“ბიძინა ივანიშვილმა ღიად განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა განადგურდეს, ივანიშვილი წავიდა და ახალი პრემიერი მისი იდეების გამტარებელი და დაწყებული საქმის ბოლომდე მიმყვანია. ახლა, თვითმმართველობის არჩევნების წინ, როცა დიდი ალბათობით თბილისის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიგი უგულავა იქნება, ხელისუფლება ცდილობს მისი იმიჯი შეასუსტოს და მათი კანდიდატი, ბატონი ნარმანია მოახვიონ თავს თბილისელებს. ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს, თუნდაც ის, რომ ვანო მერაბიშვილი წინასწარ დაკავებაშია ლოგიკას მოკლებული არგუმენტებით”.
ხაჩიძე ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს “ნაციონალური მოძრაობის” დასუსტებისთვის მიმართულ გეგმად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას თავი თვითონ შეჰყავს ჩიხში.
“თუ ვანო მერაბიშვილი ცრუობს და ხელში გაქვს ფირი, რომლის ჩვენებითაც შეგიძლია მთელ ქვეყანას აჩვენო როგორ იტყუება “ნაციონალური მოძრაობა”, ამ შანსს ხელიდან რომ უშვებ, ეს ბევრ კითხვას იწვევს. გამოძიება დაიწყება თუ არა ან ფირები ჯერ კიდევ არსებობს თუ არა, ეს გაურკვეველია, თავად უმრავლესობის წევრებს შორის არის აზრთა სხვაობა, ზოგი ამბობს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, ზოგი ამბობს, რომ არ უნდა ჩატარდეს. სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებაზე ვერ მივიღეთ მთავრობის ერთი კონკრეტული პასუხი – გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა ყველაფერი! სხვანაირად და სხვა გარემოებებში რომ გაჟღერებულიყო ეს ამბავი, მაშინ საერთოდ რეაქცია არ იქნებოდა. რა უნდა ფირის ჩვენებას – აიღე და ჩართე თუ ხარ მართალი!”
ხაჩიძე აცხადებს, რომ არსებული ხელისუფლება მთელი წელი რაღაც ჭორ-მართალის გარჩევით და პოლიტიკური ოპონენტების განადგურებით არის დაკავებული და ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვერდზე რჩება. მისი თქმით, ეს ყველაფერი მათთვის სავალალო შედეგს გამოიწვევს და სწორედ მათზეა დამოკიდებული რამდენ ხანს დარჩებიან ქვეყნის სათავეში. უმცირესობის წევრი არ გამორიცხავს “ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებზე ზეწოლას და თუნდაც დაკავებას.
უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი გოგა ხაჩიძეს ურჩევს კომიტეტის სხდომებს დაესწროს და მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს და არ იყოს დაკავებული ასეთი განცხადებების კეთებით და წარმოუდგენელი “პოსტების” წერით.
“ხაჩიძე კომიტეტის სხდომაზე უკვე დიდი ხანია არ მინახავს, ერთხელ იყო, “წერეთელმა დაგვიბარას” სტილში დაგვიტოვა ამბავი და გაქრა, აორთქლდა. თუ გამოივლის და დარჩება, ფეისბუქზე “პოსტავს” წარმოუდგენელ “პოსტებს” და ასე გაჰყავს დრო. მერე ისევ დიდი ხანი არ მოვა, მერე მოუნდება რაღაც ღვარძლიანი თქვას, გააკეთოს და ისევ მოვა და ასე… აი, ასეთი ოპოზიცია გვყავს საქართველოს პარლამენტში. მათი გადამკიდე ქვორუმი არ იკრიბება, კომიტეტი ფაქტიურად ვერ მუშაობს და კიდევ სხვებზე ლაპარაკობენ დაუფიქრებლად ათას სისულელეს”.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ კომისია პარლამენტში არ უნდა შეიქმნას. უმრავლესობის წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ეს კომანტარი შესაძლოა ხაჩიძემ ზეწოლის მესამე ტალღად შეაფასოს, “თუმცა, ვინ დაუჯერებს მას, ეს უკვე სხვა საკითხია”.