც გქონდეს და შუა გზიდან ყველაფერს წყალში არ ყრიდე, თუნდაც თავიდან ბოლომდე მართალი იყო. შენ იცი ამას შენი კარიერის და ფულის გამო არ გეუბნები. ხომ იცი?
_ ვიცი, მამა, ვიცი, _ ნახევრად ღიმილით ვუთხარი, ნერვები ისე მქონდა მოშლილი, მისი მუდამ ერთი და იგივე ტექსტით, ვცადე სახეზე გამოხატული გაღიზიანება გაღიმებით გადამეფარა.
_ რა ხდება, იმ საწყალმა იცის კიბო რომ აქვს?
_ იცის, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.
_ მაგიტომაც გაფასებ, რომ მეგობრის გულისთვის სამუშაოც ფეხებზე დაიკიდე და ორი კაპიკი შემოსავალიც, ყველაფერი მესმის, მაგრამ…
_ რა, მაგრამ? _ ვეღარ გავუძელი მონოლოგს და სიტყვა გავაწყვეტინე, _ რა მაგრამ, თქვი? ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაიკავო კონკრეტული პოზიცია, როდემდე უნდა იქანავო აქეთ-იქით ჟანგიანი სასწორივით. თუ მოგწონს ჩემი გადაწყვეტილებები და შენი აზრით თუ შეესაბამება წესიერი კაცის აზროვნებას, მაშინ თამამად შემაქე და თუ ვერ ეგუები, ვერ იგებ ჩემს გადაწყვეტილებებს, ნუღარ შემაქებ და გაბედულად დამადანაშაულე. ძალიან გთხოვ, ისე მოიქცე, როგორც გითხარი, თორემ ამ შენმა გაუგებარმა პოზიციამ გადამრია, – სწრაფად გავედი საწოლ ოთახში და ლოგინში ჩავწექი. მამისთვის აღარ შემიხედავს, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მომშტერებოდნენ მისი გაოგნებული თვალები.
დილა სილურჯით დაიწყო, მერე ცა გაღიავდა და ბინდი გადაეკრა მთაწმინდის ნაძვნარიან ქედებს. მზიურთან ერთ ჩემს ძველ მეგობარს უნდა შევხვედროდი. შემპირდა, რაღაც სამუშაოს გიპოვნიო. მიპოვნა კიდეც და ჩემი ცხოვრების ახალი ხანა დაიწყო. სტამბაში დავიწყე მუშაობა. საიდანღაც ბეჭდვის ნიჭი აღმომაჩნდა. ასე კარგად ჩემი საქმე არასდროს დაწყებულა, სამუშაო ბევრი არ გვქონდა, რადგან კითხვით საქართველოში დიდი ხანია თავს აღარავინ იკლავს, ამიტომ უმუშევრად ფულის კეთებამ ძალიან მომხიბლა და მშვენიერ გუნებაზეც დამაყენა. სახლში კმაყოფილ მამაჩემს რომ ვხედავდი, მარტო ეგ რად ღირდა კარგი განწყობის შესაქმნელად. ორდო დამცინოდა, იმ ქვეყნის დედა ვატირე, შენ რომ დედაენას დაუბეჭდავო. ამ ხუმრობაზე არაფერს ვპასუხობდი და გულიანად ვიცინოდი, რადგან სრულ სიმართლეს ღაღადებდა. ერთ დილას სახლში ტელეფონმა დარეკა, მამაჩემმა აიღო და რომ შევხედე, მივხვდი კარგს არაფერს ეუბნებოდნენ.
_ რა ხდება, კიდევ ცუდი ამბავი ხომ არ არის შენს თავს? _ ეს შეკითხვა დამისვა, როდესაც ყურმილი დაკიდა.
_ რატომ? რა გითხრეს?
_ სასწრაფოდ სტამბაში გამოცხადდესო.
_ მერე, რაღა ცუდს ფიქრობ? რადგან დაჟინებით მითხოვენ, ესე იგი მნიშვნელოვანი და საჭირო კაცი ვარ, _ ვამხნევებდი, თორემ, კაცმა არ იცოდა რატომ მიბარებდნენ ასე დილაუთენია. სტამბაში ქერა, ლამაზი გოგო დამხვდა, ხელში აკინძული ქაღალდების დასტა ეჭირა. მისი საოცარი თვალები კი ისე მიყურებდნენ, შემრცხვა და თავი დავხარე.
_ რით შემიძლია დაგეხმაროთ? _ ვკითხე გაუბედავად.
_ ბევრი რამით.
_ მაინც? _ ისე ვაგრძელებდი დიალოგს, გეგონება აღფრთოვანებული საერთოდ არ ვყოფილიყავი მისი სილამაზით.
_ აი, რითი, _ მითხრა და ფურცლები მაგიდაზე დამიდო. რა თქმა უნდა, გადაბეჭდვაში უნდა დავხმარებოდი. მინდოდა ცოტა მაინც გაგრძელებულიყო ჩვენი საუბარი და ისეთი პოზიცია დავიკავე, თითქოს რაღაცის ახსნას ველოდებოდი მისგან. _ მე ჟურნალ “ავანგარდის” მფლობელი ვარ, იმუშავეთ და მშვენიერ ანაზღაურებასაც მიიღებთ, _ მეტი აღარაფერი უთქვამს. რომ წავიდა კაბინეტში თავისი საოცარი სურნელი დამიტოვა. სამი დღე თავაუღებლად ვშრომობდი, ოღონდ გეფიცებით ფულზე არ ვფიქრობდი, მინდოდა მისი ქების ობიექტად ვქცეულიყავი. დღეები სასწაულად გამეწელა, მაგრამ დრო სად გაიქცეოდა, დრო გადიოდა, თუმცა ძალიან ნელა, კუს ნაბიჯებით, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. მაისი ჯერ თბილისში შემოიჭრა, მერე ჩვენს სტამბაში, მერე ჩემს სამუშაო ოთახში და ქერა გოგოც მაისივით შემოიჭრა ოთხ კედელში.
_ მოვედი! _ მახარა და ხელი გამომიწოდა, ნაშრომი ჩამაბარეო. დაბეჭდილს წარბაპრეხილმა გადახედა, ეტყობოდა კმაყოფილი იყო, _ გმადლობთ.
_ არაფრის, _ ვუთხარი და სულიც შემეხუთა, რატომ, არ ვიცი, ალბათ უკვე შეყვარებული ვიყავი, ფული ამოიღო ჩანთიდან და მაგიდაზე დამიდო.
_ მე ფულს არ ვიღებ, _ ისე ვუთხარი, თითქოს ეს პასუხი წინასწარ მქონდა გადაწყვეტილი, არადა იმ წამს მომაფიქრდა.
_ ოჰო! ეს რაღაც ახალია.
_ შეიძლება, _ დარცხვენილმა ვუთხარი.
_ მაშინ მე ჩაიზე დაგპატიჟებთ, ხომ შეიძლება გოგომ დაგპატიჟოთ? მინდოდა მეთქვა, ოღონდ თქვენ დამპატიჟეთ და ყველაფერი შეიძლება თქო, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და “დასტოინად” ვუპასუხე:
_ ერთხელ და უკანასკნელად დასაშვებია.
უნივერსიტეტის პირდაპირ, პატარა კაფეში ვისხედით. ეს შეხვედრა ჩვენი პირველი შეხვედრის შემდეგ, ერთ კვირაში მოხდა. ჟურნალი შესანიშნავად გაიყიდა, არ ვიცი ჩემი დამსახურება იყო, თუ არა, მაგრამ მართლა შესანიშნავად გაიყიდა. მას ნინო ერქვა. მდიდარი ოჯახის შვილი იყო. ალბათ ცოტა მეტიჩარაც, მაგრამ მე მისი ყველაფერი შემიყვარდა. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ორივეს ჩაი გაგვიცივდა, რადგან აქ ჩაი არაფერ შუაში იყო.
_ გავიგე, ვიღაც გოგოს ხვდები, _ მითხრა მამამ. მეც დავეთანხმე და ალბათ ჩემს თვალებში ამოკითხულმა ბედნიერებამ დაამუნჯა და აღარაფერი მკითხა. ჩვენი სახლი იმედის სხივებით ნათდებოდა ყოველ დილას. მამას კმაყოფილს ვხედავდი, რადგან როგორც იქნა საქმეც კარგად მიდიოდა და ჩემი ტარიელობაც. ტარიელობაც, რადგან, ტარიელზე მეტად თუ არა, მასზე ნაკლებად ნამდვილად არ ვიყავი შეყვარებული. მე და ნინო ყოველდღე ვხვდებოდით და ჩვენი ტუჩებიც ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ საოცარ და მოულოდნელ გრძნობას ჩემი წარსულის დარდი საშლელით წაეშალა და ახალ თეთრ ფურცელზე ამ გრძნობებით სავსე ჩემი ახალი ცხოვრება იბეჭდებოდა. მამაჩემს გავაცანი და ჩვენი ღარიბული სახლიც ვაჩვენე. ნინომ ალერსით გადმომხედა და გამიღიმა.
_ შენ კარგი ბიჭი ხარ.
_ მართლა? მართლა კარგი ბიჭი ვარ? _ ისეთი სიტყვები მითხრა, ჩემს ცხოვრებაში რომ არავის უთქვამს და ჩემდაუნებურად, ვერ დავიჯერე. რა კარგი ბიჭი, ვფიქრობდი და სიხარულისგან ჩაიში ჩაწობილი “სუხარივით” ვდნებოდი. დღეები ბორბალივით დატრიალდა, ოღონდ ეშმაკის ბორბალივით არა, ღმერთის ბორბალივით. მერე ჩემი ორდო და მედალი გავაცანი, დიდხანს იკისკისა მათ სასაცილო სახელებზე, ბოლოს კი შერცხვა და ცდილობდა აღარ გასცინებოდა, თუმცა არ გამოსდიოდა. წვიმაში ვიარეთ იმ ღამეს და მთელი ფალიაშვილის ქუჩა ისე გავიარეთ, თითქოს წვიმის ერთი წვეთიც არ დაგვცემია.
_ შენებმა იციან?
_ რა უნდა იცოდნენ?
_ როგორ რა? ერთმანეთს რომ ვხვდებით.
_ რატომ უნდა იცოდნენ? _ ისე მკითხა, მივხვდი, ჩემი მათ წინაშე წარდგენა სცხვენოდა. ალბათ, თუნდაც იმიტომ, რომ, მუდამ ერთი და იგივე ტანისამოსი მეცვა.
_ გრცხვენია არა მშობლების? _ ვკითხე და შემრცხვა, რომ უტაქტოდ მოვიქეცი.
_ მრცხვენია, _ ისე სწრაფად მიპასუხა, მივხვდი, უტაქტობის ტყუილა მრცხვენოდა. აღარაფერი ვუთხარი. წვიმამ გადაიღო. ნინო სახლში მივაცილე.
_ აქ გაჩერდი, _ მე თვითონ მივალ, თორემ დაგინახავენ. შევჩერდი და თვალებზე ცრემლიც შეჩერდა.
_ არა უშავს, შენი ბრალი ხომ არა არის ასეთი რომ ხარ, _ უცნაურად დამაწყნარა და საერთოდ, უცნაურად მელაპარაკებოდა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ნინო მთელს ქვეყანას მერჩია.
_ ცოლად გამომყვები?
_ მეე? _ ისე გაიკვირვა, შემრცხვა. _ აბა რას ვიზამ, ჩემო ბიჭო, მაგრამ იმედია ქორწილში მაინც გეცმევა სხვანაირად.
_ მეცმევა, _ ვუთხარი და ჩავეხუტე. იმ დღეს არ დადიოდა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც ჩემზე ბედნიერი იქნებოდა.
პირველი ივნისი იდგა. დღე დახუთული და ფარდებჩამოშვებული. ორდო კვდებოდა. მე სირბილით ავირბინე მისი სადარბაზოს კიბეზე და ცოცხალმკვდარს რომ ველოდი, ყურებამდე გაღიმებული დამხვდა ლოგინში.
_ ჰა, რა იყო, მკვდარს ელოდებოდი?
_ არა, რა მკვდარს? _ გავიღიმე, მაგრამ ტყუილი ჩემს სახეს სააშკარაოზე გამოჰქონდა.
_ ხომ იცით სად უნდა დამმარხოთ. მაინც ორდენი ვარ, ჰოდა, აიღეთ და კედელზე ჩამომკიდეთ, _ მიუხედავად იმისა, რომ უცნაურად უკბილოდ იხუმრა, ისე ხმამაღლა გადავიხარხარე, ექიმები მოულოდნელობისგან შეხტნენ.
ორდო იმ ღამეს გარდაიცვალა. ისეთი მხიარული და სახეზე ღიმილშემშრალი წავიდა, როგორიც მუდამ იყო. ორდოს ღიმილი თან არ წაუღია, ჩვენ დაგვიტოვა სახსოვრად. დასაფლავებაზე თითქმის მთელი თბილისი მოვიდა, როგორც იციან ხოლმე ამ ნაცრისფერ ქალაქში, ავადმყოფობის დროს ერთხელაც არ მოსულან, ახლა კი სახეს იხოკავდნენ და კუბოსთან მუხლებით ფორთხავდნენ. ძმას ცრემლი არ წამოსვლია, რადგან მთელი სხეული ცრემლად ჰქონდა გადაქცეული. ნინო არ მოსულა, თუმცა ყოველ წამს ველოდებოდი.
_ მაპატიე, ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაცია გვქონდა და ვერ მოვახარხე დაკრძალვაზე მოსვლა, _ ისევ უცნაურად ამიხსნა თავისი საქციელი ნინომ, მე კი ყველაფერს ვუგებდი, ვამართლებდი და ყველაფერზე თავს ვუქნევდი. ალბათ დიდი და ამოუხსნელი სიყვარულის გამო.
_ მე ერთ ბიჭზე მაქორწინებს ოჯახი, _ ჩურჩულით გამანდო ერთ დღეს.
_ როგორ, მე არ მომყვები?
_ როგორ არა, შენს მეტს ვის გავყვები, ოღონდ ჩვენი ჯვრისწერა უნდა დავაჩქაროთ, რომ ყველაფერი მალე, ძალიან მალე ყველასათვის გასაგები გახდეს. ის ბიჭი მეზიზღება, უბრალოდ ჩემები მაძალებენ.
_ მთავარია, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.
_ მთავარია, _ დამეთანხმა და ჩვენმა ტუჩებმა კვლავ გადაკვეთეს ერთმანეთი.
ქორწილის დღე დავნიშნეთ _ პირველი ივლისი. ძალიან მიჭირდა ორდოს წასვლის შემდეგ ჩემი ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება, მაგრამ დრო არ იცდიდა, ან ახლა, ან არასდროს. პატარა დაგვიანება და ნინოს სხვა ბიჭს ჩაახუტებდნენ, ყოველ შემთხვევაში ნინო ასე მეუბნებოდა. დარწმუნებული ვარ, ორდო ამ ყველაფერს ღიმილით გამიგებდა. მის სიკვდილს, კი, რომ ვერ წარმოვიდგენდი, თბილისში ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ერთი კვირა პრესის ფურცლებზე ორდოს ლექსები, ჩანაწერები, ისტორიები, სასაცილო ამბები და ათასი სხვა რამ გამოქვეყნდა. დამნაშავე ვარ, რომ ორდოს შემოქმედების ამბავს ახლა განდობთ, თუმცა ისეთი შეყვარებული, გახარებული და თავგზააბნეული ვარ, მჯერა, ყველაფერს გაგებით მოეკიდებით.
სტამბაში უფროსის გამოჩენას ელოდებოდნენ. მისი ხშირი სტუმრობით განებივრებულები არ ვიყავით, ამიტომ ხალხს განსაკუთრებული ფაციფუცი ეტყობოდა.
_ ზაზა, უფროსის კაბინეტში გიბარებენ, _ კარი შემომიღო მდივანმა და ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, მაშინვე მიხურა. დერეფანი გავიარე და კარს რომ მივადექი, სანამ დავაკაკუნებდი, შიგნიდან ხმა მომესმა.
_ შემოდი ზაზა, შემოდი, _ კარი შევაღე და სავარძელში ჩაწოლილ უფროსს თავზე წავადექი.
_ გამარჯობა.
_ გაგიმარჯოს, _ უღიმღამოდ მომესალმა, _ აი, ამ საბუთებს გადახედე და გაზეთის სტატიისთვის მომიმზადე. ნაწერს დავხედე და თვალებს არ დავუჯერე, სტატიაში ბინის გაქურდვის დეტალები იყო აღწერილი, ხოლო საბუთს ხელს აწერდა მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსი ვალერი ჯანგირაშვილი.
_ ეს რა არის? _ ვკითხე გაკვირვებულმა.
_ რა არის და ყველა გაზეთში იმ უბედური ბიჭის ხელოვნებას და შემოქმედებას რომ აქებენ და მისტირიან, არც ეგრეა საქმე, _ შეჩერდა, წყალი სულმოუთქმელად დალია და განაგრძო, _ ხალხმა რომ იცოდეს, ეგ ვინ იყო, გაზეთებს მისი სურათებით ნამდვილად არ ააჭრელებდნენ. მაგან მე სახლი გამიქურდა და საწყალი დედამისის ხვეწნა-მუდარას რომ ვეღარ აუვედი, იმიტომ არ გავუშვი ციხეში. დღეს კი რა ხდება, ლამისაა გმირად გამოაცხადონ. არა, ძმაო, მე ამ ამბავზე ნამდვილად ვერ გავჩუმდები. ყველამ უნდა გაიგოს, რა კაციც იმალებოდა ცხვრის ქურქში. სული სადღაც გამეპარა, თვალები ნისლით ამევსო, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვკითხე.
_ ვისზე ამბობთ?
_ ვისზე და, არ ვიცი, გეცოდინება თუ არა, კიბოიანი ბიჭი რომ იყო, ორდენა, მგონი ორდოს ეძახდნენ. აზრზე ხარ, მაგას ძმა ჰყოლია მედალი, _ თვალებში ვუყურებდი და მეგონა ჩემს პირდაპირ ადამიანი არ იდგა.
_ რა იყო, რამ გაგაშტერა?
_ ორდო ჩემი ძმა იყო! _ ის წამოდგა, რამდენიმე წრე ჩაფიქრებულმა შემომიარა, მერე ისევ თავის ადგილზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. დუმილი დაახლოებით ხუთ წუთს გაგრძელდა. ბოლოს თვალებმოჭუტული სახე ჩემს სახეს გაუსწორა.
_ არაუშავს, ხალხმა მაინც უნდა გაიგოს ვინ იყო ეგ ახალგაზრდა სინამდვილეში. დაბეჭდე, რასაც გეუბნები და შეცდომაში შესული საზოგადოება შენს წინაშე ვალში იქნება.
_ თქვენ არაფერი არ იცით, თქვენ მას არ იცნობდით, ის რაინდი იყო და რასაც ამ ბინძურ გაზეთებში წერენ და რასაც აქებენ, იმის მეოთხედიც არ არის, რასაც ეგ იმსახურებს. ის ღიმილით წავიდა ამ ქვეყნიდან, ღიმილით, რომელიც თან არ წაუღია, გესმით, ჩვენს შორის დატოვა. ის დიდი ადამიანი იყო და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი ერქვა, არამედ, იმიტომ, რომ არასდროს არაფერს მალავდა, მას არასდროს არაფრის შერცხვენია, ისე ჰქონდა ნაცხოვრები. თქვენ კი რაღაც სიბინძურეებს იძახით, თქვენს გულში ღრმად ჩაიხედეთ, რამდენი სამარცხვინო საქციელი ჩაგიდენიათ ცხოვრებაში, ესეც სამარცხვინო არ არის, მკვდარზე რომ გსურთ ასეთი სტატიის გამოქვეყნება, თუნდაც ეს სრული ჭეშმარიტება იყოს, თქვენ ხომ მას მეორეჯერ სიკვდილისთვის იმეტებთ და გინდათ, რომ მე მონაწილეობა მივიღო ამაში? მისამართი შეგეშალათ! თქვენ ჩემი მკვდარი მეგობრის მხოლოდ მეორეჯერ მოკვლა კი არა, ჩემი არამზადად ქცევაც განგიზრახავთ და თუ ყველაფერი სიმართლეა, რასაც თქვენ ამბობთ, იმაზე თუ გიფიქრიათ, იქნებ ღმერთის წინაშე ეს ცოდვა აღიარებულიც ჰქონდა და მონანიებულიც, თუმცა თქვენ რომ ამაზე ფიქრის უნარი გქონდეთ, ამ საბუთებს დასაბეჭდად არ გადმომცემდით. მე მივდივარ სტამბიდან, აქ ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ. _ ის თვალებგაფართოებული იჯდა სავარძელზე, მე არ მიყურებდა, კედელს მიშტერებოდა, _ კარგად ბრძანდებოდეთ, _ ვუთხარი და კაბინეტი სწრაფად დავტოვე. სახლში მისულს კვლავ მამაჩემის მერყევი პოზიცია დამხვდა. როგორც ყოველთვის, რაღაცაში მამტყუნებდა, რაღაცაში მამართლებდა, მართალი გითხრათ, მისი მონოლოგისთვის აღარ მომისმენია, ქუჩაში გავედი, ახალ სამუშაოზე ფიქრი მაგიჟებდა, თუმცა, გინდა არ გინდა, უნდა მეფიქრა, რადგან მამაჩემის თვალები ხანდახან იმედიანი და ხანდახან იმედჩამკვდარი მოსვენებას არ მაძლევდა. ნინოზე ვფიქრობდი და ბედნიერი ვიყავი, რადგან რამდენიმე დღეში ჯვარს ვიწერდი. ისევ სახლში შევბრუნდი და მამას ჩემი მომავალი შეუღლება სიხარულით ვამცნე. გამიღიმა და ბედნიერებას გისურვებო მითხრა.
ნინომ თავისი მეგობრის ხელით ბარათი გადმომცა. მთხოვდა ქორწილის დღემდე არ მენახა. ჯვარს თუ ვიწერთ ყველა წესი ბოლომდე დავიცვათო. ძალიან გთხოვ პირდაპირ მამადავითზე ამოხვიდეო. რა გაეწყობოდა, როგორც ყოველთვის ყველაფერში დავეთანხმე. ჩემს მარტო დარჩენილ ტყუპისცალთან ავედი. ორდოს ლოგინი ისევ იმ ადგილას იდგა. შუა ოთახში ტელევიზორი შიშინებდა გამოსახულებადაკარგული. ადრე ოთხფეხა და ახლა სამფეხა მაგიდა, ძალა გამოცლილი კაცივით იდგა. ზედ არაყი “გომი” იდგა, შუშის ქილაში კი ნახევრად შეჭმული მჟავე კიტრი ეგდო. ორდოს ლოგინზე მედალი იწვა.
_ რას შვები?
_ ვწევარ.
_ მე ცოლი მომყავს.
_ ყოჩაღ, _ ისე შემაქო, შევატყვე დიდად არ გახარებია ჩემი გაბედნიერების ამბავი, _ დღეს იკო გამოვიდა _ ჩუმად ჩაილაპარაკა. იკო ჩვენი ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც თექვსმეტი წლიდან ციხეში იჯდა. ისიც ჩვენსავით ცოტა უცნაური ბიჭი იყო და ჩვენზე ოდნავ მეტად ჰქონდა არეული ცხოვრება. თბილისში კი იძახდნენ რაღა დროს ქურდობააო, მაგრამ იკო ქურდი იყო.
_ მაგას ვინ გააჩერებს თბილისში?
_ არც არავინ. ასე უთქვამთ, ერთ კვირას გაძლევთ ვადასო.
_ “კაკრას”! მეჯვარედ შენ და მაგას წაგიყვანთ, მგონი ერთ კვირაში მშვენივრად ჩავეტევით.
ქორწილის წინა დღეს ისევ ნინოს მეგობარი მომადგა. ქორწილის მოსაწვევი გადმომცა.
_ ეს რა არის, საკუთარ ქორწილში მეპატიჟება? _ ნინოს მეგობარს უცნაური რეაქცია ჰქონდა, ხუმრობით დასმულ ჩემს შეკითხვაზე. თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, ამ ქალაქში ხომ ისედაც ყველა უცნაურად იქცევა. მოსაწვევში კი ეწერა: “ბატონო ზაზა, გეპატიჟებით ჩემს ქორწილში,”. რა უცნაურად ხუმრობს, გავიფიქრე და მოსაწვევი “საროჩკის” ჯიბეში ჩავიდე.
როგორც იქნა ქორწილის დღეც დადგა. იკო და მედალი გამოპრანჭულები დამადგნენ სახლში. მოკლედ, მე, მამაჩემი, ჩემი უცნაური მეჯვარეები და კიდევ რამოდენიმე ჩემი მეგობარი, მამადავითის ეკლესიისკენ დავიძარით. იკოს შავი “რეიბანები” ეკეთა, მედალი კრემისფერ კოსტუმში იყო გამოწყობილი, მე დიდი თაიგული მეჭირა. მთაწმინდის აღმართს რომ შევუდექით, სტუმრები გზაზე გვხვდებოდნენ, მაგრამ რატომღაც არავინ არაფერს მილოცავდა, მეც ერთ-ერთი სტუმარივით მესალმებოდნენ. ეკლესიასთან ნინო დავინახე თეთრ ფატაში, ბედნიერი გამოიყურებოდა. უცებ მის გვერდით შავ პიჯაკიანი ქერა ბიჭი გამოჩნდა, რომელმაც არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ ტუჩებში აკოცა ჩემს საცოლეს. გავქვავდი და ჩემთან ერთად ჩემი მეჯვარეებიც გაქვავდნენ. ნინოსთან მივედი და ცხვირწინ დავუდექი, მან გაიღიმა და შავპიჯაკიანი გამაცნო.
_ გაიცანი ზაზა, ეს ჩემი ქმარია, დათო, _ დათომ ხელი გამომიწოდა და დაბნეულობისგან მეც ვაპირებდი ხელის ჩამორთმევას, მაგრამ გვერდიდან იკომ ხელზე დამქაჩა და თავი შევიკავე.
_ ერთი წუთი, თუ შეიძლება, _ ვთხოვე ნინოს და გვერდზე გავიხმე. აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მეყვირა, მეჩხუბა, მეცინა თუ მეტირა. არადა, ამ ოთხი ვარიანტიდან, თამამად შემეძლო ყველაფერი გამეკეთებინა, რადგან საკუთარი ქორწილის მაგივრად სხვის ქორწილში აღმოვჩნდი.
_ რა ხდება? _ მხოლოდ ამ კითხვის დასმა მოვახერხე.
_ რა უნდა ხდებოდეს? _ გაიკვირვა ჩემმა ეგრედწოდებულმა საცოლემ, _ ხომ გითხარი ვიღაც ბიჭს მირიგებენ მშობლები-მეთქი, ჰოდა გამირიგეს. შენ რა არ იცოდი?
_ არა, _ ხმაჩამწყდარმა ჩავილაპარაკე.
_ როგორ? მოსაწვევი რომ მიიღე, ვერ მიხვდი, რომ სხვის ქორწილში გეპატიჟებოდნენ? გინახავს სადმე ან გაგიგია ადამიანს საკუთარ ქორწილში ეპატიჟებოდნენ?
_ მე ხუმრობა მეგონა…
ასე აღმოვჩნდი ჩემს ქორწილში მისული სხვის ქორწილში. ასეთი უცნაური ბედი მქონდა ყოველთვის. სხვათაშორის მამაჩემმა ამჯერად ჩემი მხარე დაიჭირა, _ გულს ნუ გაიტეხავ, ამათი გიჟი დედაც მოვ…ანო! _ მადლობთ, _ ღიმილით გადავუხადე მადლობა, თუმცა გული ცხრა ადგილას მქონდა გაგლეჯილი. მთაწმინდის დაღმართიდან როგორ დავეშვი აღარც მახსოვს.
ცხოვრება გაგრძელდა, როგორც გრძელდება ხოლმე, გულგრილად და უდარდელად. ერთ კვირაში იკო ისევ დაიჭირეს, თუმცა არ გამკვირვებია, რადგან ასე იძახდა, სხვაგან გაქცევას აქ ციხეში ჯდომა მირჩევნიაო, ასეთი უცნაური კაცი იყო იკო. წლებმა გაირბინეს, ზოგი შეიცვალა, ზოგი არა, ზოგმა ფული იშოვნა, ზოგი გაღარიბდა, ერთი მე და მამა და მედალი არ ვიცვლებოდით. როგორც იქნა ბედნიერებაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ერთი შავგვრემანი გოგო შემიყვარდა და ცოლადაც მოვიყვანე. ქორწილის დღეს ისეთი დაშინებული ვიყავი, ეკლესიაში მედალი გავაგზავნე, მამაოს კითხე დღეს ჯვარს ვინ იწერენ თქო. რომ დავრწმუნდი, მართლა მე ვიწერდი, გაბედულად წავედი. ორდოს სახლი გავყიდეთ და მედალი ჩვენთან გადმოვიყვანეთ, თან სახლიც გავარემონტეთ. სამუშაო კვლავ არ მქონდა და მამაჩემიც კვლავ გაუგებარ პოზიციაზე იდგა.
ეს იყო ჩემი ამბავი და თუ ვინმე უფრო საინტერესო ამბავს ელოდებოდა, გთხოვთ მომიტევოთ.
დასასრული
11 თებერვალი, 2010წ, თბილისი