უმუშევრობის დასაძლევად საპატრიარქოსა და ბიზნესმენებს შორის დაიწყება ურთიერთთანამშრომლობა. რამდენად შეძლებს დღეის მდგომარეობით მცირე და საშუალო ბიზნესი ახალი კადრების დასაქმებას და რამდენად რეალურია ბანკების მიერ გრანტების გამოყოფასთან დაკავშირებული ლიბერალური მიდგომა? ამ საკითხების გასარკვევად ბიზნესმენ ვახტანგ ჟორდანიას დავუკავშირდით, რომელიც უკვე გამოეხმაურა პატრიარქის ინიციატივას და მზადაა პროექტში ჩაერთოს.
_ პატრიარქის ახალი ინიციატივაა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და დასაქმების პრობლემის მოგვარება. რამდენად შეძლებს ეს სექტორი დღეს ახალი კადრების დასაქმებას?
ვახტანგ ჟორდანია:
_ შეუძლებელი არაფერი არ არის, მთავარია რა ხელშეწყობა იქნება საპატრიარქოს მხრიდან, თორემ ამ ვითარებაში, რაც დღეს არის, შეუძლებელია ახალი კადრების დასაქმება, რადგან დღევანდელი რთული სიტუაციიდან გამომდინარე ბიზნესი თავისი ხარჯების შემცირებას გეგმავს.
_ ხელშეწყობაში რას გულისხმობთ?
_ ხელშეწყობა იქნება იაფი გრძელვადიანი კრედიტი, ასევე გადასახადების შემცირება სახელმწიფოს მხრიდან და კიდევ, რაც მთავარია, ბანკების ლიბერალიზაცია. სესხები დღეს გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ პირადი ურთიერთობებით, კონკრეტულად უკვე წარმატებულ ბიზნესებზე, რომელთა შედეგებიც უკვე ნათელია. მე ვაპირებ გამოვეხმაურო საპატრიარქოს ამ განცხადებას, მივიდე და ჩავერთო ამ პროცესებში, რაზეც დაწვრილებით შემდეგ ვისაუბროთ.
_ დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ვალუტის კურსის რყევის საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს ატარებს, ლარის კურსის მერყეობის პროცესი დასტაბილურდება და არანაირ გართულებას ადგილი არ ექნება, უფრო მეტიც, როგორც მინისტრი აცხადებს, ეკონომიკური პროცესები არა თუ შეფერხდება, შესაძლოა დაჩქარდეს კიდეც.
_ დღევანდელ ქართულ ეკონომიკაში და პოლიტიკაში რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია, მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვიტყვი, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებს, დოლარის კურსის თამაშმა დიდი ზარალი მიაყენა ბიზნესს, როგორ უნდა ვილაპარაკოთ სტაბილურობაზე, როცა თვითონვე არ არიან ამაში დარწმუნებულნი.
_ ბანკების ლიბერალიზაცია ახსენეთ, სწორედ ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ნარმანიამ ბანკებს უზრუნველყოფის გარანტიებთან დაკავშირებულ პროცედურებში ლიბერალური მიდგომა სთხოვა. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქართული კომპანიები, რომლებიც ფინანსურად ძლიერები ვერ არიან, პროექტი ს განხორციელების პროცესში პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდნენ. რამდენად შეუწყობს ქართული ბიზნესის აღმავლობას და სტაბილიზაციას ასეთი მიდგომა?
_ ეს თხოვნა რომ ერთ-ერთი პიარ აქციაა ნარმანიას მხრიდან უდავოა, რომელ ლიბერალიზაციაზეა ლაპარაკი, როცა ბანკების მხრიდან არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა ჩვენთან მიმართებაში, კონკრეტულად ჩემ ბიზნესთან დაკავშირებით, რა პროცენტსაც ვიხდიდი, არაფერი შეცვლილა, ჭიანურდება კრედიტის გაცემა, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს, მაგალითად, წინა თვეში კრედიტის შევსება მინდოდა ბანკში, თანხმობა მქონდა მიღებული, მაგრამ უპასუხისმგებლობის გამო გაჭიანურდა, რის გამოც მოგვიწია ტვირთზე ჯარიმების გადახდა, ეს მხოლოდ ერთი ფაქტია, ასეთია უამრავი. მე თუ მკითხავ, ბანკების მიმართ არის მკაცრი პოლიტიკა გასატარებელი და არა თხოვნა, რომ ფიქრობენ მთელი საქართველოს ქონების მოხვეჭაზე, უნდა იფიქრონ მის განვითარებაზეც. მე მესმის, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოკიდებულია ბანკებზე და ამიტომ ვერ აკეთებენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება თუ არ გადავიდა მცირე და საშუალო ბიზნესზე, მუდმივად იქნება ქვეყანაში უმუშევრობა, უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები ქვეყანას სოციალურ აფეთქებამდე მიიყვანს.
_ პატრიარქმა განაცხადა, რომ იმისათვის, რომ უმუშევრობა იქნეს დაძლეული, აუცილებელია ხელისუფლება და ბიზნესი იდგეს ერთად. როგორ გესახებათ თქვენ ერთად დგომა?
_ ხელისუფლების დგომა ბიზნესის გვერდით აუცილებელია, მთავარია ამის ნება თუ გააჩნიათ, და მარტო ნება არა, ამის უნარიც უნდა გააჩნდეთ. ფაქტიურად ჩემზე აქტიური მცირე და საშუალო ბიზნესიდან არავინ არ არის, ესეც წარმოშობს იმ პრობლემებს, რაც არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესში, ყველა ჩუმად არის, ვიღაცას რაღაცის ან ვიღაცის ეშინია, ნელ-ნელა ამის გამო ჩვენც უკან-უკან მივდივართ. ყველაფერი კარგად არის – ამის თქმას წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ პრობლემებზე, სახელმწიფოს თანადგომა იმისთვის არის საჭირო, რომ მოისპოს მონოპოლიები, შემცირდეს გადასახადები, გაიცეს კრედიტები და რისკი გადანაწილებული იყოს, შემცირდეს საბანკო პროცენტები, და ასეთი მითითებების გაცემა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. ამისთვის საჭიროა დაჯდომა, შეხვედრები, ამაზე საუბარი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან ისე ხელისუფლებასთან და არა ის, რასაც დღეს აქვს ადგილი.
_ და რას აქვს ადგილი?
_ იკრიბებიან “რედისონში” მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და ხელისუფლების წარმომადგენლები, უკვე რამდენიმე წელია ერთი და იგივე სახეები. ამათ ტვინამდე ვერ დავიდა, რომ ეკონომიკა მცირე და საშუალო ბიზნესზე დგას და არა მსხვილ ბიზნესზე, ამით მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს და არა მთელი ქვეყნის.
_ თქვენ თქვით, რომ აპირებთ პატრიარქის ინიციატივას დაუჭიროთ მხარი, რა ფორმით გააკეთებთ ამას?
_ აუცილებლად მივალ საპატრიარქოში და ყველაფერს დაწვრილებით გავიგებ, მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება გითხრათ კონკრეტულად რას და როგორ გავაკეთებ.
ცნობისთვის, პატრიარქის ინფორმაციით, დღეს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შრომისა და ბიზნესის საკითხებზე ლექცია ჩატარდება. როგორც კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია აცხადებს, ეს იქნება პირველი მოთელვითი შეხვედრა, რომელიც გადაწყვეტს რაა ფორმატით წარიმართება შემდგომი შეხვედრები და თანამშრომლობა.