ჩემს საკარმიდამო ნაკვეთზე, აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდის ყანა, კარგა ხანია, გადასცდა მოროდის (მეორე თოხნის) ფაზას, ჯერ ქოჩოჩი დაიმშვენა და მერე ულვაშიც დაიმშვენა.
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ და აუცილებელ საოჯახო-სამეურნეო საქმეს, რასაც სიმინდის მოყვანა ჰქვია, ჩვენ კიდევ ერთხელ, მომავალ შემოდგომაზე, სექტემბერში გავიხსენებთ.
ამ პრინციპული პოზიციის მიზანია, სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს დავუმტკიცოთ, რომ აბაშური ყვითელი ჯიშის სიმინდი საქართველოში კიდევაც მოჰყავთ და მისგან გამომცხვარ მჭადსაც შესანიშნავადაც მიირთმევენ.
გასულ გაზაფხულზე, გურიაში კვეზერელის ვოიაჟიდან ცოტა ხნის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სიმინდის აპოლოგია, სატელევიზიო გამოსვლის დროს, ლამის, ტერტულიანეს პოზაში წარმოთქვა: “იმდენად გაუნათლებლები არიან, რომ ასე გაიძახიან: არ გვინდა ამერიკული სიმინდი, დაგვიბრუნეთ ჩვენი ძირძველი სიმინდიო. თითქოს, ის სიმინდი არ იყო ამერიკული… თუ ჩინგაჩგუკი იყო ქართველი? სიმინდი ინდიელებისგან არ გადმოიღეს?”.
საქართველოში მცხოვრებმა “გაუნათლებლებმა,” ანუ სოფლის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც მიწასთან მუშაობს, სხვა თუ არაფერი, ის ნამდვილად იცის, რომ სიმინდი ამერიკული წარმოშობისაა, განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისგან, რომელიც საკუთარი ამერიკული წარმომავლობის თუ მიმდევრობის მტკიცებისას, ხშირად ვარდება ხოლმე ღამურას დღეში.
კვეზერელის ქირქილის _ “შენ თუ ერთი-ორ კილო აბაშურ ყვითელ სიმინდს მაინც სადმე მაჩვენებ…”, გაქარწყლება ჩემი საოჯახო საქმიანობის ერთ-ერთ პრინციპულ პოზიციად იქცა _ “მხილებისას” ანუ შემოდგომაზე, ჩვენ ბაკურ კვეზერელს აბაშური ყვითელი სიმინდის ისეთ რაოდენობას წარვუდგენთ, ხარისხისა და გემოს დაცვით, წიწილებივით დათვლა ნამდვილად გაუჭირდება.
საქართველოს დაბლობი ზონის სიმინდის ადგილობრივი ჯიში _ აბაშური ყვითელი, ძველი კაჟა ტიპის ჯიშების, შემდგომში შემოტანილი კბილა ტიპის ჯიშებთან ბუნებრივი შეჯვარებით და ხალხური სელექციის გზით არის მიღებული. მისი სიმაღლე ახლა, ჩემს საკარმიდამო ნაკვეთზე, სამ მეტრს აღწევს. იგი ჩაწოლის მიმართ გამძლეა, ნოყიერ ნიადაგს ითხოვს და ყვითელმარცვლიან ჯიშებსა და ჰიბრიდებს შორის, პირველ ადგილზეა, შესანიშნავია საჭმელად, დაავადების და მავნებლების მიმართ საკმაოდ გამძლეა _ ჩემი დაკვირვებით, ბუშტოვანა, გუდაფშუტა ან სხვა რამ დაავადება ჯერ არც ერთ ძირზე არ შემინიშნავს.
ამ შემოდგომაზე აბაშური ყვითელით, რომლის მოსავლიანობაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება (თუ შარშანდელივით ხვატარმა თავგანწირულად არ შემოგვიტია), ალბათ, ჩვენს ყმაწვილ მინისტრს მორცხვად მაინც გავაწითლებთ.
თუმცა, ახლა იგი ახლა მორიგ შეტევას მოცვის გასამრავლებლად ახორციელებს.
“მოცვის მოსაჯიშებლად მოიცალა, ნენა! ვაკიჯვრის ტყეში წამოგვყვეს ერთხელ, ორმოსავლიანი მოცვის ნაყოფით ავუვსებთ უბეს და თუ ისურვებს, გოდორსაც. კაი იქნება, თუ ამ გოდორს ზურგზე მოიკიდებს და სამანქანე გზამდე ჩეიტანს. იქნებ, მერე მაინც მიხვდეს, საქართველოს ტყეებში რა ჯიშის და ხარისხის მოცვი ხარობს და თურაშაულის პატრონმა ტყეში პანტის ძებნა არ დეიწყოს,” _ ამბობენ ჩინგაჩგუკზე უხნესი ამაყი გურულები.