როგორც გვითხრეს, კონფლიქტის მიზეზი “გურია” მწვრთნელის თანამდებობაა _ გამგებელს და გუნდის ხელმძღვანელობას, ამ პოსტზე დავით მახარაძის დანიშვნა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა, გურიის გუბერნატორის მიერ თემურ ლორიას კანდიდატურის შეთავაზებამ გამგებელს პოზიცია შეაცვლევინა. ჩვენი წყაროს თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ ლანჩხუთის გამგებელს ის დრო შეახსენა, როცა გუნდის აყვავების პირობას დებდა და ისიც ურჩია, რომ გუბერნატორის სიტყვებზე სიარული კარგს არაფერს მოუტანდა.
ზაზა ურუშაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მისი პრესსამსახურის, მაკა სულაბერიძის თქმით, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია:
_ არც სიტყვიერი დაპირისპირება ყოფილა და მით უმეტეს, ფიზიკური. გამგებელი შეხვედრაზეა და იმიტომ ვერ პასუხობს თქვენს ზარებს. ალბათ, მოგვიანებით დაგირეკავთ, _ გვითხრა სულაბერიძემ.
დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კლუბის ხელმძღვანელობა უარყოფს. კობა მირზაშვილის თქმით, დღეს ჩვეულებრივი შეხვედრა იყო.
_ კლუბის ხელმძღვანელობასა და გამგებელს შორის ჩვეულებრივი შეხვედრა შედგა. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა, არც შეურაცხყოფები. პირიქით, გამგებელთან ძალიან კარგი, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, გვერდში გვიდგას.
_ როგორც გვითხრეს, თქვენც და გამგებელსაც გუნდის მწვრთნელად დავით მახარაძე გსურდათ, თუმცა, გუბერნატორის მიერ შემოთავაზებულმა კანდიდატურამ ყველაფერი არია… რეალურად, გამგებელი და კლუბის ადმინისტრაცია გუბერნატორის წინააღმდეგია თუ სხვა რამე ხდება?
_ ერთ სიმართლეს გეტყვით _ გამგებელი და კლუბის ხელმძღვანელობა დგას სიმართლის მხარეს და არა გუბერნატორის წინააღმდეგ. მე, როგორც კლუბის ხელმძღვანელს, გამაჩნია ჩემი აზრი და აქედან გამომდინარე, დავით მახარაძე, რომელიც ჩვენთან იყო, რჩება და აგრძელებს თავის საქმიანობას. ამ საკითხთან მიმართებაში, ამავე აზრზე არიან ჩემი თანაგუნდელები. გამგებელი და ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ _ ლანჩხუთის “გურიას” წარმატება გვინდა, მეტი არაფერი.
_ იქიდან გამომდინარე, რომ გუბერნატორი მწვრთნელად სხვას გთავაზობთ, რა გამოდის _ მას არ უნდა გუნდის წარმატება?
_ იყო მაგაზე საუბარი, მაგრამ, ჯერჯერობით, ეს საკითხი ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. ასე რომ, გვინდა გუბერნატორთან შეხვედრა.
_ ბატონო კობა, გუბერნატორმა რა უნდა გადაწყვიტოს, ან რატომ უნდა გადაწყვიტოს?
_ ერთ საერთო აზრზე გვინდა რომ ჩამოვყალიბდეთ. გადაწყვეტით კი მე, გუნდის ხელმძღვანელი, გადავწყვეტ, _ გვითხრა მირზაშვილმა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ წუთებში, გურიის გუბერნატორი მედიის წარმომადგენლებს ლანჩხუთში ხვდება. იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი და გუბერნატორის პოზიციას მალე შემოგთავაზებთ.