ირინა ყურუას თქმით, აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებელი გახდა და მის თანამდებობაზე და კიდევ სხვა განყოფილებებზე მოხდა კონკურსის გამოცხადება.
ირინა ყურუა:
_ აჭარის ტელევიზიამ მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი და ასე ვთქვათ, ძველი ტელევიზიის ლიკვიდაცია ხდება იურიდიულად და ყველა ცალკეული განყოფილება გადის ლიკვიდაციას. საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია აღარ არსებობს და გამოაცხადეს თავიდან კონკურსი ოთხ პოზიციაზე, 9 იანვარს სრულდება საბუთების მიღება და სავარაუდოდ, 10-ში იქნება გასაუბრება.
_ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიაში არ შეგიშვეს.
_ 2014 წლის 1 იანვრიდან ახალი თანამშრომლების სია ჰქონდა დაცვას. მე მივედი 3 იანვარს და ამ სიაში არ ვეწერე. დაცვის ბიჭებმა ბოდიში მომიხადეს და მითხრეს, რომ შემეთანხმებინა ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან. მართლაც მომიწია შეთანხმება იურისტთან და შემდეგ ამიშვეს.
აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, სოსო სტურუამ ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მანვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში, კონკურსი გამოეცხადათ ოთხ ვაკანსიაზე.
სოსო სტურუა:
_ აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად დაფუძნდა 1 იანვარს და აქედან გამომდინარე, დავიწყეთ კონკურსის წესით თანამშრომლების მიღება.
_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე ოთხი ვაკანსიაზე არის კონკურსი და მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
_ კონკურის გამოცხადებულია ოთხ თანამდებობაზე და მიკერძოებულად, რომ არ ჩამთვლოდა, მოვალეობის შემსრულებლები ამ თანამდებობაზე არ დამინიშნავს და გამოვაცხადე კონკურსი და კონკურსი დასრულდება 13-15 იანვარს. 3 იანვარს კი ავიყვანე სამსახურში 220 ადამიანი, რომ არხის მაუწყებლობა არ შეჩერდეს, არ ამიყვანია გენერალური პროდიუსერი, მთავარი რეჟისორი, პროგრამების სამსახურის უფროსი და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, როდესაც ამ თანამდებობაზე დაინიშნებიან კონკურსის გამარჯვებულები, შემდეგ სხვა შტატებზე გამოცხადდება კონკურსი.
_ ბატონო სოსო, აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ოთხ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება?
_ აბა, პირველად რომელ პოზიციაზე უნდა ჩამეტარებინა კონკურსი? თქვენ, რომ დაინიშნოთ სამსახურის უფროსად, ჯერ ხომ სამსახურის უფროსებს მოძებნით და შემდეგ თანამშრომლებს.
_ თქვენგან მაინტერესებს, ამ კონკურსის ჩატარება აუცილებლობას წარმოადგენდა?
_ მე არ მიმაჩნია მიზანშეწოლილად, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თავისი სუბიექტური შეხედულებით დანიშნოს ხელმძღვანელები პოსტზე. უნდა გამოაცხადოს ღია კონკურსი და შემდეგ გამარჯვებულები დანიშნოს შესაბამის თანამდებობაზე. ჩემის აზრით, ეს არის ლოგიკური და მისაღები.
_ ბატონო სოსო, რატომ არ მოხდა ახლა ყოფილი თანამშრომლების შესვლა აჭარის ტელევიზიის შენობაში. საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, მაგალითად, ირინა ყურუა დაცვამ არ შეუშვა და იურისტის ჩარევის შემდეგ მოხდა მისი შესვლა შენობაში.
_ როგორც მოგახსენეთ, ოთხ თანამდებობა არის საკონკურსო და მათ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა. ოთხი-ხუთი სამუშაო დღეს თუ არ ეყოლება ტელევიზიას ამ ოთხ თანამდებობაზე ხელმძღვანელები, ამით არაფერი არ დაშავდება. მითუმეტეს, ორგანიზაცია ახლა იქმნება. 240 თანამშრომელი იქნა ლიკვიდიაციის შედეგად დათხოვნილი და ხდება კონკურსის წესით თანამშრომლებიც მიღება. ხოლო ის ოთხი პიროვნება არ არის ტელევიზიის თანამშრომელი და მათ შეუძლიათ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.