აღნიშნულ კონკურსში ასევე მონაწილეობდა შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი”, რომელმაც სასამართლოში გაასაჩივრა კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, როგორც კანონდარღვევით მიღებული და მოითხოვა ლიცენზიის შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის” მიკუთვნება.
2013 წლის 20 ნოემბერს კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელშიც თერთმეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, გაავრცელა განცხადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტის კახა ბაინდურაშვილის თანამდებობის შეუთავსებლობის თაობაზე შპს “TV3”-ის და შპს “ენერჯი გრუპის” წილების მესაკუთრეობასთან. კოალიციამ ყურადღება გაამახვილა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე. კერძოდ, ამ კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ეკრძალება მაუწყებლის წილის მესაკუთრეობა ან სხვა დაინტერესების ქონა სამაუწყებლო კომპანიაში. კოალიციამ მოუწოდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები აღნიშნული დარღვევის აღმოსაფხვრელად.
2013 წლის 13 დეკემბერს საერთაშორისო ორგანიზაციამ “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” (დაახლოებით 600 000 წევრი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში) გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლობის ლიცენზიები სამართლიანობის პრინციპის დარღვევით გაიცემა ისეთ ორგანიზაციებზე, რომელთაც მჭიდრო კავშირები გააჩნიათ პოლიტიკურ პირებთან. განცხადებაში აღნიშნულია შპს “ენერჯი გრუპისათვის” ლიცენზიის კანონდარღვევით მინიჭების შესახებ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შპს “ენერჯი გრუპისათვის” რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების კანონიერების საკითხს ასევე იკვლევს საქართველოს სახალხო დამცველი.
2013 წლის 6 დეკემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შპს “ენერჯი გრუპის” წილის მესაკუთრის და დირექტორის საჯარო თანამდებობის შეუთავსებლობის საკითხის შესწავლა, რასთან დაკავშირებითაც კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა” განცხადებით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვა, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელთა ზეპირი განმარტების თანახმად შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” არ უნდა მიეცეს საშუალება დაინტერესებულ მხარედ ჩაებას წარმოებაში, რაც მოქმედი კანონმდებლობის დარღვევა იქნება. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ მხარედ ჩართვა უფლებას მისცემს შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” მონაწილეობა მიიღოს ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში, გაეცნოს წარმოების ყველა დოკუმენტს და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით, განსხვავებით ყველა სხვა პირისაგან, რომელთაც უფლება აქვთ მხოლოდ თავიანთი მოსაზრება წარუდგინონ კომისიას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსახილველ საკითხზე. აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის” დაინტერესებულ მხარედ ჩაბმა, კანონის თანახმად, კომისიის ვალდებულებას წარმოადგენს, ვინაიდან კომისიის მიერ ამ საკითხზე მომავალში მიღებული გადაწყვეტილება აუცილებლად იქონიებს პირდაპირ გავლენას შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთზე” და შესაძლოა გააუარესოს მისი მდგომარეობა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთსა” და კომისიას შორის სასამართლოში მიმდინარე დავაზე, რის გამოც ჰერეთს უნდა მიეცეს საშუალება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხის კომისიაში განხილვაში.
“იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროცესის სამართლიანობა და კანონთან შესაბამისობა უკვე რამოდენიმეჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მოვუწოდებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უზრუნველყონ პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას მისცემს შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს” ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით – მხარედ იქნეს ჩართული კომისიაში მიმდინარე საკითხის განხილვაში,” _ ნათქვამია საიას განცხადებაში.