“მუნიციპალიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტული ინვენტარი არ შეესაბამება მისი საქმიანობის სფეროს, ხოლო იმ ვითარებაში, როდესაც უსახსრობის გამო მუნიციპალიტეტს არ გააჩნია შესაბამისი პირობები თავისი ფუნქციების სრულფასოვანი შესრულებისათვის, პირადი მოხმარებისათვის სპორტული ინვენტარის შეძენა მიანიშნებს ბიუჯეტური სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე,“ _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
დმანისის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის სხვა შემთხვევებიც გამოვლინდა. მაგალითად, კომპიუტერული პროგრამების ჯერ შესყიდვა და შემდეგ წაშლა, რასაც ორჯერ ჰქონდა ადგილი.
2009 წლის 11 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტით “მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების დაარსებისა და დმანისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების” ფარგლებში, 4 000 ათას ლარად მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს პროგრამული უზრუნველყოფის კომპიუტერული სისტემა შეიძინა. აღნიშნული განყოფილების თანამშრომლების განმარტებით, კომპიუტერული პროგრამის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ მოწესრიგდა დოკუმენტბრუნვა, შეიქმნა შემოსული და გასული წერილების, მოქალაქეთა განცხადებებისა და შიდა დოკუმენტების ერთიანი მონაცემთა ბაზა, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოქალაქეთა მომსახურების პირობები. 2011 წლის 22 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მოულოდნელად გაუქმდა მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება, კომპიუტერული პროგრამა კი წაიშალა.
“მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების დაარსებისა და დმანისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების” პროექტის ფარგლებში ასევე გახარჯულია 13 000 ლარი, რაც წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულ არაეფექტიან ხარჯს.
2008 წლის 16 აპრილს მუნიციპალიტეტმა შპს “ართიგონისაგან” 10 000 ლარად შეიძინა სახაზინო (საბიუჯეტო) კომპიუტერული პროგრამა. აღნიშნული პროგრამით მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა 2008-2009 წლებში სარგებლობდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შიდა სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა ქსელის გათიშვა და სისტემის წაშლა.
ავტობუსების შესყიდვა
2009-2011 წლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სამგზავრო ტრანსპორტით უზრუნველყოფდა შპს “დმანისტრანსპორტი”, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი თავად მუნიციპალიტეტი იყო. შპს “დმანისტრანსპორტს” 2009 წელს ერიცხებოდა სამი ავტობუსი. ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ გააჩნია შიდა მიმართულების
მარშრუტები, შპს “დმანისტრანსპორტი” მუნიციპალიტეტის დაკვეთით (სუბსიდიური დაფინანსებით), საჭიროების მიხედვით, უფასო მომსახურებას უწევდა სტუდენტების, ვეტერანების, დევნილებისა და სოციალურად დაუცველთა მგზავრობას, რისთვისაც, შპს “დმანისტრანსპორტის” ყოფილი დირექტორის განმარტებით, მათ მფლობელობაში მყოფი ავტობუსები სრულიად საკმარისი იყო.
ამის მიუხედავად, 2009 წელს მუნიციპალიტეტის გამგებელ ბაკურ მგელაძის ბრძანებით, შიდა მიმოსვლისათვის შეიძნეს ოთხი ახალი “ბოგდანის” მარკის ავტობუსი, საერთო ღირებულებით – 270.0 ათასი ლარი.
2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნული ავტობუსები (ორ სხვა ავტომანქანასთან ერთად, სულ – 9 ერთეული) 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა ი/მ “ალექსი მუჯირიშვილს” – შპს “დმანისტრანსპორტის” ყოფილ დირექტორს, წლიური საიჯარო ღირებულებით – 16.1 ათასი ლარი. მიუხედავად 10 წლიანი იჯარისა, ერთ წელიწადში, კერძოდ, მგელაძის 2012 წლის 13 დეკემბრის ბრძანებით, საიჯარო ხელშეკრულება გაუქმდა, რის შემდეგ მოიჯარისათვის გადაცემული 7 ავტობუსიდან მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა 4, ხოლო 3 ავტობუსი, რომელიც საიჯარო პერიოდში გამოვიდა მწყობრიდან, ჯერჯერობით ი/მ “ალექსი მუჯირიშვილის” განკარგულებაშია, საჭიროებს შეკეთებას და მუნიციპალიტეტს უნდა დაუბრუნდეს.
აღსანიშნავია, რომ იჯარით გაცემული სატრანსპორტო საშუალებების წლიური ცვეთის ხარჯი შეადგენს – 64.3 ათას ლარს, ხოლო მათი გაქირავებით მიღებული საიჯარო შემოსავალი შეადგენს მხოლოდ – 16.1 ათას ლარს, რაც ოთხჯერ ნაკლებია სატრანსპორტო საშუალებების ცვეთის ხარჯთან შედარებით.
დმანისის მუნიციპალიტეტის 2009-2012 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გუშინ გამოაქვეყნა.