“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონში და მნიშვნელოვნად იცვლება ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე არსებული რეგულაცია.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად კანონის მე-17 მუხლს ემატება მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც – განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, ძეგლისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა (გარდა ეროვნული კატეგორიის მქონე ან/და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისა) შესაძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის წინაშე სამართლებრივი აქტის პროექტის ინიცირების უფლების მქონე უწყების წარდგინებით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
აღნიშნული კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, სხვადასხვა დონეზე არაერთი შეხვედრა გაიმართა, სამწუხაროდ, კანონპროექტი დღემდე რჩება განსახილველად საქართველოს პარლამენტში.
კანონპროექტთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ, საიამ დღეს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) მიმართა.”