უფლებადამცველთა უმრავლესობა განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების ვალდებულება კანონმდებლობით საგამოძიებო უწყებებს და პროკურატურას აქვს, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა საქმე თავად პროკურატურის მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას ეხება?! – ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.
არის თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი გამოძიების დასაწყებად, ვინ უნდა აწარმოოს გამოძიება და რამდენად დამაჯერებელია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, ამ საკითხებზე “გურია ნიუსი” იურისტებს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე განცხადება 17 დეკემბერს გააკეთა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა გამოძიება დღემდე არ დაწყებულა, რაც ექსპერტების შეფასებით, კითხვის ნიშნებს აჩენს.
მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას “პოლიტიკურად მომგებიან” საკითხად აფასებდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა აღნიშნავდა, რომ ამისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი იყო საჭირო.
“ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე გამოძიება დაიწყოს. ამ შემთხვევაში საზოგადოება სრულ სიმართლეს დაინახავს. თუმცა, პროკურატურა პოლიტიკური შემადგენლით გამოძიებას ვერ დაიწყებს, მას სჭირდება სამართლებრივი საფუძველი. საქმის მნიშვნელობის მიუხედავად, კანონდარღვევა დაუშვებელია, რადგან კანონი ერთმნიშვნელოვანდ ამბობს, რა შემთხვევაში შეიძლება ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება. იმ კონკრეტულ შემთხვევებში, რომლებზეც “ნაციონალები” აპელირებენ, ვიდეოჩანაწერი ოჯახის წევრებს ვაჩვენეთ, რადგან საქმე იყო აღძრული, პროკურატურამ დაგვრთო ნება და ეს პროცედურა გავიარეთ, რაც შეეხება მერაბიშვილის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებას, ამასაც აქვს თავისი წესები. თუ მე ვიდეომასალას ამ წესების დაცვის გარეშე გავასაჯაროებ, ჩემს წინააღმდეგ უნდა აღიძრას საქმე”.
“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი თამარ გაბისონია “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ “სასჯელაღსრულების სამინისტროს გენინსპექციას სამსახურებრივი შემოწმება აქვს ჩატარებული, რაც წინასწარი გამოძიება არ არის და არც საკმარისია კონკრეტული შედეგის მისაღებად”.
“საქართველოს კანონმდებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს შესაბამის ორგანოებს აწარმოონ წინასწარი გამოძიება. შემოწმება არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ უარი თქვან წინასწარი გამოძიების წარმოებაზე. შესაბამისად, გამოძიება უნდა დაწყებულიყო და ამის ვალდებულება საგამოძიებო ორგანოს კვლავ აქვს. შემდგომ უნდა მიიღოს პროკურორმა გადაწყვეტილება ჰქონდა თუ არა დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი და უნდა გაგრძელდეს თუ არა საქმის წარმოება. თუკი პროკურატურა ამას არ აკეთებს, მაშინ ის პირდაპირ არღვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობას,” _ აცხადებს გაბისონია.
ვანო მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნამ სრულად ვერ გასცა პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს.
“მე მოვისმინე განცხადება, რომელიც გაკეთდა სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან. ვფიქრობ, კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით კვლავ არსებობს, ამიტომ ჩვენ კვლავ ვიმეორებთ გამოძიების დაწყება აუცილებელია, ანუ აუცილებელია პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, რომ კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს, რაღაცნაირად მოგვარდეს. მე ამ განცხადებით კვლავ დამრჩა ბევრი კითხვა,” _ აღნიშნავს ნანუაშვილი.
გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე და სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე საუბრობს საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე.
“მერაბიშვილის განცხადების გავრცელებისთანავე ვამბობდით, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო და ამას საქართველოს კანონმდებლობა ნათლად ავალდებულებდა ერთის მხრივ სასჯელაღსრულების სამინისტროს და მეორე მხრივ, პროკურატურას, რომ გამოძიება დაწყებულიყო და არა რაღაც სამსახურებრივ შემოწმებაზე. ის, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ გააკეთა, ეს გამოძიება არ არის. ძალიან საწყენია, რომ საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულება არც სასჯელაღსრულების სამინისტრომ და არც პროკურატურამ არ შეასრულა. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მოკვლევის შედეგად გავრცელებულ განცხადებას, რომ ჩანაწერებში მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა. ყველას გვახსოვს, რომ სოზარ სუბარმა თავდაპირველად გააკეთა განცხადება, რომ ჩანაწერები 10 დღის ვადით ინახება. დღეს სამინისტრო ამბობს, რომ ჩანაწერები 24 საათში წაიშალა. ანუ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაა და ერთ-ერთი აქედან აუცილებლად მცდარია. ამასთან მინისტრი ამბობდა, რომ ჩანაწერების ნახვისთვის საჭიროა გამოძიების დაწყება, მაგრამ ამის მიუხედავად ჩანაწერები მაინც ნახეს. სამწუხაროა, როცა ასეთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე მსგავსი განცხადებები კეთდება. არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც აინტერესებთ გამოძიების შედეგი, რაც მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს საგამოძიებო ორგანოებს,” _ აცხადებს კოჟორიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქმის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნაზეც თანხმდებიან, თუმცა აცხადებენ, რომ კანონით პირდაპირი ვალდებულება იმისა, რომ პარლამენტმა გამოძიება დაიწყოს, არ არსებობს.
“საპარლამენტო კომისია ლეგიტიმაციის ხარისხით უფრო მაღალ დონეს გულისხმობს. მაგრამ გვინახავს ბევრი საგამოძიებო კომისია, რომლის მუშაობაც არაეფექტური იყო. მაგრამ თუკი შეიქმნება ისეთი საგმაოძიებო კომისია, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია. მაგრამ ამას დიდი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება, რაც შესაძლოა დროში გაჭიანურდეს. ამიტომ პირველ რიგში, გამოძიება იმან უნდა აწარმოოს, ვისაც ეს კანონით ევალება. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტური იქნება გამოძიება პროკურატურის მხრიდან, როდესაც საქმე თავად ყოფილ პროკურორს ეხება. ეს არის დილემა, რომელზეც დიდხანს ვფიქრობდით, ვის უნდა ეწარმოებინა ეს გამოძიება. თუმცა კანონით ვალდებული პირები სწორედ საგამოძიებო ორგანოები და პროკურატურა არიან რომლებმაც უნდა დაიწყონ, აწარმოონ გამოძიება და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის ამა თუ იმ ეტაპზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ დამოუკიდებელი ორგანო არსებობდეს, რომელსაც არანაირი ინტერესი არ ექნება, რომ მიიღოს მიკერძოებული ან არაობიექტური გამოძიება,” _ აცხადებს თამარ გაბისონია.
“რამდენად მიზანშეწონილია პარლამენტის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნა საკითხის გამოსაძებლად, ეს ცალკე საკითხია და ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება იმას, ვინ უნდა გამოიძიოს საქმე, ამაზე პასუხს სცემს იუსტიციის მინისტრის მიერ 2007 წელს მიღებული ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურორის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა გამოიძიოს პროკურატურის გამომძიებელმა. სხვა საკითხია, რამდენად სწორი ჩანაწერია ეს, მაგრამ გამოძიება პროკურატურას მაინც უნდა დაეწყო. ვფიქრობთ, რომ ეს წესი თავისთავად არ არის სწორი და შესაძლებელი იყო ჩვენი კანონმდებლობით სხვა წესი დადგენილიყო, რადგან ის ეწინააღმდეგება იმ სტანდარტს, რასაც გამოძიება უნდა აკმაყოფილებდეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ უთქვამს, რომ როცა ერთი უწყების წარმომადგენელი სამართალდარღვევას სჩადის, ეს ქმედება იმავე უწყებამ არ უნდა გამოიძიოს. დიდი იურისტობა არ არის საჭირო იმის მისახვედრად, როცა რიგითი გამომძიებელი იწყებს გამოძიებას მთავარ პროკურორზე, მისი გამოძიება ობიექტური რომ ვერ იქნება. ერთი გამოსავალი არის ის, რომ წესი შეიცვალოს და გამოძიება შემდეგ დაიწყოს, ან შეიქმნას უწყება, რომელიც დამოუკიდებელი იქნება და პარლამენტს დაექვემდებარება. ასეთი საგამოძიებო ორგანოს შექმნა კი მომავლის ამბავია, მთავარი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ის კანონი მაინც დავიცვათ რაც დღეს მოქმედებს და პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. რაც შეეხება, გამოძიების პროცესში შსს-ს ჩართვას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან იუსტიციის მინისტრის ბრძანება პროცესში შსს-ს მონაწილეობას არ ითვალისწინებს,” _ უთხრა კოჟორიძემ “გურია ნიუსს”.
მიუხედავად უფლებადამცველთა მოთხოვნისა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, მთავარი პროკურატურა გამოძიების დაწყებას მაინც არ აპირებს.
როგორც “გურია ნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა თეიმურაზ დოლიძემ განუცხადა, “მთავარი პროკურატურა ისევ თავის პოზიციაზე რჩება და გამოძიების დაწყებას არ აპირებს“.