თეა წულუკიანი ამბობს, რომ მისმა უწყებამ თავისი ფუნქცია შეასრულა, კანონპრექტი დაწერა და მთავრობას წარუდგინა, დანარჩენი კი უკვე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადასაწყვეტია.
“იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი თვის რთული მუშაობის შედეგად შეიმუშავა ის კანონპროექტი, რომელიც ეხება ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას, ეს კანონპროექტი როგორც გითხრით, არის მზად და ამით იუსტიციის სამინისტროს სამუშაო არის დასრულებული, თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ მთავრობის სხვა წევრებთან კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით. მასთან მქონდა რამოდენიმეჯერ მსჯელობა, ყველას ძალიან შესტკივა გული იმაზე, რომ ეს პრობლემა უფრო მალე ვერ მოგვარდა, ყველას უკლებრივ მინისტრთა კაბინეტში. ამაზე გაგრძელდება მუშაობა. ამ ეტაპზე კანონპროექტი ჩვენი მხიდან არის ბოლომდე მზად. ერთადერთი, რაც არის გასათვლელი და დასათვლელი და ამაზე მეც სხვებთან ერთად ვიმუშავებ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფინანსური კუთხით ამ კომისიის შექმნას. მესმის, რომ ლოდინი რთულია. ამიტომაც, ჩვენ მომავალი წლიდან ვიმუშავებთ უვადო პატიმრობის თემაზე იმისთვის, რომ მათ შვება მიეცეთ, რათა უვადო პატიმრობა არ იყოს ნამდვილი უვადო პატიმრობა, რადგან ამას ევროკონვენცია კრძალავს,” _ განაცხადა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რაც გუშინ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმაც დაადასტურა, ხარვეზების დაამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით ათასამდე პატიმარი შიმშილობს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ასეთი საკითხები ულტიმატუმებით არ გვარდება.
“ამ 909 პატიმარს და სხვა ყველა იმ პატიმარს, რომლებიც სასჯელს იხდიან ჩვენს ციხეებში, ელოდებიან ოჯახებში და მათ ელოდება სახელმწიფო, რომ ისინი გამოვიდნენ და ჩაებან ქვეყნის განვითარებისა და მშენებლობის საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მათ ვუსურვებ მალე დაეტოვებინოთ პენიტენციალური სისტემა და გამხდარიყვნენ ამ ქვეყნის თავისუფალი მშენებლები. ამასთან ერთად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საკანონმდელო პროცესი თუ როგორ უნდა შეიცვალოს კოდექსი, მოდით მივანდოთ პარლამენტს და დეპუტატებს. ეს პროცესი არ ხორციელდება ულტიმატუმის სახით, არამედ ხორციელდება საკანონმდებლო ორგანოში”.
როგორც იუსტიციის მინისტრის კომენტარიდან ირკვევა, ხარვეების დამდგენი კომისიის შექმნა შორეული პერსპექტივაა. იქამდე კი მთავრობა ეცდება პატიმართა გარკვეულ კატეგორიას მდგომარეობა შეუმსუბუქოს და ამით ციხეებში არსებული დაძაბული ვითარება ნაწილობრივ მაინც განმუხტოს. მომავალი წლიდან უვადო პატიმრობამისჯილებს სასჯელი ვადიანი პატიმრობით შეეცვლებათ, რაც როგორც თეა წულუკიანი ამბობს ევროკონვენციის მოთხოვნაცაა.