“თ. წ. #8 დაწესებულებაში საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით შიმშილობს და აცხადებს, რომ მისი განაჩენი უკანონოა. მსჯავრდებული სასჯელს უკვე მეორედ, 2013 წლის თებერვლიდან იხდის. 2012 წელს, პირველი სასჯელისგან გათავისუფლებიდან 6 დღეში მან ქალბატონი გააუპატიურა, რამდენიმე თვის შემდეგ კი 2013 წლის 30 იანვარს იმავე პიროვნების განზრახ მკვლელობა სცადა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 2013 წლის 18 აგვისტოს მას სასჯელად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დ. ა. ე.წ. აქტირებით გათავისუფლების მოთხოვნით #8 დაწესებულებაში შიმშილობს. მსჯავრდებული სასჯელს 2011 წლის 23 აპრილიდან, თურქეთის ორი მოქალაქის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის იხდის. მსჯავრდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის იანვრის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე, მას სასჯელი 4 წლით და 6 თვით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ი. დ. განაჩენის გადახედვას მოითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს უკვე მეორედ, #15 დაწესებულებაში იხდის. მსჯავრდებულმა შურისძიების მიზნით, განსაკუთრებით სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და ორი პირის განზრახ მკვლელობა სცადა. მათგან ერთ-ერთი დანაშაულის მომენტისთვის ორსულად იყო. დ. სასჯელს 2009 წლის 26 აპრილიდან იხდის. მას სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის იანვრის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე მას სასჯელი სამი წლით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 27 წელი განესაზღვრა.
დ. გ. სამედიცინო პერსონალს უნდობლობას უცხადებს და შიმშილობს. მსჯავრდებული სასჯელს ბენზინგასამართი სადგურის ჯგუფურად დაყაჩაღებისა და დანაშაულის დაფარვის მიზნით, მეპატრონის განზრახ მკვლელობისთვის 2002 წლის 25 თებერვლიდან იხდის. დავით გორდაძეს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2008 წლის 15 დეკემბერს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მობილური ტელეფონის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. იმავე ფაქტისთვის მსჯავრდებული 2009 წლის 12 ოქტომბერსაც გასამართლდა და სასჯელად 13 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე, მას სასჯელი 6 წლით და 5 თვით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 7 წელი 5 თვე განესაზღვრა. ამჟამად გ. #19 დაწესებულებაში იმყოფება.
ჯ. გ. სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით შიმშილობს. სასჯელს ქურდობის მუხლით, განმეორებითი დანაშაულისთვის იხდის. 2011 წელს, ის მაღაზია „პოპულში“სხვადასხვა ნივთებსა და სასმელს ფარულად დაეუფლა. ამავე წელს მოქალაქეს მოჰპარა ხელჩანთა, რომელშიც მსხვილი თანხა და ოქროს ნივთები იყო. პირველი სასჯელისგან მძიმე და განუკურნებელი დაავადების გამო 2013 წლის 21 იანვარს გათავისუფლდა. 2013 წლის 4 ივნისს, ჯ.გ. კვლავ ფარულად დაეუფლა მოქალაქის ხელჩანთას და მას 350 ლარის ღირებულების ზარალი მიაყენა. მსჯავრდებული სასჯელს 2013 წლის 4 ივნისიდან იხდის, სასამართლომ მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით კი სამი წლით და სამი თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
გ. ქ. #6 დაწესებულებაში სასჯელის გადავადების მოთხოვნით შიმშილობს. სასჯელს ყაჩაღობისთვის იხდის. 2009 წელს მსჯავრდებულმა მოქალაქეს დანის მუქარით გასტაცა მობილური ტელეფონი. 2010 წლის 10 თებერვალს სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიით, მას სასჯელი 2 წლით და 9 თვით შეუმცირდა და სასჯელის ვადად 8 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
დ. დ. საქმეების გადახედვას, შეკრებითობის მოხსნას და 223 პრიმა მუხლის გაუქმებას მოითხოვს. მსჯავრდებული სამჯერ ნასამართლევია. სასჯელს 2011 წლის 13 მაისიდან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იხდის. დ-ს სასამართლომ 9 წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებულს სასჯელი 6 წლით და 8 თვით შეუმცირდა და ახალ სასჯელად 3 წელი და 3 თვე განესაზღვრა. ამჟამად დაჩი დ.დ. #6 დაწესებულებაშია განთავსებული.
გ. ქ. #7 დაწესებულებაში საკნის ფანჯრების შემინვას და დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ძალადობის ფაქტებს აპროტესტებს. მსჯავრდებული ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტია. სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და დეზორგანიზების გამო იხდის. არ ემორჩილება და სისტემატურად არღვევს დაწესებულების რეჟიმს, რის გამოც დაკისრებული აქვს არაერთი დისციპლინური სასჯელი. წინა სასჯელი მკვლელობის მცდელობისთვის მოიხადა. მსჯავრდებული სასჯელს 1998 წლიდან იხდის. სასჯელაღსრულებაში ჩადენილი დანაშაულისთვის 2008 წლის 15 აპრილს სასამართლომ მას 3 წლით და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა (სასჯელში გათვალისწინებული იქნა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი). იმავე ხასიათის დანაშაული მსჯავრდებულმა 2012 წლის 22 მარტსაც ჩაიდინა, რის გამოც სასჯელის ვადად 6 წლით და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ი. წ. #7 დაწესებულებაში, სხვა საკანში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. მსჯავრდებული ქურდული ტრადიციების მიმდევარია. სასჯელს განზრახ მკვლელობისთვის 1998 წლიდან იხდის. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, 2006 წელს ჩაიდინა ახალი დანაშაული – გაურკვეველ ვითარებაში შეიძინა მობილური ტელეფონი, რის გამოც სასამართლომ, წინა სასჯელის მოუხდელ ნაწილთან ერთად, სასჯელად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის ამნისტიის საფუძველზე მას 5 წლით და 8 თვით შეუმცირდა სასჯელი და ახალ სასჯელად 11 წელი და 4 თვე განესაზღვრა. მსჯავრდებული დაწესებულებაში კვლავ არღვევს დისციპლინას, რის გამოც მას არაერთი დისციპლინური სასჯელი დაუწესდა.
მ. გ. #7 დაწესებულებაში იმყოფება. აცხადებს, რომ სცემეს და დაწესებულების თანამშრომლების დასჯას ითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს მეორედ, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდის. მსჯავრდებულმა მოქალაქე, შელაპარაკების ნიადაგზე, გულმკერდის არეში დანით დაჭრა და სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. გ-ს 2013 წლის 21 ოქტომბერს სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებული დისციპლინური წესით ერთხელ დაისაჯა. პირველი ვადა მან ყაჩაღობისთვის მოიხადა.
დ. ა. საქმის გადახედვას მოითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ფულის გამოძალვის, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის იხდის. 2007 წლის 6 მარტს მას სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის ამნისტიის საფუძველზე მსჯავრდებულს სასჯელი 12 წლით და 3 თვით შეუმცირდა და ახალ ვადად განესაზღვრა 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამჟამად განთავსებულია #7 დაწესებულებაში.
ზ. ბ. შეკრებითობის პრინციპის არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით შიმშილობს და განაჩენის გადახედვას მოითხოვს. მსჯავრდებული სასჯელს ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის იხდის. 2011 წლის 6 ივლისს მას 24 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე მას სასჯელი 10 წლითა და 7 თვით შეუმცირდა და ახალ ვადად 14 წელი და 3 თვე განესაზღვრა. მსჯავრდებული ამჟამად #7 დაწესებულებაში იმყოფება.
ლ. ო. აცხადებს რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. მსჯავრდებული სასჯელს 2005 წლის 10 ოქტომბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იხდის. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მან მსხვერპლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ლ.ო. ქურდული ტრადიციების მიმდევარია. სასამართლომ მას სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე ო-ს სასჯელი 3 წლით შეუმცირდა და ახალ ვადად 9 წელი განესაზღვრა. მსჯავრდებული ამჟამად # 7 დაწესებულებაში იმყოფება.
გ. გ. საქმის გადასინჯვის მოთხოვნით შიმშილობს. მსჯავრდებული სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბებისთვის იხდის. გ.გ. მის მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში. მსჯავრდებული სასჯელს 2008 წლის 15 მაისიდან იხდის. სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე სასჯელი 2 წლით და 6 თვით შეუმცირდა და ახალ ვადად 7 წელი და 6 თვე განესაზღვრა. მსჯავრდებული # 7 დაწესებულებაში იმყოფება.
გ. მ. #7 დაწესებულებაში პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს. 2012 წელს გ.მ-მ უკანონოდ შეიძინა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მან მოქალაქეს სწორედ ამ ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაკავებისას მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. 2012 წლის 17 აგვისტოს მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 2013 წლის საყოველთაო ამნისტიისა და შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე სასჯელად 6 წლით და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა,” _ აღნიშნულია განცხადებაში.