დღეისათვის, ჯანდაცვის სამინისტროში დასრულებულია C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის პროცედურები სასჯელაღსრულების სისტემაში მედიკამენტების მისაწოდებლად და ასევე, ხელმოწერილია შეთანხმება სამოქალაქო სექტორის ბენეფიციარებისათვის 2 წლის განმავლობაში მედიკამენტების შეღავათიანი ფასით მიწოდების თაობაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებულ ტენდერში პეგილირებული ინტერფერონის შესაძენად რეგიონისათვის უპრეცედენტოდ დაბალი ფასი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტრო 1,000 პატიმრისათვის პეგილირებულ ინტერფერონს (პეგფერონის 180 მკგ/1 მლ ფლაკონს) შეიძენს 158.67 ლარად, რაც დღეს საქართველოს ბაზარზე პეგილირებული ინტერფერონის ფასზე 60%-ით ნაკლებია.
იგივე შეღავათიანი ფასი გავრცელდება საჯარო სექტორში 10,000 პაციენტზე, რომელთაც მიეცემათ საშუალება შეიძინონ პეგფერონის 180 მკგ/1 მლ ფლაკონი ფიქსირებულ ფასად – ეროვნულ ვალუტაშიარაუმეტეს 92,88 აშშ დოლარის ექვივალენტიღირებულებით (გადახდის დღისათვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
სახელმწიფო შესყიდვით დაფიქსირებული ფასით და მომწოდებელთან (შპს “ჯი-ემ-პი”) მიღწეული შეთანხმებით საქართველო რეიტინგში ეგვიპტის შემდეგ იმ სიის სათავეში ექვევა, სადაც პეგილირებული ინტერფერონი მოქალაქეთათვის ყველაზე დაბალ ფასად არის ხელმისაწვდომი. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატებაა პაციენტებისათვის ანტივირუსული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში,C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელიც ვირუსზე გამოკვლევის შემდეგ პაციენტთა მკურნალობას გულისხმობს, მსჯავრდებულთა ჩართვა სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე 2014 წლის 1 მარტიდან დაიწყება.
სამოქალაქო სექტორში მედიკამენტების შეღავათიან ფასად შეძენა C ჰეპატიტით ინფიცირებულ მოქალაქეებს 2014 წლის 1 ივლისიდან შეეძლებათ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანხმობის წერილის საფუძველზე. სამოქალაქო სექტორის ბენეფიციართა რეგისტრაცია სააგენტოში 2014 წლის 1 თებერვლიდან დაიწყება.
პირველ ეტაპზე 1 ივლისისათვის შეღავათიან ფასად უზრუნველყოფილი იქნება პეგილირებული ინტერფერონის 6,000 ერთეული, რაც საკმარისი იქნება სამოქალაქო სექტორში 750 პაციენტის მკურნალობის დასაწყებად. 1 ივლისიდან მედიკამენტის შემდგომი მოწოდებები სამინისტროს პაციენტთა საინფორმაციო ბაზაზე დაფუძნებით შეთანხმდება მომწოდებელთან ყოველკვირეულ რეჟიმში – მცოცავი გრაფიკის პრინციპით – რაც უზრუნველყოფს რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობის შესაბამისად მედიკამენტის უწყვეტმარაგს 2014-2015 წწ. პერიოდისათვის.
პაციენტებს მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მოქმედი აფთიაქებიდან.
ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის, მედიკამენტის ფასის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე (www. moh.gov.ge) და ასევე, ცხელ ხაზზე (1505).