პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ მთავრობას განმარტება უგულავას განცხადებისთანავე უნდა გაეკეთებინა:
_ ყურადღება მიაქციეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს! დღეს უკვე ბევრი ვინმე ამბობს, კვირეების წინ ვიცოდი მთავარი პროკურორის ნასამართლეობის ამბავიო და, როგორც ჩანს, მართლაც იცოდნენ! იცოდნენ იმიტომ, რომ უთხრათ ვიღაცამ, თანაც ერთდროულად ბევრს უთხრა, რათა ამ ამბავს ხელისუფლებამდე მიეღწია. სადაც ამდენმა ადამიანმა იცოდა, ცხადია, ხელისუფლებაშიც გაიგებდნენ ვიღაცეები და მათ წინასწარვე იცოდნენ, რომ ხელისუფლებაზე ასეთი დარტყმა მოსალოდნელი იყო. მაგრამ ვიღაცეებმა არ იცოდნენ და სწორედ მათ მიიღეს დღეს ყველაზე ძლიერი დარტყმა. და რაც საინტერესოა, ამ დარტყმაში ისინიც მონაწილეობდნენ, რომელთაც იცოდნენ და არ აცნობეს ამის შესახებ დანარჩენ ხელისუფლებას.
ცხადია ისიც, რომ უგულავა არ მიაწვდიდა ექსპერტებს და “არასამთავრობოებს” ამ ინფორმაციას, რადგან მის ინტერესებში ნამდვილად არ შედიოდა ხელისუფლების ან ვინმე სხვის წინასწარ ინფორმირება. როგორც ჩანს, მან ბევრად გვიან გაიგო ეს ამბავი.
ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია კარგა ხანი ტივტივებდა ხელისუფლების ტერიტორიულ წყლებში, მაგრამ არავინ მოინდომა მისი გაუვნებელყოფა. კეთილისმყოფელი ადამიანი, ბუნებრივია, ეტყოდა კოლეგებს ხელისუფლებაში, ასეთი ჭორი მითხრეს და გადავამოწმოთო. არ არის გამორიცხული, ცოტა უფრო რთული პარტია თამაშდებოდეს ჩვენს თვალწინ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ისე მთავრობას დღესვე უნდა ეთქვა რაღაც და იქნებ ეს კითხვებიც არ გაჩენილიყო, _ აღნიშნავს მაღლაფერიძე.