პირველი ფასიანი უმაღლესი სასწავლებელი კარლო ცქიტიშვილს ეკუთვნოდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი უნივერსიტეტის რექტორად მისი შვილი ასევე კარლო ცქიტიშვილი დაინიშნა. დღეისთვის სასწავლებელი აღარ ფუნქციონირებს, კარლო ცქიტიშვილი კი საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსია.
“გურია ნიუსი” იმ ადამიანებს ესაუბრა, რომლებმაც აღნიშნული უმაღლესი სასწავლებელი 90-იან წლებში დაამთავრეს. ისინი ძირითადად 61-ე და მე-60 სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ბევრი მათგანი კარლო ცქიტიშვილის კლასელი და მეგობარია, ბევრიც მეზობელი, რამდენადაც ცქიტიშვილები იქვე პეკინის ქუჩა N 3-ში ცხოვრობდნენ. უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაახლოებით 35 ათასი კუპონი ღირდა, თუმცა, კურსდამთავრებულებს აღნიშნული დიპლომი არაფერში ადგებოდათ.
“მოგეხსენებათ, მაშინ ფასიანი უმაღლესის დამთავრება სირცხვილადაც ითვლებოდა. მეც სამართალმცოდნეობა დავამთვარე, მაგრამ ამ დიპლომით ძალოვან სტრუქტურებში არ მიმიღეს. საინტერესოა, ფარცხალაძემ ამ დიპლომით როგორ მოახერხა დასაქმება. ამ დიპლომის აღების შემდეგ იძულებულები გავხდით სწავლა სხვა უმაღლეს სასწავლებელში გაგვეგრძელებინა, რადგან სამსახურს ვერ ვშოულობდით, მიუხედავად იმისა, რომ ლექციებს არაჩვეულებრივი ლექტორები გვიკითხავდნენ,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” ზემოხსენებული სასწავლებლის კურსდამთავრებული.
“გურია ნიუსი” კარლო ცქიტიშვილთან დაკავშირებას შეეცდება, რათა გაარკვიოს, როგორ აიღო 19 წლის ოთარ ფარცხალაძემ დიპლომი 1995 წელს, როდესაც ზემოხსენებული სასწავლებელი ოფიციალურად მხოლოდ 1995 წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა.