“ესაა მთელი ბინის მცხოვრებთა პრობლემა, ამ ზამთარში მოსახლეობა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება და პასუხისმგებელი თავისი საქციელზე აღარავინ იქნება,” _ აცხადებენ ისინი.
“დაზიანებული სახურავებიდან ისევ ჩამოდის წყალი, დაზიანებულია კედლები, დაცლილი გვაქვს ოთახები, რა გახდა ამ სახურავის გაკეთება?”
“გააკეთეს გუმბათი, სადაც მილიონი ლარი იქნება დახარჯული, კაცმა არ იცის ვისია, წყალი ჩამოდის ჩანჩქერივით, დაგროვილი თოვლი ყველა ერთად გადნა, გთხოვთ, გადაიღეთ ბინები და საცხოვრებელი ოთახები რა!” _გვთხოვდნენ ისინი.
“გურია ნიუსი” ოზურგეთში რუსთაველის #6 მდებარე ბინის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში არაერთხელ წერდა.
რამდენიმე თვის წინ “გურია ნიუსთან” ოზურგეთის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ამ თემასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებდა:
_ ეს ბინები არის უხარისხოდ გადახურული, ასე ვთქვათ აგდებულად, ნაჩქარევად გაკეთებული. ეს ხდებოდა წინასაარჩევნოდ. არ ვიცი რა რატომ, მაგრამ გამგეობაში მაგის დოკუმენტაცია არ მოიძებნება, ვერ ვნახეთ. არ ვიცით, ვინ გადახურა, რომელი ფირმა ასრულებდა ამ სამუშაოებს, ვის მოეთხოვება პასუხი, არ არსებობს ხელშეკრულება. ალბათ რაიმე შემოწირულობა იყო. ვერ გეტყვით, ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ მოვიპოვეთ.
_ ბატონო გიორგი, მოსახლეობამ რა დააშავა? ისინი დახმარებას ითხოვენ.
_ მე, პირადად ვიყავი მაგ სახლის სახურავზე ორჯერ და მყავდა სპეციალისტები წაყვანილი. ეს არის სპეციფიური თემა, მოითხოვს დიდ სამუშაოს. ხარვეზები რომ გამოასწორო, დრო და დიდი შრომა სჭირდება. ჯერ უნდა დავადგინოთ, რა თანხები იქნება საჭირო. ჩვენც მზად უნდა ვიყოთ, რომ დავიწყოთ შესაბამისი სამუშაოები. მუშაობას ვერ დავიწყებთ, თუ ხელშეკრულება და შესაბამისი თანხა არ გვექნება. ვმუშაობთ ამ თემაზე და ამ დღეებში აუცილებლად გვეცოდინება პასუხი. ეს სახლი არ შედის არც სტიქიით დაზარალებულთა ბაზაში, ამიტომ სხვა თანხებია მოსაძიებელი.
_ ანუ, მუნიციპალიტეტის გამგეობა რა პასუხს აძლევს მოსახლეობას?
_ მე ვიცი, რა მდგომარეობაა იმ ოჯახებში. თუ ადგილობრივ ბიუჯეტში დაგვრჩება შესაბამისი თანხები, გავაკეთებთ ხარჯთაღრიცხვებს, დავგეგმავთ სამუშაოებს, გამოვაცხადებთ ტენდერს და გამარტივებული შესყიდვით გავაკეთებინებთ კომპეტენტურ სპეციალისტებს.
ღურჯუმელიძესთან საუბრის შემდეგ ორი თვე გავიდა. აღნიშნული ბინების მცხოვრებლებისთვის კი რეალურად არაფერი შეცვლილა.
დღეს მრავალბინიანი თუ ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების გადახურვებთან დაკავშირებით კომენტარი გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ გააკეთა.
“ამ საკითხზე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მომავალში როგორ უნდა მოხდეს და წავიდეს ეს პროცესები, აუცილებლად უნდა იყოს გახსნილი ეგეთი პროექტები, სამთავრობოები თუ არასამთავრობოები უფრო ვრცლად იქნებიან ჩართულები ამაში და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ იქნება ყველა ეგეთი პროექტი. ყველაზე დიდი პრობლემაა, როცა ასი მოსახლიდან 50-ს უნდა გადაუხურო სახლი, იმიტომ, რომ მეტის საშუალებას არ გაძლევს ფინანსები. ამის შერჩევა რიგითობის მხრივ ყოველთვის სადაო იქნება. ამაში იქნება ჩართული მაქსიმალურად მოსახლეობა, რომ ასეთი რაღაცეები თავიდან ავირიდოთ”.
“გურია ნიუსი” ისევ დაუკავშირდა გიორგი ღურჯემილიძეს.
_მე ერთი კვირის წინ ვიყავი მისული მაგ ბინებში, როცა გათოვდა და შევპირდი მოსახლეობას, რომ დავეხმარებოდი. ახლა ისეთი ამინდია, მაინც ვერ შევძლებთ გადახურვას.
_ ბატონო გიორგი, როცა კარგი ამინდები იყო?
_ მაშინ თანხები არ გვქონდა, ახლა რაღაცა გამოგვიჩნდა და ვეცდებით, რომ დავეხმაროთ.
_ ანუ ეხმარება თუ არა ოზურგეთის გამეგობა რუსთაველის #6 ში მდებარე ბინის მცხოვრებლებს? კონკრეტული და საბოლოო პასუხი, მოსახელობა ღამეების ქუჩაში გათენებას გეგმავს.
_ კი. დავეხმარებით.
შენობის ფასადი