19 ივლისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა კინოთეატრ “გურიაში” ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების კოლაჟის მიხედვით სპექტაკლი _ “სისხლის ძახილი” წარმოადგინა.
სცენის დეკორაცია გოგი ცინცაძეს ეკუთვნის, მუსიკალურად ნინო სიხარულიძემ გააფორმა, გამნათებელი ანსამბლ “გურიას” ლოტბარი ავთო მახარაძე გახლდათ, ტექნიკური ხელმძღვანელი კი _ ალეკო ძნელაძე. რეჟისორმა გოგი ცინცაძემ კიდევ ერთხელ გააცოცხლა დუმბაძის ყველასთვის უკვე დიდი ხნის ნაცნობი, მაგრამ მაინც საყვარელი, უკვდავი პერსონაჟები: სოსოია, ნოდარა, ხატია, ილიკო, ილარიონი, ბებია, ბეჟანა, დიდრო, კოწია ფოსტალიონი, ქიშვარდი ბაბუა, თავმჯდომარე ქიშვარდი, ყვაპუტა და სხვა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ როგორც ძველი თაობის, ისე ახალი, დამწყები მსახიობები: გოგი ცინცაძე, ჯემალ სიხარულიძე, ზაურ კეკელიძე, გია ხვინჩიაშვილი, ავთო მახარაძე, გიორგი სიხარულიძე, შოთა ყაჭეიშვილი, ნუკრი მახარაძე, მერაბ ცინცაძე, ოთარ ცინცაძე, არსენ დონდუა. ოზურგეთიდან მოწვეული მსახიობი ნელი ბასილაშვილი, ასევე ნინო სიხარულიძე, მარიამ სიხარულიძე, მერი სირაძე. ახალბედა ბიჭუნები _ მახარე მახარაძე, გიორგი მახარაძე, შოთა ბოლქვაძე, დათო თოდრია, ბექა ჯინჭარაძე, დათო ლომთათიძე, ომარ ყაჭეიშვილი. ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებმაც მაყურებელს ერთი მშვენიერი საღამო შესთავაზეს.
სპექტაკლი კიდევ უფრო სრულყოფილი იქნებოდა, რომ არა ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც მაყურებელს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. ეს იყო განათება, სივრცე. ფაქტია, კინოსახლის სცენა მსახიობებისთვის აბსოლუტურად მოუხერხებელია, ამას თან ერთვოდა დარბაზის კარის ხმა, საიდანაც მაყურებელთა ნაწილი ხან გადიოდა, ხან შემოდიოდა, ეს კი ხელს უშლიდა და ყურადღებას უფანტავდა, როგორც დარბაზში მსხდომთ, ისე მონაწილე მსახიობებს. ჩვენთან საუბარში რეჟისორმა გოგი ცინცაძემ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ მუნიციპალიტეტს კულტურის სახლი ექნება, სადაც მსახიობებთან ერთად რეპეტიციების გავლას შეძლებს და მაყურებელსაც სრულყოფილ ნამუშევარს შესთავაზებს.
_ მოვახერხეთ და შევკრიბეთ ახალგაზრდა თაობა, შევქმენით ჩვენი გუნდი, აქ არიან დამწყები, მაგრამ ძალიან ნიჭიერი მსახიობები. მე, როგორც რეჟისორი, ამ სპექტაკლს მთლიანობაში დამაკმაყოფილებლად შევაფასებ. მსახიობებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, თუმცა, კინოსახლის სცენაზე რთულია დადგა სრულფასოვანი სპექტაკლი. თეატრს თავისი სპეციფიკა აქვს. ჩვენ ოზურგეთიდან მოვიწვიეთ მსახიობი ნელი ბასილაშვილი, ამით გვინდა საფუძველი ჩავუყაროთ ორ მეზობელ თეატრს შორის მეგობრობას და ეს არის პირველი ნაბიჯი.
კოლექტივის სახელით, თანადგომისა და დახმარებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის საფინანსო სამსახურს, კულტურის ცენტრს, ანსამბლ “გურიას” ლოტბარს ავთო მახარაძეს, ჯემალ სიხარულიძეს. იმედია, ჩოხატაურში გვეღირსება კულტურის სახლი და ჩვენს შესაძლებლობებსაც უკეთ წარმოვაჩენთ.
სექტემბერში ბათუმში გაიმართება თეატრალური ფესტივალი, სადაც ჩვენი, სახალხო თეატრის დასიც მიიღებს მონაწილეობას, რა სპექტაკლს დავდგამთ ამას, ჯერჯერობით, არ გავახმაურებთ, _ გვითხრა რეჟისორმა.