პროექტის ძირითადი მიზანია ფშავ-ხევსურეთის ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვანების შენარჩუნება.
პარლამენტარების განცხადებით, კანონპროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეკოტურიზმის განვითარებისთვის, აგრეთვე აღნიშნული კუთხის ისტორიული და კულტურული გარემოს რეკრეაციისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაცული ტერიტორიის დაარსებითა და შესაბამისად ეკოტურზმის განვითარებით ჩნდება ადამიანების დასაქმების საშუალება, რაც მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს მთიანეთში მოსახლეობის დამაგრებისათვის.
მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად შეეხო მათ საკუთრებაში მყოფი მიწების (სახნავ-სათესი, საძოვარი) ბედს. დაცული ტერიტორიის შექმნის პირობებში რაიმე სახის აკრძალვების საშიშროება ხომ არ იქმნებოდა. მათ მიეცათ განმარტება, რომ დაცული ტერიტორიის საზღვრებში საერთოდ არ იქნება სახნავ-სათესი მიწები, ხოლო რაც შეეხება საძოვრებს, ისინი იქნება ტრადიციული გამოყენების ზონაში და მოსახლეობას ექნება მისი გამოყენების საშუალება.
გამოითქვა წინადადება, რომ ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიაზე ისტორიულ-კულტურული ძეგლების აღდგენის დროს შენარჩუნდეს მათი პირვანდელი სახე და ამ საქმეში ჩაერთოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
გადაწყდა, რომ აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კანონპროექტი “ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”, უახლოეს ბიუროს წარედგინოს განხილვის პროცედურის დასაწყებად.