ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ ამჟამად არსებული კანონდებლობით, საგადასახადო საიდუმლოებაზე ზოგ უწყებებს მიუწვდება ხელი, ზოგს – არა.
“მაგალითად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აინტერესებს ინფორმაცია კონკრეტული იძულებით გადაადგილებული პირის შემოსავლების შესახებ, რომ ამის მიხედვით მათ გაატარონ ღონისძიებები. პირობითად, პირველ რიგში მისცენ თუ არა საცხოვრებელი ფართები. სამთავრობო დაწესებულების ნაწილს აქვს წვდომა ნაწილს – არა”, _ აღნიშნა ხადურმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებას, რომელსაც სჭირდება ინფორმაცია, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიაწოდოს.
“ვისაც სჭირდებათ, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ ჭირდებათ, რატომ უნდა გასცეთ? ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს”, _ აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლის შეცვლის ინიციატივით მიმართა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.
კანონპროექტის მიხედვით, საგადასახდო ორგანოს უფლება ეძლევა, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების ან გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე გადასცეს მთავრობას, ყველა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოს, სახალხო დამცველს, და სხვა, კანონით დადგენილ სუბიექტებს, რაც, პროექტის მიხედვით, “კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის” შეიძლება მოხდეს.
“საგადასახადო კოდექსი” სადღეისოდ არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს მხრიდან საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცემას ზოგადად, “საქართველოს მთავრობაზე”, “საქართველოს სამინისტროზე”, როგორც ეს პარლამენტში ინიცირებულ პროექტში წერია.
ამასთან, მოქმედი კანონი მიუთითებს, რა შემთხვევაში, რა მიზნებით შეიძლება მოხდეს საგადასახადო საიდუმლოს გაცემა. მაგალითად, მოქმედი კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს – “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში და ასე შემდეგ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, საკითხის განხილვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის იგეგმება.