“არსებობს ინფორმაცია, რომ ამ შენობას პრობლემები აქვს და ეს ასახულია იმ წერილში, რომელიც მშენებლობაში მონაწილე ერთ-ერთმა იტალიურმა კომპანიამ გამოაგზავნა,” _ აღნიშნავს სარჯველაძე. თუმცა, კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებს.
როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, გამოგზავნილი წერილის მიხედვით, პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა მოსახლეობისთვის უსაფრთხოა, კომპანია ვერ იღებს.
“ჩამოსული იყვნენ იტალიელი სპეციალისტები, რომლებმაც უშუალოდ ადგილზე დაათვალიერეს და შეისწავლეს ყველა დეტალი. ასახეს გამოვლენილი დეფექტები შუალედურ შეფასებაში. თუმცა, ამას გაცილებით უფრო ხარისხიანი გამოკვლევა სჭირდება. ყველაფერი კეთდება, რომ საბოლოო ექსპერტიზა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ამისთვის სხვა ადამიანების ჩართვაც გახდება საჭირო,” _ აღნიშნავს სარჯველაძე.
მინისტრის მოადგილე როგორც აცხადებს, სანამ იუსტიციის სახლი სრული დატვირთვით მუშაობას გააგრძელებს, ზუსტი და უტყუარი არგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ შენობა უსაფრთხოა.
“არ შემიძლია სასწორზე დავდო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს გამორიცხულია. ზუსტი და უტყუარი არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ შენობა უსაფრთხოა. საკითხის პირიქით დაყენება, რომ ავარიულია თუ არა და ამის შემდეგ ალბათობების შეფასება, ჩემი აზრით, სწორი არაა. აუცილებელია ერთმნიშვნელოვნად დადგინდეს, რომ შენობა უსაფრთხოა. დღევანდელი მდგომარეობით შენობის უსაფრთხოებაზე ვერცერთი სპეციალისტი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ჯერ ვერ იღებს და ასეთ პირობებში გადაწყვეტილების მიღება, რომ შენობა ავარიული არაა და აქედან გამომდინარე, მან იგივე დატვირთვით იფუნქციონიროს, არაგონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა,” _ განაცხადა სარჯველაძემ.